საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი. აღნიშნული ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სოციალური მუშაკების მწვავე დეფიციტია და აღნიშნული უწყება ისედაც ვერ აკმაყოფილებდა სოციალური მუშაობის შესახებ კანონით განსაზღვრულ საშტატო რაოდენობას.
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პარტნიორი ორგანიზაციები – სოლიდარობის ქსელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გათავისუფლებული სოციალური მუშაკების სასამართლო დავებს აწარმოებენ.
2020 წლის 28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ EMC-ის სარჩელის საფუძველზე სოციალური მუშაკის სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს სოციალური მუშაკისათვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც, სოციალური მუშაკის დამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რუსთავის სასამართლომ ამ საქმის შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რამდენადაც რუსთავში დასაქმებული სოციალური მუშაკის მიმართ დაადგინა უკანონო გათავისუფლება, თუმცა სოციალურ მუშაკს თანამდებობაზე აღდგენაზე უარი ეთქვა, მისი პოზიციის ახალი სოციალური მუშაკით შევსების გამო. EMC არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ განიხილავს სათანადო წესით გასაჩივრებას.
ჩვენი პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდამჭერ ორგანიზაციებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ გათავისფლებულ სოციალურ მუშაკებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ სოციალური მუშაკები არიან ძირითადი მხარდამჭერი რგოლი და დამაკავშირებელი ხიდი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება საჭიროებს კვალიფიციურ და სათანადო მეთოდოლოგიით აღჭურვილ სოციალურ მუშაკებს, რომელთაც ექნებათ დაცული სამუშაო გარემო და ღირსეული შრომის პირობები.
No Responses