ანტიოპრესიული პრაქტიკა სოციალურ მუშაობაში

ავტორი: ნინო რეხვიაშვილი

შესავალი

ანტიოპრესიული სოციალური მუშაობა არის მიდგომა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს სოციალური ძალაუფლების დისბალანსისა და მჩაგვრელი სტრუქტურების გავლენა ინდივიდებსა და თემებზე და მათი ცვლილებით ხელი შეუწყოს სოციალური სამართლიანობასა და თანასწორობას. ანტიოპრესიული მიდგომა სოციალური მუშაობის გამოგონება არ არის,  ის ისეთივე ძველია, როგორც თავად ჩაგვრა. რასაკვირველია, ამას ყოველთვის არ ეძახდნენ „ანტიოპრესიულ პრაქტიკას“, მას უბრალოდ ერქვა იმის გაკეთება, რაც მართებული იყო. სხვადასხვა საზოგადოებები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესების განხორციელებაში. მართლაც, ძირძველი ტრადიციები, რომლებიც ასობით და შესაძლოა, ათასობით წლით თარიღდება, საუბრობენ მშვიდობისმყოფელებზე, რომლებმაც შეიმუშავეს გზები, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ჰარმონიაში სამართლიან სოციალურ სისტემასთან ერთად (Alfred, 1999; Porter, 2008).

მსოფლიო ისტორიაში არსებულმა მრავალმა სოციალურმა, ეკონომიკურმა თუ პოლიტიკურმა პროცესმა ხელი შეუწყო  სოციალური მუშაობის როგორც პროფესიის განვითარებას, ხოლო შემდეგ კი ანტიოპრესიული სოციალური მუშაობის ფორმირებას.

1960-ანი წლები ევროპისა და აშშ-სთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ფემინისტურმა აზროვნებამ გადადგა დიდი ნაბიჯები – ქალთა თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების საკითხებიმყარად დამკვიდრდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. რასობრივმა დისკრიმინაციამ და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრამ მიიპყრო პოლიტიკური, მედიისა და საზოგადოების ყურადღება. მართლაცეს იყო ათწლეული, რომელიც ხასიათდებოდა „ცნობიერების ამაღლების“ ცნებით. ამ პროცესების პარალელურად სოციალურმა მუშაობამ ფსიქოდინამიური მიდგომიდან (სადაც აქცენტი კეთდებოდა ინდივიდზე, მის გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე და ინსაითი იმ დროს განიხილებოდა, როგორც პირველადი მიზანი და ინტერვენციის მთავარი სტრატეგია), დაიწყო სოციალურ პროცესებზე აქცენტის გაკეთება. 1970-იანი წლების ბოლოს, 1980-ანი წლების დასაწყისში სოციოლოგიაში ფემინიზმის, გენდერის და რასიზმის საკითხებისადმი ინტერესი სოციალურ მუშაობაშიც აისახა. 1990-ანი წლებში გაიზარდა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერება. მოგვიანებით კი საფუძველი ჩაეყარა უთანასწორობის მოგვარების ახალ გზას  – „მრავალფეროვნების მიდგომას“, რომელიც ხასიათდება ორი ძირითადი მახასიათებლით: 1. მრავალფეროვნება (განსხვავებულობა) საზოგადოების ღირებული მახასიათებელია, რომელიც ამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. 2. უსამართლო დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა არის პრობლემა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უკანონო. ამ მხრივ, მრავალფეროვნების მიდგომა ბევრად სცილდება ტრადიციული თანაბარი შესაძლებლობების მიდგომას, რომელიც ძირითადად შეზღუდულია კანონმდებლობითა და მასთან შესაბამისობით (Okitipki & Aymer, 2010).

რა არი დისკრიმინაცია?

დისკრიმინაციის პირდაპირი მნიშვნელობა არის განსხვავების იდენტიფიცირება. როგორც ასეთი, ეს სულაც არ არის უარყოფითი ტერმინი. მაგალითად, უსაფრთხო საკვებსა და მავნე შხამს შორის განსხვავება აშკარად კარგია. თუმცა, როდესაც ეს ტერმინი გამოიყენება იურიდიული, მორალური ან პოლიტიკური გაგებით, ის ჩვეულებრივ მოიაზრებს უსამართლო დისკრიმინაციას, ანუ,  პროცესს, რომლის მეშვეობითაც „განსხვავებულობა“ ხდება უსამართლო მოპყრობის საფუძველი (Okitipki & Aymer, 2010).

სურათი 1.       საიდან ხართ?


სურათი 1-ზე, “საიდან ხართ?” საიმონ კნიბონი საუბრობს განსხვავებულობის საკითხზე. თუ ადამიანები ზღვაზე მცურავ გადატვირთულ ნავში აღმოჩნდებიან, რა მოუვა მათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან მოვიდნენ. ნახატი სარკასტულად გვიჩვენებს, რამდენად სასაცილოა ეს – ჩვენ ყველა ერთი პლანეტიდან მოვდივართ – მაგრამ პლანეტის რა ნაწილიდან არიან ნავში მყოფი ადამიანები განსაზღვრავს იმას, გადარჩებიან თუ არა ისინი (Champion, 2015).

იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს შორის განსხვავებები დადებითად აღიქმებოდეს, ხშირად ისინი ხდებიან უსამართლო დისკრიმინაციის და შემდეგ უკვე ჩაგვრის და უსამართლო მოპყრობის მიზეზი.

დისკრიმინაცია ღრმა გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ეს ხელს უწყობს ადამიანებში უნდობლობას, იწვევს შფოთვას და არღვევს კეთილდღეობის გრძნობას. მას შეუძლია გაანადგუროს ურთიერთნდობა, გავლენა მოახდინოს ადამიანის იდენტობაზე და სოციალურ ურთიერთობებზე (Okitipki & Aymer, 2010).

სოციალური მუშაობის როლი დისკრიმინაციასთან ბრძოლაში

ანტი-დისკრიმინაციული სოციალური მუშაობა ჩამოყალიბდა საზოგადოებაში არსებული სქესის, რასის, კლასის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არსებული ჩაგვრის აღიარების გამო. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს თითოეული ადამიანის განსხვავებულობას. ცდილობს ყურადღება გაამახვილოს ჩაგვრასა და მის სპეციფიკურ გამოვლინებებზე, სოციალური მუშაობის  ყველა სფეროში.

ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა ემყარება სოციალური სამართლიანობის ცნებას, რომ შესაძლებელია ადამიანების სამართლიანად მოპყრობა და არ განიხილო ან არ მოექცე მათ ცუდად, გარკვეული, წინასწარ გააზრებული იდეებით. (Okitipki & Aymer, 2010).

ანტიოპრესიული მიდგომის ერთ-ერთმა წამყვანმა თეორეტიკოსმა ლენა დომინელიმ (1993) ანტიოპრესიული პრაქტიკა განსაზღვრა, როგორც:   „სოციალური მუშაობის პრაქტიკის ფორმა, რომელიც ეხება სოციალურ დაყოფას და სტრუქტურულ უთანასწორობას. ანტი-ოპრესიული პრაქტიკა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ადამიანის საჭიროებაზე მორგებული და მგრძნობიარე მომსახურება, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. ანტი-ოპრესიული პრაქტიკა წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებულ ფილოსოფიას, ეგალიტარიანულ ღირებულების სისტემას, რომელიც ზრუნავს შეამციროს  სტრუქტურული უთანასწორობის მავნე ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებაზე; ეს არის პროცესზე და შედეგზე ფოკუსირების მეთოდოლოგია, რომელის მიზანია, ბენეფიციარის გაძლიერება იერარქიის უარყოფითი ეფექტის შემცირებით“.

ანტი-ოპრესიული მუშაობის პროცესში სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია. ისინი არიან შუამავლები ბენეფიციარებს, სახელმწიფოსა და სოციალურ წესრიგს შორის. სოციალურ მუშაკს შეუძლია ბენეფიციარის პოტენციური გაძლიერება ან ჩაგვრა. ბრიტანელი თეორეტიკოსი ნეილ ტომპსონი მიიჩნევს, რომ პრაქტიკა, სადაც არ არის დისკრიმინაციისა და ჩაგვრის საკითხები გათვალისწინებული, არ შეიძლება ჩაითვალოს კარგ პრაქტიკად, ვინაიდან აღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ შესაძლოა გააძლიეროს ჩაგვრის ზეგავლენა ბენეფიციარზე. მაგალითად, სოციალური მუშაკის ჩარევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, რომელიც ვერ აცნობიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მარგინალიზებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, შესაძლოა იყოს ბენეფიციარისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე სარგებლის (Tompson 2006).

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვასა და ანტიოპრესიულ მუშაობას ბევრი საერთო აქვთ, მაინც არ არის ერთი და იგივე. ადამიანის უფლებების დაცვა უფრო მეტად ფოკუსირებულია ინდივიდის უფლებებზე, ვიდრე იმ უთანასწორობების სისტემურ შესწავლაზე, რაც ხელს უშლის ამ უფლებების განხორციელებას, ხოლო ანტი-ოპრესიულ მუშაობაში სოციალური მუშაკები ებრძვიან ჩაგვრას იმ პრობლემებში, რომლებსაც ადამიანები და თემები აწყდებიან უფრო ფართო სისტემებში (Crawford & Andreassen, 2015).

სოციალური სამართლიანობის მიზნების მისაღწევად, სოციალური მუშაკისთვის მნივშნელოვანია საზოგადოებაში არსებული ჩაგვრისა და მისი დინამიკის ცოდნა (Dominelli, 2002a; Mullaly, 2010).

სოციალური სამართლიანობის მკვლევარები ჩაგვრას სხვადასხვაგვარად განმარტავენ. მორგეინის მიხედვით, ჩაგვრა არის სისტემა, რომელშიც არსებობს განსხვავებული ჯგუფები- პრივილეგირებული და დაუცველი ჯგუფები. თუ დაუცველი ჯგუფის გარკვეული მახასიათებლები ნეგატიურია, ხშირად ჩნდება ჩაგვრა. ჩაგვრა შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე დონეზე. ეს არის:

  • ინდივიდუალური – ცალკეული პირების დესტრუქციული დამოკიდებულებები და ქცევები;
  • ინსტიტუციური – მავნე პოლიტიკა, პრაქტიკა და ნორმები სხვადასხვა ინსტიტუტებში, როგორიცაა: ოჯახი, განათლებ, ჯანდაცვა, სამართალდამცავი სისტემა, მთავრობა, ბიზნესი, რელიგიური ორგანიზაციები.
  • სოციალური/კულტურული დონეზე – გარკვეული ღირებულების, რწმენისა და ადათ-წესები, რომელიც ემსახურება დომინანტური სოციალური ჯგუფის ინტერესებს და ამით ხელს უწყობს ჩაგვრას (Morgaine & Capous-Desyllas, 2020).

სოციალური სამართლიანობის გაგების ერთი კონცეპტუალური ჩარჩო ხაზს უსვამს, რომ სოციალური იდენტობის ჯგუფები იკავებენ არათანაბარ სოციალურ ადგილებს (Adams et al., 2010). ერთი ჯგუფის პრივილეგიები პირდაპირ კავშირშია მეორე ჯგუფის ნაკლოვანებებთან. პრივილეგია  არის დაუმსახურებელი და ხშირად უხილავი სარგებელი და უპირატესობები, რომლებიც მიუწვდომელია დაუცველი სოციალური ჯგუფების წევრებისთვის. პრივილეგია არსებობს, როდესაც ერთ ჯგუფს აქვს რაღაც ღირებული, რომელსაც სხვებს უარს ეუბნებიან, მხოლოდ იმ ჯგუფების კუთვნილების გამო, რომლებსაც მიეკუთვნებიან და არა იმის გამო“ (Adams et al., 2010). პრივილეგია იწვევს რესურსების არათანაბარ განაწილებას, რაც აძლიერებს ჩაგვრის ციკლს (Morgaine & Capous-Desyllas, 2020).

სოციალურ გარემოში უთანასწორობისა და ჩაგვრის უკეთ წარმოსაჩენად, ტომპსონმა შემოგვთავაზა PCS ანალიზი:

სურათი 2

 P – არის პიროვნული ან ფსიქოლოგიური დონე – აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებებისა და მოქმედების ინდივიდუალური დონე.

C – კულტურა – ეს არის აზროვნების, ქცევის ღირებულებებს, საერთო შეხედულებები იმის შესახებ თუ რა არის სწორი, რა არასწორი და რა ნორმალური. ის შეესაბამება სოციალურ ნორმებს, კულტურის ტრადიციულ ცნებებს, როგორიცაა რელიგია, ეროვნება და ა.შ.

S – ეხება სტრუქტურულ დონეს, სოციალური სტრუქტურა ეს არის სოციალური დაყოფის ქსელი, როგორიცაა კლასი, სქესი, ეთნოსი და ა.შ. ასევე, ეხება ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ინსტიტუციონალიზაციას.

სამივე დონე ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. მაგ: P დონე, მოქცეულია C დონის ფარგლებში. ავტორი გვაჩვენებს რომ C დონე ქმნის კონტექსტს, სადაც ყალიბდება ჩვენი პირადი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრები, მოქმედებები, დამოკიდებულებები და გრძნობები გარკვეულწილად უნიკალური და ინდივიდუალურია, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ კულტურის გავლენა ჩვენი აზროვნების ჩამოყალიბებაზე – საზოგადოების ინტერესები და გავლენა აისახება სოციალურ ღირებულებებსა და კულტურულ ნორმებში, ჩვენ კი ავსახავთ მათ პიროვნულ დონეზე. მაგალითად, მანერები, ეტიკეტი, რიტუალები (მაგ: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვინმეს დაბადების დღეა) და ა.შ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულტურა „იწვევს“ ჩვენს ქმედებებს, თუმცა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გაგება, რომელიც გამოიხატება ინდივიდუალურ აზროვნებასა და ქცევაში, გაგებული უნდა იქნას არამარტო პიროვნული წინასწარგანწყობებით (P დონე), არამედ უფრო ფართო სოციალური და კულტურული კონტექსტით (S დონე) (Tompson, 2006).

ავტორი, ასევე აღწერს იუმორის გავლენას დისკრიმინაციის შენარჩუნების პროცესზე – თუ როგორ შეუძლია დისკრიმინაციულ კულტურას დახვეწილი, მაგრამ ძლიერი გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ აზრებსა და ქმედებებზე.  ის ფაქტი, რომ იუმორი არის დასაფასებელი სოციალური თვისება, მას ასევე გააჩნია დიდი გავლენა ინდივიდუალურ აზრებსა და ქმედებებზე. ამავე დროს, აქვს თავდასხმისგან კარგი თავდაცვის საშუალება, კომენტარები როგორიცაა, „ ეს მხოლოდ ხუმრობაა“, „ეს სახალისოა“ და ა.შ. ეფექტური დაცვაა და ხელს უწყობს იუმორის დისკრიმინაციული ძალის შენარჩუნებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იუმორის გამოყენებისას ფრთხილად ვიყოთ.

C და S დონის ურთიერთქმედების გასაგებად კულტურული კონტექსტი გაგებული უნდა იყოს უფრო ფართო კონტექსტით – სტრუქტურულით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ვცხოვრობთ დისკრიმინაციულ, პირობითად რასისტულ, ან სექსისტურ საზოგადოებაში, მათი დამახასიათებელი რწმენები და პრაქტიკა  ჩვენთვის იქნება „მიღებული“ და „დასწავლილი“, მოახდენს ჩვენზე ზეგავლენას ისე რომ, შესაძლოა ვერც კი გავაცნობიეროთ, სანამ ვინმე არ მიგვითითებს.  C და S დონეების ურთიერთქმედების კონტექსტში, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება იდეოლოგიის, ჰეგემონიის, ენობრივი ნორმების გავლენას კულტურაზე, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიოს ამ უკანასკნელს.

PCS ანალიზი გვაძლევს ერთგვარ ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც სოციალურ მუშაკს შეუძლია ჰქონდეს უფრო მკაფიო წარმოდგენა თუ რა კონტექსტში შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები, სოციალური მუშაკისა და მათი ბენეფიციარების წინაშე და რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს მან. მნიშვნელოვანია სოციალურმა მუშაკმა გააცნობიეროს, რომ მისი მიდგომა, პრაქტიკის ყველა დონეზე უნდა იყოს კრიტიკული და სენსიტიური, დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან ასაცილებლად (Tompson, 2006).

მაგალითად, თუ მშობელი ზიანს აყენებს შვილს ან ვერ აკმაყოფილებს ბავშვის საჭიროებებს, მასთან მუშაობისას, დასახმარებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას  კრიზისული ინტერვენციის სხვადასხვა  ფორმა. მაგრამ თუ პრობლემას ემატება სიღარიბე და სიღარიბეში ცხოვრებით გამოწვეული სტრესი და იმედგაცრუება,  დაძლევის ინტერვენციები, როგორიცაა ბრაზის მართვა და ბავშვის ქცევის მართვა, ან გარკვეული ფინანსური დახმარება, მშობელს დაეხმარება მხოლოდ მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რადგან ისინი ვერ გადაწყვეტენ გრძელვადიან პრობლემას. სწორედ აქ შემოდის ანტი-ოპრესიული მიდგომა. სოციალური მუშაობა ამ დროს არ აღიქვამს მშობელს, როგორც პრობლემას, არამედ განსაზღვრავს იმ უთანასწორობებს, რომელშიც მშობელი იმყოფება. აქცენტი გადადის არა მხოლოდ მშობლის დახმარებაზე, არამედ მშობელთან (და შესაძლოა, იმავე პოზიციაზე მყოფ სხვა მშობლებთან) პარტნიორობაზე, რომ მოიძებნოს საშუალებები ამ მჩაგვრელი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად (Dumbrill & Ying Yee, 2019).

ანტიოპრესიული მუშაობა სხვადასხვა დონეზე

ანტიოპრესიული მუშაობა ინდივიდებთან – ანტი-ოპრესიული პრაქტიკა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ინდივიდუალური ქცევა შეიძლება არსებითად შეიცვალოს. თუმცა, იგი განსხვავდება ტრადიციული, პროფესიონალური, ინდივიდზე მორგებული მიდგომებისგან, იმით, რომ მისი სოციალური კონტექსტი განხილულია  ჰოლისტურად და მოიცავს პიროვნულ, ორგანიზაციულ და კულტურულ დონეებს, მათ ურთიერთკავშირსა და ურთიერთგავლენას (Dominelli 2002). ეს მიდგომა აფასებს ინდივიდის მდგომარეობას სტრუქტურულ კონტექსტში, ცდილობს ბენეფიციარს დაანახოს კავშირი მჩაგვრელ სოციალური სტრუქტურასა და პირად პრობლემას შორის და დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში ჩაგვრის მიზეზებთან გასამკლავებლად.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პიროვნული ცვლილება, ასევე, შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრუქტურული ცვლილებების კომპონენტებთან (Chaplin, 1988). ამ პროცესის კლასიკური მაგალითია, ფემინისტური ქმედება, ოჯახში არსებული და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ქალები გაერთიანდნენ თვითდახმარების ჯგუფებში ცალკეული ქალების დასახმარებლად, რომ დაეგმოთ და გაეკრიტიკებინათ ის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც მხარს უჭერენ და მისაღებს ხდიან მოძალადე მამაკაცის ქცევას. შედეგად, ოჯახის შიგნით მომხდარი კონფიდენციალური ამბები და ცალკეული ქალების  ტკივილი,  „პირადი უბედურებიდან“ გადაიქცა „სოციალურ პრობლემად“ (Frankfort, 1972).

უნდა აღინიშნოს, რომ თვითგაძლიერებაში და თვითდახმარების ინიციატივაში ჩართვა არ არის საკმარისი პასუხი ადამიანების საჭიროებებზე. ანტი-ოპრესიული მუშაობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე (Dominelli, 2002).

ანტიოპრესიული მუშობა ჯგუფებთან – ანტიოპრესიული პრაქტიკა მიიჩნევს, რომ კოლექტიურ დონეზე მუშაობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას ინდივიდი, რადგან ჯგუფური ქმედება გულისხმობს ინდივიდუალურ მონაწილეობას. ინდივიდებს, კოლექტიური მოქმედებით, შეუძლიათ მიზნის მიღწევა დიდი ძალის პოზიციიდან. ჯგუფი ერთდროულად უფრო დიდია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი და ნაკლებია, ვიდრე ყველა ინდივიდი. არ შეიძლება ინდივიდი განვიხილოთ განცალკევებულად, არამედ  უნდა მოვიაზროთ იმ ჯგუფის წევრად, რომელშიც ის შეიტანს წვლილს და საიდანაც მიიღებს  მხარდაჭერას. სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ მათ, ასეთი ჯგუფების წევრობით და საერთო მიზნებზე ერთობლივი მუშაობით.

გარდა ამისა, სოციალურ მუშაკებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ჯგუფის პოზიციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში (Dominelli, 2002).

ჯგუფები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდუალურ ქცევებში ცვლილებების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, ბრიტანეთის პრობაციის სამსახურის მიერ ორგანიზებული სექსუალური დამნაშავეების ჯგუფები. რომელიც მიზნად ისახავდა დამნაშავეს პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ ქცევაზე და დაეკავა მისაღები ადგილი საზოგადოებაში. აქცენტი კეთდებოდა ჯგუფის წევრებსა და საზოგადოებას შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, სადაც ადამიანები პასუხისმგებელნი იქნებოდნენ ერთმანეთის კეთილდღეობაზე. ეს მოითხოვდა საზოგადოების მხრიდან ინვესტიციის ჩადებას სქესობრივი მოძალადეების რეაბილიტაციაში, ხოლო თითოეულ სექსუალურ დამნაშავეს უნდა მოეხდინა პიროვნული ცვლილებები, მათ შორის გადაეხედა საკუთარი ქცევისთვის (Dominelli, 2002).

სოციალურ მუშაკებს,  ასევე, შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს მობილიზებაში, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის და/ან საქმიანობის გაძლიერება ურთიერთდახმარებით. ჯგუფური ინტერვენციებისა და კოლექტიური ქმედების მეშვეობით შესაძლებელია ინდივიდის ფრაგმენტაციის დაძლევა. თავიანთი ენერგიების ალტრუისტურ მიმართულებებზე გადატანით, მათ შეუძლიათ კეთილდღრეობის მიღწევა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე თემისთვის (Dominelli, 2002).

ანტიოპრესიული პოლიტიკური პრაქტიკა – სოციალური პოლიტიკა გავლენას ახდენს ჩვენზე, დაწყებული სამუშაო ადგილიდან, დამთავრებული ჯანდაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემებამდე. სოციალური მუშაკებისთვის პრაქტიკის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანია სფეროსთან დაკავშირებული საკითხების, როგორიცაა სიღარიბესთან, ოჯახში ძალადობასთან, ბავშვთა კეთილდღეობასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პოლიტიკის ცოდნა. სოციალურმა მუშაკმა მხარი უნდა დაუჭიროს ადამიანთა უფლებებს, გამოავლინოს დისკრიმინაციული პოლიტიკა, პრაქტიკა ან სისტემები ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ ან სოციალურ დონეზე. სოციალური ცვლილებების მისაღწევად, საჭიროა მჩაგვრელი სტრუქტურების ცვლილება, რაც მიიღწევა დისკრიმინაციული პოლიტიკის ცვლილებების ადვოკატირებით.

მაკრო დონეზე ანტიოპრესიული მუშობის მიზნები მოიცავს:

  • სოციალური პრობლემების ანალიზი, პოლიტიკის წინადადებების შემუშავება, პოლიტიკის განთავსება გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში, პოლიტიკის ამოქმედება (ან დაბლოკვა), პოლიტიკის განხორციელების ფორმირება და პოლიტიკის შეფასება;
  • გავლენა იმაზე, თუ როგორ ხდება რესურსების განაწილება სერვისებში;
  • არაფორმალური (დაუწერელი) პოლიტიკის შეცვლა, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებთა და პოლიტიკის განმახორციელებელთა შეხედულებებზე, წინასწარგანწყობებსა და აღქმებზე, მაგალითად, კანონმდებლების ნეგატიურ სტერეოტიპებს და შეხედულებებს, რომლებიც განაპირობებს მათ არამიმღებლურ დამოკიდებულებას კონკრეტული პოპულაციის მიმართ;
  • ფორმალური (დაწერილი) პოლიტიკის შეცვლა, როგორიცაა კანონმდებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული რეგულაციები და ბიუჯეტები; და
  • გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფის შეცვლა, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას (Jansson, Dempsey, McCroskey, & Schneider, 2005).

სოციალური მუშაკის ძირითადი კომპეტენციები ანტი-ოპრესიული მუშაობისას

ანტიოპრესილული მუშაობის მიზნების მისაღწევად, სოციალური მუშაკისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კომპეტენციების განვითარება:

მრავალფეროვნების გაგება – სოციალურ მუშაკებს კარგად უნდა ესმოდეთ იმ ინდივიდებისა და თემების განსხვავებული იდენტობები და გამოცდილება, რომლებთანაც მუშაობენ, მათ შორის რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ჩათვლით.

კულტურული კომპეტენცია – კულტურული კომპეტენციის განვითარება გადამწყვეტია სოციალური მუშაკისათვის. მათ უნდა იცოდნენ საკუთარი კულტურის მიერ მხარდაჭერილი სტერეოტიპები და მუდმივად  მზად  იყვნენ ისწავლონ სხვადასხვა კულტურის, ტრადიციებისა და რწმენის სისტემების შესახებ. ასევე, უნდა ესმოდეს, რომ კულტურისთვის დამახასიათებელმა სტიგმატიზებული ენის გამოყენებამ ან არავერბალურმა ქცევამ, შეიძლება გააძლიეროს დისკრიმინაცია და ჩაგვრა.

ინტერსექციურობის აღიარება – გულისხმობს იმის გაგებას, რომ ინდივიდებმა შეიძლება განიცადონ დისკრიმინაციის მრავალი ფორმა ერთდროულად. მაგალითად, პიროვნების დისკრიმინაციის გამოცდილებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ფაქტორებმა, როგორიცაა რასა, სქესი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალურმა მუშაკმა უნდა გაითვალისწინონ ეს გადამკვეთი ფაქტორები.

გაძლიერება – ბენეფიციარების გაძლიერება ანტი-ოპრესიული პრაქტიკის მთავარი ასპექტია. ეს გულისხმობს ინდივიდების მხარდაჭერას, განავითარონ საკუთარი ძლიერი მხარეები, უნარები და გამძლეობა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის დასაძლევად.

ადვოკატირება – მხარი დაუჭირონ დისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის ცვლილებების ადვოკატირებას.

თანასწორობის ხელშეწყობა – თანაბარი შესაძლებლობების წახალისება და სამართლიანი მოპყრობა ყველა ინდივიდისთვის აუცილებელია. ეს მოიცავს დისკრიმინაციული პრაქტიკის გამოვლენასა და იმ პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც მხარს უჭერს რესურსებსა და სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

თვითრეფლექსია – სოციალური მუშაკები რეგულარულად  უნდა იკვლევდნენ საკუთარ ვარაუდებს, წინასწარგანწყობებსა და დამოკიდებულებებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბენეფიციარებთან ურთიერთობაზე, ჩაერთონ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში, თვითშემეცნების გასაძლიერებლად.

ამ პრინციპების პრაქტიკაში დანერგვით სოციალური მუშაკები, ცდილობენ  შექმნან უფრო სამართლიანი და თანაბარი პირობები ინდივიდებისა და თემებისთვის. გამოავლინონ და შეცვალონ დისკრიმინაციული პრაქტიკა, ხელი შეუწყონ ბენეფიციარების გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვით.

დასკვნა

სტატიაში მოკლედ შევეხე ანტიოპრესიულ პრაქტიკას, როგორც ჩაგვრისა და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკას. ანტიოპრესიული სოციალური მუშაობა არის დინამიური და განვითარებადი სფერო, რომელიც პასუხობს სხვადასხვა პოპულაციის წინაშე მდგომ ცვალებად საჭიროებებსა და გამოწვევებს. შევეცადე მეჩვენებინა მისი კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებსა და ადამიანის უფლებებზე და ხაზს უსვამს სოციალური მუშაკების ვალდებულებას, გამოავლინოს და შეებრძოლოს მჩაგვრელი სტრუქტურებს და ხელი შეუწყოს ჩაგვრის შედეგების აღმოფხვრას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შედეგების მიღწევა სოციალური მუშაკისაგან მოითხოვს მუდმივ თავდადებას, ერთგულებასა და თანამშრომლობას ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ და სისტემურ დონეზე. მათი ძალისხმევა  საწინდარია, რომ მსოფლიო გახდეს სამართლიანი, თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო ადგილი ყველა ადამიანისთვის.

ბოლოს, მინდა დავასრულო კანადელი მეცნიერების დუმბრილისა და ინგ იის სიტყვებით: „რობინ ჰუდისა და მის მსგავს ისტორიებს მთელ მსოფლიოში საუკუნეების მანძილზე ყვებიან. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ისტორიების გამუდმებით თხრობა არის ის, რომ ჩვენ ინტუიციურად ვიცით, რომ „რობინმა სწორად გაიგო“. ჩვენ არ ვთავაზობთ სოციალურ მუშაკებს გამოიყენონ რობინის სიღარიბის შემცირების მეთოდები, მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ, რომ გამოვიყენოთ მისი ანალიზი“(Dumbrill & Ying Yee, 2019).

ბიბლიოგრაფია:

  1. Adams, M., Blumenfeld, W., Castañeda, C., Hackman, H., Peters, M., & Zúñiga, X. Readings for diversity and social justice (2nd ed.) 2010
  2. Alfred, T. Peace, power, righteousness: An Indigenous manifesto. 1999
  3. A.R. Aqil, M. Malik, K. A. Jacques, K. Lee, L. J. Parker, C. E. Kennedy, G. Mooney, and D. German – Engaging in Anti-Oppressive Public Healh Teaching: Challenges and Recommendations; 2021
  4. Champion, M. The cartoon that sums up the world’s “migrant crisis.” indy100 from Independent. Retrieved from http://i100.independent.co.uk/article/the-cartoonthat-sums-up-the-worlds-migrant-crisis–g12atJpSWZ, 2015
  5. Chaplin, J. Feminist Counselling in Action. 1988
  6. Crawford, G., & Andreassen, B.A. Human rights and development: Putting power and politics at the center. Human Rights Quarterly, 37(3), 662–90. doi:10.1353/hrq .2015
  7. Frankfort, I. Vaginal Politics. New York: Quadrangle Books.1972
  8. Gary C. Dumbrill June Ying Yee. Anti-oppressive Social Work; Ways of knowing , Talking and Diong.; Oxfors  University Press 2019
  9. Jansson, B. S., Dempsey, D., McCroskey, J., & Schneider, R. Four models of policy practice. In M. Weil (Ed.), The handbook of community practice. 2005
  10. John Harris  and Vicky White – A Dictionary of Social work and Social Care; Oxford; 2 ed.; 2013
  11. Karen Morgaine and Moshoula Capous-Desyllas; ANTI-OPPRESSIVE SOCIAL WORK PRACTICE-Putting Theory into Action; 2020
  12. Lena Dominelli, Anti-Oppressive Social Work Theory and Practice 2002
  13. Magnus Frampton Social Work Videos – anti-discriminatory practice; 2019 https://www.youtube.com/@magnusframptonsocialworkvi3198
  14. M. Tcholakova, V. Sotirova, Y. Tzvetanova, H. Arabagzieva – “Anti-discriminatory representations in social work; 2015
  15. Mullaly, B. Challenging oppression and confronting privilege: A critical social work approach. (2nd edn). Toronto, 2010
  16. Neil Tompson, Anty-discriminatory practice, fourth edition,2006
  17. Porter, T.  And grandma said . . . Iroquois teachings as passed down through the oral tradition. 2008
  18. Toyin Okitipki, Cathy Aymer – Key Concepts in Anti-discriminatory Social Work; 2010

სტატია მომზადებულია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ დაფინანსებული პროექტის “მოწყვლადიჯგუფებისდისკრიმინაციისგანდაცვისხელშეწყობასოციალურიმუშაკებისგაძლიერებისადაჩართულობისგზით“ ფარგლებში. შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პოზიციას.

One Response

  1. სალომე says:

    ძალიან კარგი სტატია არის. ძალიან კარგად აქვს დაწერილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *