თანამედროვე სამყაროში, როდესაც ადამიანებმა ღირებულებების გადაფასება, სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობისა და არსის გათავისება დაიწყეს, გამოწვევების საპასუხოდ ჩამოყალიბდა ახალი პროფესია – სოციალური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინა თავდაპირველად სიღარიბის დაძლევასა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, დროის სვლასთან ერთად მკვეთრად გაფართოვდა საქმიანობის მიზნები, ღირებულებები და შეხედულებები. დღეს კი, XXI საუკუნეში, სოციალური მუშაობა მიზნად ისახავს სამყაროს იმგვარად შეცვლას, რომ რესურსები და პირობები რეალიზებისთვის ყველასთვის თანაბარი იყოს. სოციალური მუშაკების საქმიანობის ნაწილი სწორედ იმ ადამიანებისა და ჯგუფების დახმარებაა, რომლებიც გარკვეული სოციალური პრობლემებისა და ბარიერების წინაშე დგანან. ერთ-ერთი ძირითადი საკითხია სოციალური ადვოკატირების პროცესში სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათ შორის, გენდერული თანასწორობის კუთხით.
გენდერული თანასწორობა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი აქტუალური თემაა და წარმოადგენს სქესის მიუხედავად რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას. გენდერული თანასწორობა არამხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლება, არამედ წინაპირობაა თანასწორი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ცნებები – გენდერი და სქესი. გენდერი სოციალური როლების ერთობლიობაა, რომელიც შეძენილი და ცვალებადია, ხოლო სქესი – ბიოლოგიური და თანდაყოლილი. სქესის აღსანიშნად ვიყენებთ ტერმინებს – მდედრობითი და მამრობითი, ხოლო გენდერის გამოსახატად – ქალური და კაცური. როდესაც ვახსენებთ სიტყვას – „გენდერი“, ვგულისხმობთ სოციალურ სქესს, იმ როლებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, რომელსაც საზოგადოება ჩვენგან მოელის კულტურული თუ სოციალური ზეგავლენის შედეგად. საუკუნეების მანძილზე, საზოგადოება ქალისგან ითხოვს საოჯახო საქმიანობასა და შვილების აღზრდას ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო მამაკაცის უმთავრესი მოვალეობაა ოჯახის რჩენა „შემომტანის“ სტატუსით, რამაც გამოიწვია მამაკაცების პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირება. გენდერული უთანასწორობა ან დისკრიმინაცია კი ჩნდება იმის გამო, რომ რიგ შემთხვევებში ადამიანები ამ როლურ მოლოდინებს ვერ ამართლებენ.
გენდერული თანასწორობის მიზანი ისაა, რომ ადამიანის უფლებები, მოვალეობები და შესაძლებლობები არ იქნება დამოკიდებული იმაზე, კაცად დაიბადა თუ ქალად. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა, იგი მაინც გამოწვევად რჩება ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სფეროებში. აღნიშნულ პრობლემატიკაზე აქტიური მუშაობის პროცესში ჩამოყალიბდა ტერმინი „გენდერული მეინსტრიმინგი“, რაც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის უფლებების, შესაძლებლობებისა და მოვალეობების პოლიტიკის დონეზე გათანაბრებას. უფრო მეტიც, გენდერული მეინსტრიმინგი ხელს უწყობს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემცირებას გენდერული ნიშნით, აუმჯობესებს გამჭვირვალობასა და თანაბარი უფლებების პოლიტიკის გატარებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა დროსაც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და შეფასებული როგორც მამაკაცების, ასევე, ქალების შესაძლებლობები და რესურსები. ამ პროცესში მოიაზრება როგორც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მემკვიდრეობის მიღებაზე თანაბარი უფლებები, საოჯახო რესურსების ტოლი გადანაწილება, დასაქმების ადგილზე ერთსა და იმავე პოზიციაზე იდენტური ანაზღაურება როგორც მამაკაცებისთვის, ასევე, ქალებისთვის, თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამეცნიერო საქმიანობაში და ა.შ.
რა როლი აქვთ სოციალურ მუშაკებს გენდერული მეინსტრიმინგის პროცესში?
სოციალური ნორმები და ტრადიციები ზოგჯერ ხელს უწყობს ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების ჩამორთმევას, ეს კი უმეტეს შემთხვევაში განათლებას უკავშირდება. ვინაიდან ბევრ კულტურაში ქალების უმთავრესი მოვალეობა შვილების აღზრდაა, მათ ხშირად დრო აღარ რჩებათ განათლების მისაღებად. სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ, რათა შეამცირონ გენდერული უთანასწორობა ქალებისთვის ფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით. განათლების მეშვეობით ქალები იძენენ ცოდნასა და ახალ უნარებს, რომლებიც ეხმარება მათ განვითარებაში. სოციალური მუშაკები, ასევე, ნერგავენ არაფორმალური განათლების მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც ქალთა გაძლიერებაზე, ამასთანავე, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე გენდერული თანასწორობის ჭრილში. პრაქტიკული ქეისების მართვისას, სოციალური მუშაკები ხშირად ცდილობენ გამოკვეთონ და გააძლიერონ ქალების კონკრეტული შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც მათ სოციალიზაციასა და თვითრეალიზებაში დაეხმარებათ.
პოლიტიკის დონეზე სოციალური მუშაკები უმკლავდებიან მასკულინური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ისეთ დამოკიდებულებებს, რომლებიც ხელს უშლის ქალთა პროგრესს. ეს შეიძლება გამოიხატოს საჯარო აქტივობებში, პერფორმანსებში, რაც არაერთხელ ჩატარებულა საქართველოში ქალების მხარდაჭერისა და გამხნევების მიზნით. ასევე, სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლებიც მიმართულია გენდერული ბარიერების გამოვლენისა და შემცირებისკენ, გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების შეცვლით. კვლევების შედეგების საშუალებით, სოციალური მუშაკები ქმნიან სასარგებლო და ქმედით ინსტრუმენტებს, რომლებიც ხშირად გადამწყვეტია გენდერული მეინსტრიმინგის პროგრამებისთვის.
სოციალური მუშაკები პრაქტიკული მუშაობის დროს ქალებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას საკუთარი უფლებების, სახელმწიფოში არსებული რესურსებისა და სერვისების შესახებ. პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად, განვიხილავ პრაქტიკულ ქეისს. სოციალური მუშაკი ჩართული იყო არასრულწლოვანთან, რომელიც ადრეული განვითარების ქვეპროგრამით სარგებლობდა. ოჯახში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, დედამ აღნიშნა თუ რამდენად შეიცვალა მათი ყოველდღიური ცხოვრება. კერძოდ, დედის გადმოცემით, ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე ყოველდღიურ რეჟიმში აიძულებდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის და ორიენტირებულიყო საოჯახო საქმიანობებსა და შვილების გაზრდაზე, რადგან ხშირად არასამუშაო საათებშიც უწევდა მუშაობა. მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობა დღითი დღე დაიძაბა და ადგილი ჰქონდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ ძალადობას, ქალმა მიიღო განქორწინების გადაწყვეტილება, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი გამბედაობა და ცოდნა ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. სოციალურმა მუშაკმა მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით და ურჩია მიემართა პოლიციისთვის საკუთარი უფლებების დასაცავად. ასევე, ესაუბრა სახელმწიფოში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით, როგორც იურისტის მომსახურებაზე, ასევე, ფსიქოლოგის სერვისსა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაზე. საქმის მსვლელობისას, წყვილი სასამართლოს წესით განქორწინდა, განისაზღვრა ბავშვების საცხოვრებელი ადგილი და ნახვის დღეები, ალიმენტი და რაც მთავარია, ქალბატონმა მიიღო კუთვნილი ქონების ნახევარი, რომელიც ქორწინებაში ყოფნის პერიოდში ერთობლივად შეიძინეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი საკითხი ცნობიერების ამაღლებაა, იცოდე საკუთარი უფლებები და სახელმწიფოში არსებული რეგულაციები და სერვისები, რომლებიც შენ, როგორც მსხვერპლს გიცავს და გაძლიერებს. სოციალურმა მუშაკმა, რომელმაც საწყის ეტაპზევე მოიპოვა ნდობა და დაამყარა რაპორტი, მარტივად შეძლო მსხვერპლის საჭირობების იდენტიფიცირება, შეფასება და გადამისამართება შესაბამის ორგანოებში.
გენდერული თანასწორობა სამართლიანი საზოგადოების წინაპირობაა. სოციალურ მუშაკებს კი დიდი პოტენციალი აქვთ გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად სხვა სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობით. შესაბამისად, ამ პროცესში მათი ჩართულობა საჭირო და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის საკითხზე მუშაობისას, სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური მუშაობის სპეციფიკა, პროფესიის როლი და მნიშვნელობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
ბლოგის ავტორი: თამუნა გულისაშვილი
No Responses