სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია

2021 წლის 22 იანვარს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა – “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანების წევრი სოციალური მუშაკები, ისე “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, ჯამში 20 მონაწილე. პირდაპირი ტრანსლაციით ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შეხვედრას უყურებდა 2,487ადამიანი.


შეფასების მიზანი იყო „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 16 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდა მხოლოდ 3 და ნაწილობრივ შესრულდა 9. შეფასების მიხედვით, კანონის არსებობამ, ამ დრომდე, მხოლოდ პროფესიის მნიშვნელობასა და ინსტიტუციური რეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სხვა მხრივ კი, მოლოდინის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო სოციალურ მუშაკთა და ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის დროული და ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობას, როგორც სოციალურ მუშაკთა, ასევე ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით, COVID-19 პანდემიის გავრცელების პერიოდში, როდესაც კიდევ უფრო იზრდება უსახლკარობა, უმუშევრობა, ფსიქიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.
პრეზენტაცია წარმართა პროფესიული კავშირის თავჯდომარემ – ქეთევან ხუციშვილმა, ხოლო მომხსენებლები იყვნენ ორგანიზაციის გამგეობის წევრები – სოფიკო ხვთისიაშვილი და მარიამ ბანძავა.


ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი
ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *