სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა გადაცემა “Post Factum”-ში გასული სიუჟეტის “დედა-შვილი სიღარიბის გამო დააშორეს, ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ” და TV პირველზე 2020 წლის 31 ივლისს გასული სიუჟეტის გამო, აღნიშნული სიუჟეტები შეეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევას.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მიიჩნევდა, რომ გიორგი გაბუნიამ და ჟურნალისტმა ლაშა ნაკაიძემ დაარღვიეს ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-7, მე-8 და მე-11 პრინციპი. ხოლო TV პირველზე გასულ სიუჟეტში დაირღვა ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე_7 და მე_10 პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და ჟურნალისტმა ლაშა ნაკაიძემ პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპები დაარღვიეს. ხოლო TV პირველზე გასულ სიუჟეტში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ რომ სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს როგორც საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მედიის მხრიდანაც. ამიტომ ნებისმიერი შეცდომა რომელიც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას აძლიერებს, არის საგულისხმო და ჟურნალისტებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.
ქვეყანაში დღითიდღე უფრო მცირდება კეთილდღეობის განცდა, იზრდება სიღარიბე და შფოთვა, რასაც პანდემიის გავრცელებაც უწყობს ხელს. საზოგადოება დიდი სტრესისა და წნეხის ქვეშაა, რა დროსაც სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის არსებობა დიდ როლს თამაშობს საზოგადოების ფსიქო-ემოციური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა, დღეის მდგომარეობით სოციალური მუშაკებს ამ ფუნქციის შესრულებაში მრავალი წინააღმდეგობა ხვდებათ და ერთ-ერთი სწორედ პროფესიის არასრწორი აღქმა და სტერეოტიპებია. სახელმწიფოსთან ერთად მედიაა ის უძლიერესი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია როგორც გაანადგუროს აღნიშნული პროფესიის რეპუტაცია, ასევე გააძლიეროს კიდეც მისი მდგომარეობა და მისცეს საკუთარი ვალდებულებების სათანადოდ აღსრულების საშუალება. სწორედ ამიტომაც ნებისმიერი არასწორად გაშუქებული სიუჟეტი სავალალო და გამოუსწორებელი შეიძლება აღმოჩნდეს არამხოლოდ ამ პროფესიის წარმოამდგენლებისთვის არამედ ბენეფიციარებისთვისაც.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჟრუნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
No Responses