სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივები

                                   ” ჩვენი ოპონენტები მართლები იყვნენ,როცა ხვდებოდნენ,

                                                                                რომ ჩვენ მეტი გვინდოდა”-  ელის სალომონი

პროფესიათა ისტორიულ ექსკურსებში სოციალური მუშაობისა და ფემინიზმის ურთიერთმიმართება უნიკალური გამოცდილებაა. სოციალურ სამუშაოში ფემინისტური ღირებულებები არცერთი “ტალღის” გამოძახილი არ ყოფილა -“მიწაზე მყარად მდგომი რეალისტებისა” და ნათელი ხედვის მქონე იდეალისტების” ფილანტროპული მიზნების განხორციელება იმთავითვე “თავისუფლებისა” და “თანასწორობის” იდეით დაიწყო. ეს შემთხვევითი როდი გახლდათ. პიონერი სოციალური მუშაკები არა მხოლოდ ხედავდნენ და იაზრებდნენ, არამედ თავად განიცდიდნენ პატრიარქალური წყობის მანკიერ გავლენებს  – ბოლოს და ბოლოს, თავადაც ხომ ქალები იყვნენ. სალომონის კვალად,სოციალური მუშაობის სკოლებისადმი უნდობლობის მიზეზი  სწორედ პროფესიის შთამბეჭდავი ფემინისტური ხასიათი გახლდათ. საზოგადოებას ეშინოდა იმ ქალებისა,რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს სტატუს-კვოს. მართლაც, მათ მეტი სურდათ – ცხადია – ყველასთვის. აშშ-ს “ყველაზე საშიშ ქალად ” გამოცხადებულ ჯეინ ადამსს,პოლონელ ჰელენა რადინსკას, ელის სალომონსა და მერი რიჩმონდს,თანამოაზრეთა დიდ გუნდთან ერთად,უნდოდათ დამხმარე სამსახურეობრივი პოზიციებისგან თავის დაღწევა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა საზოგადოებაში – ასე გაჩნდა  “ოაზისები ჩაგვრის უდაბნოში” . სოციალური მუშაკები თამამად იმაღლებდნენ ხმას ისეთ საკითხებზე,როგორებიცაა – ქალთა საარჩევნო უფლებები,ოჯახური, სამსახურეობრივი თუ ეკონომიკური გამოწვევები.ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შედარებითი ღირებულება წარმოადგენდა,რაც მსგავსი საქმიანობის შესრულებისთვის ქალისა და მამაკაცის თანაბარი ხელფასების უზრუნველყოფას გულისხმობდა.

ზოგიერთ პროფესიაში ფასეულობათა სისტემა დროში სწრაფად ქრობადი ილუზიაა,სოციალური მუშაობა ამ მხრივაც ღირსეულ გამონაკლისს წარმოადგენს. პროფესიის ფემინისტური ხაზი წლებსა და გამოცდილებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა, ფემინისტური თეორიების გავლენით დაიხვეწა და გადაიხედა უკვე არსებული მიდგომები თუ პერსპექტივები. დღემდე, და დღეს კიდევ უფრო – სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის როლი, განუზომელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეს კი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. სოციალური მუშაკები ქალთა ჩაგვრასა და გენდერულ უთანასწორობას ხედავენ მასშტაბურად, განსაზღვრავენ მას, არა  როგორც ქალების პირად პრობლემას, არამედ – საზოგადოების ერთიან საზრუნავს. ფემინისტური სოციალური მუშაობის არსიც ესაა – ის აფასებს პიროვნულ საჭიროებებსა და იერარქიულ სისტემაში ქალის მდგომარეობას ერთობლივად.

შესაბამისად,სოციალური მუშაკები აქტიურად ირგებენ განმანათლებლის როლს, რათა  სოციუმის თითოეულ წევრამდე მიიტანონ თანასწორი სისტემის შექმნის აუცილებლობის წუხილი. ამასთანავე, განმანათლებლის როლი მოიცავს ქალების ინფორმირებულობის დონის გაზრდას  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – მესაკუთრეობა, დასაქმებისა და განათლების  შესაძლებლობები, შრომითი უფლებები, ფიზიკური ჯანმრთელობა და სხვ. გარდა ამისა,სოციალური მუშაობის უმთავრეს ნაწილს გაძლიერებაზე ორიენტირებული პრაქტიკაც წარმოადგენს, რაც ფემინიზმის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფოკუსირდებიან რა, ინდივიდთა ძლიერ მხარეებზე, სოციალურ მუშაკები ეხმარებიან ქალებს აღიდგინონ საკუთარი თავის რწმენა, გამოიმუშავონ გამოწვევებისადმი დამოუკიდებლად გამკლავების უნარები და ხელს უწყობენ თითოეული ინდივიდის საჭიროებისა  და რესურსების თანხვედრას. არ უნდა დავივიწყოთ ისიც,თუ როგორ დაიწყეს სოციალურმა მუშაკებმა ქალთა უფლებების დაცვა – ადვოკატობა სწორედ ის ფუნქციაა, რომელსაც ამ პროფესიის წარმომადგენლები დღემდე წარმატებით ასრულებენ.

სოციალურ მუშაკებს პროფესიული მანდატი აკისრებთ მოვალეობას განახორციელონ სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები და ამავდროულად ,დარჩნენ “ხაზზე” თითოეულ ინდივიდთან, რომელთა ცხოვრებაზეც ეს ცვლილებები იმოქმედებს.

დასასრულს კი, ერთ საინტერესო საკითხზეც დავფიქრდეთ. სოციალური მუშაკებისთვის თანასწორობითვის ბრძოლა, პირველ რიგში, პირადი ომია. ქალები,რომლებიც კვლავაც ამ პროფესიის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, ყოველდღიურად  უპირისპირდებიან პატრიარქალური სამყაროს  გადმონაშთებს. შესაბამისად, ქალი სოციალური მუშაკები იბრძვიან საზოგადოების ჩაგრული წევრების დასაცავად და ამავდროულად, პირადი უფლებებისთვისაც. შესაძლო ცვლილებების მასშტაბი კი ზრდის მათ  მოტივაციასა და პასუხისმგებლობას.

და მაინც, ამ “ერთ ნავში სხდომის” სარგებელი უფრო მეტია, თუ კაცების პასიური როლის ზიანი სოციალურ მუშაობაში ფემინიზმის გაძლიერების კუთხით, ამას  პროფესიის შემდგომი განვითარება უკეთ დაგვანახებს.

ბლოგის ავტორი: მარიამი ბურჯანაძე

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *