ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, რომელთა უმთავრეს ამოცანას ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს.
ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.
ჩვენი საქმიანობის კონტექსტში, ეს გულისხმობს უწყვეტ ბრძოლას სოციალური მუშაკების შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სერვისები. ჩვენ არ დავბრუნდებით წარსულში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იტანჯებოდნენ სოციალური იზოლაციით, ბავშვები იზრდებოდნენ ძალადობისა და უგულებელყოფის ქვეშ დიდი ზომის ინსტიტუციებში, ხოლო ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობები. სოციალური მუშაობის საჭიროება საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტია და მისი უგულებელყოფა მიუღებელია.
ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ პოლიციური სისტემა უხეშად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, არღვევს მათ ღირსებასა და ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი და მოხდეს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის სამართლიანი და დროული გამოძიება და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.
ამავდროულად, მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული მოქალაქის უფლება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე.
ჩვენ გვჯერა, რომ თანასწორი და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება მხოლოდ ევროპული გზით შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომაც, სოციალური მუშაკები მტკიცედ ვდგევართ ევროპული ღირებულებების და ქვეყნის მომავლის დაცვისთვის!!!
ხელმომწერი პირები იხილეთ ბმულზე:
(განახლებადი)
https://docs.google.com/spreadsheets/d/11xYDasbIz591x3UsreFP4s9ziq3-msM19nmkxAajhjQ/edit?usp=sharing