ექთნების საგანგაშო შრომითი პირობები სახელმწიფოსგან საგანგებო პასუხებს საჭიროებს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს  შრომის სამინისტროს ინიციატივას შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.

COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. პანდემიურ მოცემულობაში ისინი  დაუცველები აღმოჩდნენ. „პროფკავშირების ახალი გაერთაინების“ მონაცმებით სამუშაო მოვალეობის შესრულებისას კოვიდ-ინფექციით გარდაიცვალა 23 ექთანი, დასახელებული რიცხვი, მხოლოდ მათ ბაზაზე არსებულ მონაცემებს ასახავს. სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, რომლებიც წლების მანძილზე ორიენტირებული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურების საჯარო სიკეთიდან ბიზნესის მოგების ლოგიკაზე გადაყვანაზე, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა საკადრო და შრომის პოლიტიკაში.

არასათანადო ანაზღაურება: დამოუკიდებელი პროფკავშირის- სოლიდარობის ქსელის კვლევის თანახმად, საქართველოში ექთნების საშუალო ხელფასი 250 ლარიდან 508 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც არასაკმარისია ექთნების ბაზისური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, რის გამოც მათი უმეტესობა იძულებულია შეთავსებით იმუშაოს რამდენიმე ადგილას.

ზეგანაკვეთური შრომა და გადატვირთული სამუშაო რეჟიმი: პანდემიის რეჟიმში კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა 76-92 საათამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება შრომით კანონმდებლობით ნორმირებულ სამუშაო რეჟიმს. ამავდროულად, პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან, 15-24 პაციენტამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება საერთაშორისო სტანდარტებით ექთნისა და პაციენტის რაოდენობის ზღვრულ თანაფარდობას.[1]

მოპარული ხელფასი: სამედიცინო დაწესებულებებში გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების რამოდენიმე თვის დაგვიანებით ან ნაწილობრივ ჩარიცხვა, რაც ხელფასის მოპარვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.  ექთნების უმრავლესობა (გამოკითხულთა 65.8%) მიუთითებს, რომ მათ საერთოდ არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს. ასევე, ექთნების ნაწილი მიუთითებს, ანაზღაურებადი შვებულებისა და ბიულეტენის პერიოდში ანაზღაურების არ გადახდის შემთხვევებზე. ზოგიერთ კლინიკაში, ფიქსირდება ასევე Covid პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაფინანსების არასათანადოდ გადანაწილება, რის გამოც მიღებული დაფინანსებიდან თანხა  ექთნებამდე არ მიდის და მათ შრომით ანაზღაურებაზე არ აისახება.[2]

არანორმირებული სამუშაო რეჟიმი: პანდემიის რეჟიმიდან გამომდინარე ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობის პროპორციულად ექთნებს შეუმცირდათ ცვლებს შორის დასვენების დრო და ასევე არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ კუთვნილი შესვენების დროით.

პროფკავშირული საქმიანობისთვის ხელშეშლა: არსებული უმძიმესი შრომითი პირობების ფონზე, სამედიცინო დაწესებულებები ხელს უშლიან სამუშაო ადგილზე პროფესიული კავშირების საქმიანობას, დევნიან და აშინებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად საუბრობენ მძიმე შრომით პირობებზე ან/და ახორციელებენ პროფკავშირულ საქმიანობას.

მედიცინის მუშაკების შრომის პირობები წლებია უგულებელყოფილია ჰოსპიტალურ სექტორში. მონოპოლისტი კერძო სექტორი და სახელმწიფო არ ზრუნავს შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდაზე. ექსპლუატირებისა და მოგების ლოგიკა პირდაპირპროპორციულია კრიზისული სიტუაციის გაღრმავების, რადგან არსებული მოცემულობა, რომელშიც მშრომელები იგნორირებული არიან, შეუძლებელს ხდის, ერთი მხრივ, მათ მიერ სამუშაოს ხარისხიან შესრულებას, ხოლო, მეორე მხრივ,  ხელს უშლის ახალი პროფესიონალების დასაქმებას და  პირიქით, ამგვარი სისტემები კადრების გადინების გარანტიაა. ასევე, რაც უფრო მძიმეასამუშაო პირობები, მით უფრო უარყოფითად აისახება ეს პაციენტებისთვის გაწეულ მომსახურებაზე.

ღირსეული შრომის პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ შრომის ინსპექცია სრულყოფილად შეისწავლის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ უძმიმეს შრომით პირობებს და გამოავლენს ყველა იმ დარღვევას, რომელზეც „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირი, სხვა ორგანიზაციები და უშუალოდ დასაქმებულები მიუთითებენ დიდი ხნის განმავლობაში. ხოლო, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ვიხილავთ ქმედით ნაბიჯებს მედიცინის მუშაკთა უფლებების დასაცავად და სამინისტრო არ შემოიფარგლება, მხოლოდ რეკომენდაციებით.

ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების მჩაგვრელი შრომითი პირობების აღმოსაფხვრელად მოვითხოვთ:

  1. სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზურნველყოფს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას.
  2. სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში;
  3. დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხდეს მათი კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შევებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
  4. სახელმწიფომ განისაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.
  5. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეწყვიტოს მშრომელების პროფკავშირული ნიშნით დევნა და დაშინება.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  •  თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“

[1] Ordem do Enfermeiros. (2014, Maio 30). Norma Para O Cálculo De Dotações Seguras Dos Cuidados De Enfermagem. Retrieved from https://www.ordemenfermeiros.pt/media/8332/pontoquatro_norma_de_dotacoesseguras_dos_cuidados_de_enfermagem_ag_30_05_2014_aprovado_por_maioria_proteg.pdf

[2] სოლიდარობის ქსელი. (2021). კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება. Retrieved from https://drive.google.com/file/d/1yWlfES5lJ9hNsYH3YAScdFGnGkWlb0ZP/view?fbclid=IwAR3U8R9kF8jAK4W1hqjIooh3LKdDmvagzSsPysuDa6bludsd4caMKRG-J_A

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *