სოციალური მუშაობა -ფემინისტური პროფესია ქალთა გაძლიერებისთვის

ყველა სოციალური მუშაკი ფემინისტია!

სოციალურ სამუშაოს და ფემინიზმს, საერთო ფასეულობათა ღერძი აქვთ და იზიარებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და პატივისცემა, თავისუფლება, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა. შესაბამისად, შეუძლებელია, გერქვას სოციალური მუშაკი და არ გაწუხებდეს ის უსამართლობა, უთანასწორობა და ჩაგვრა, რომელსაც განიცდიან ქალები პატრიარქალურ სამყაროში. სოციალურ სამუშაოში, განსაკუთრებით, რთულია იყო ინდიფერენტული გენდერული უთანასწორობის მიმართ მაშინ, როდესაც ამ პროფესიის წარმომადგენელები, ძირითად შემთხვევაში, არიან ქალები. ქალი სოციალური მუშაკები, რომლებსაც, პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის გარდა, პირადი გამოცდილებაც ავალდებულებთ იბრძოლონ, როგორც სხვა ქალების, ამავდროულად, საკუთარი უფლებებისთვისაც. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ბოლო დროს, პოზიტიურად იცვლება სიტუაცია და სოციალურ სამუშაოს პროფესიას კაცებიც აქტიურად ეუფლებიან, სოციალურ მუშაკებად, ძირითადად, მაინც ქალები არიან წარმოადგენილნი. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩა, ჩვენს საზოგადოებაში ჩაშენებულ, გენდერული სტერეოტიპების გადამამუშავებელ მექანიზმს, რომელმაც ეს საქმიანობა გადაამუშავა და გამოუშა იარლიყით ,,სოციალური სამუშაო- ქალების პროფესია!”. რაც იმთავითვე არასწორი ნარატივია და პროფესიების სქესის ნიშნით დიფერენციაციის, წარსულიდან გადმონაშთ, მანკიერ პრაქტიკას გვახსენებს. თუმცა, მოდი დავფიქრდეთ და შევხედოთ ამ მოცემულობას მეორე მხრიდან (ქალთა მაღალი ხვედრითი წილი სფეროში) და დავინახოთ ეს არა როგორც პრობლემა, არამედ, როგორც შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სასიკეთო ცვლილებების წამოწყებას და ქალთა გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით. 

რატომ სოციალური მუშაკები?

სოციალურ მუშაკებს აქვთ იმის დიდი პოტენციალი, რომ იბრძოლონ ქალთა გაძლიერებისთვის და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის. ეს ადამიანები, ყოველდღიურ საქმიანობაში, იბრძვიან თანასწორობისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი საზოგადოების შექმნისთვის და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მთელი რიგი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გამო, არიან განსაკუთრებით მოწყვლადნი. ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ,,ჩაგრულთა’’ სეგმენტს, ხშირად, რომ სწორედ ქალები წარმოადგენენ. ქალები, რომლებიც არიან მსხვერპლნი არა მხოლოდ საკუთარ ოჯახში, არამედ, საზოგადოების, კულტურის და ზოგადად, სისტემის პოლიტიკის დონზე. 

სოციალური მუშაკებისთვის, განსაკუთრებით ნაცნობი და ხილვადია ის პრობლემები, რასაც ქალები განიცდიან. მათ ყოველდღიურად უწევთ ისეთი შემთხვევების მართვა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ დავებთან, სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან, ფემიციდის შემთხვევებთან და სხვა. სოციალური მუშაკები ხედავენ, რომ ის პრობლემები, რომელიც ქალებს აწუხებთ, არ წარმოადგენს მათი, როგორც კონკრეტული პიროვნებების გამო წარმოქმნილ პრობლემებს. არამედ, ესაა პროლემა, რომლის გამომწვევი მიზეზები უფრო ფართოდ, ფესვგადგმულ, მჩაგვრელ პატრიარქატის სიღრმეებში უნდა ვეძებოთ; გენდრული თანასწორობის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალებისთვის ,,პირადი არის პოლიტიკური”. სოციალური მუშაკები, ასევე კარგად ხედავენ (უნდა ხედავდნენ) რომ მარწუხები, რომელსაც პატრიარქალური სამყარო უსამოართლოდ უჭერს ქალებს და ,,პრივილეგიები”, რომელიც უპირობოდ უანდერძა პატრიარქატმა კაცებს, მათთვისაც არანაკლებ მტკივნეულია. სწორედ აქ იკვეთება სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლიც, რომ მან შეძლოს, ბენეფიციარებისთვის ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე. კაცებმაც უნდა გაიაზრონ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევით, რეალურად, მათაც შეუძლათ ძალიან ბევრი ბენეფიტის მიღება; რომ სტერეოტიპები და გენდერული როლების გადანაწილება, უარყოფით გავლენას ახდენს, ნებისმიერი სქესისი წარმომადგენლის, პიროვნულ ფასეულობებზე და ინდივიდის განვითარებაზე

სოციალური მუშაკები, პროფესისი ფართო სპექტრიდან გამომინარე, აქტიურად არიან წარმოდგნილნი სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაც შეიძლება მეტ სფეროში, მეტი მიმართულებით მოხდეს, გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ, სოციალური მუშაკების ერთობლივი გააქტიურება. სოციალური მუშაკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფასეულ როლს, ადვოკატირება წარმოადგენს. ამისთვის ამ პროფესიის ადამიანები ფლობენ შესაბამის ცოდნას, ინსტრუმენტებს და პიროვნულ ღირებულებებს, რათა აქტიურად გაუწიონ ქალებს მხარდაჭერა ადვოკატირების პროცესში, როგორც ინდივიდუალურ, ასევე, მაკრო დონეზეც. გარდა ადვოკატირებისა, სოციალურმა მუშაკებმა, ასევე, უნდა შეითავსონ განმანათლებლის როლიც და ცნობიერების ამაღლების კუთხით, არაფორმალური განათლების მეთოდებით/ტრენინგებით, მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთ ბენეფიციარ ქალებსა და გოგოებს, ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებულია: სექსუალური განათლება, რეპროდუქციული ჯანმრთლეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული თანასწორობა და ა.შ; გააცნოს და დააკავშიროს ისეთი სერვისების პროვაიდერ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია ბენეფიციარების ჩართულობის ხელშეწყობა ისეთ პროგრამებში, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად, იქნება ეს მცირე ბიზნესის წამოწყება, თუ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითრება. ოჯახებთან კონსულტირების დროს, ფემინისტური თეორიისა და ოჯახის თერაპიის მნიშნელოვან კონცეპტებზე დაყრდნობით, სოციალურმა მუშაკმა უნდა შეძლოს, გენდერული როლების ,,სწორი” გადანაწილების წახალისება. თემთან მუშაობის დონეზე, ხელი შეუწყოს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფორმირებას და მათ გაძლიერებას. 

გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე, სოციალური მუშაკი უნდა იყოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი და მხარდამჭერი მისი ბენეფიციარისთვის. ინტერევნციის შედეგად, ქალებმა უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება, საკუთარ თავის რწმენა და იმ ძალის/უნარების აღმოჩენა, რომელიც შემდგომ, მათ გააძლიერებს იმ დონეზე, რომ თავად გახდნენ ცვლილებების ინიციატორნი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, მათ გარშემო არსებულ მცირე თემსა, თუ უფრო ფართო საზოგადოებისთვის. სამუშაოს მრავალფეროვნებიდან და ღირებულებათა სისტემიდან გამომდინარე, რაც სოციალურ სამუშაოს გააჩნია, სოციალურ მუშაკებს აქვთ პოტენციალი, რომ სწორედ, ისინი იყვნენ ერთ-ერთი მთავრი აქტორები იმ ცვლილებებისა, რომელიც გენდერული უთანასწორობის დაძლევას და ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ სოციალური მუშაკი ცდილობს, მისი ბენეფიციარის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, ამავდროულად, ის იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის და პატრიარქალური სამყაროდან ემანსიპაციისთვის. სოციალური მუშაკი და ბენეფიციარი(ები), შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელნი. ქალები, რომელბიც ერთმანეთის სოლიდარობით, უპირობოდ აფასებენ ქალის პირად გამოცდილებებს; ქალები, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს, იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის. სოციალური მუშაკისთვის გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა, არამხოლოდ პროფესიული, არამედ მისი პირადი ბრძოლაცაა. ბრძოლა საკუთარი უფლებების და თავისუფლების დასაცავად, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ!

ბლოგის ავტორი: მაგდა მოდებაძე

One Response

  1. Davit ამბობს:

    👍👍👍

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.