საქმეთა დათვლის სტანდარტი სოციალურ მუშაობაში და ქართული რეალობა

სოციალური მუშაობის საჭიროება პირველად ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა დაცვის სფეროში გაჩნდა. თავდაპირველად შეირჩა და გადამზადდა 18 სოციალური მუშაკი სამ ქალაქში, რომლებიც ბავშვთა დიდი სახლების დეინსტიტუციონალიზაციასა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციას მოახდენდნენ. [1] თუმცა, მას შემდეგ ქვეყანამ მრავალი რეფორმა განახორციელა და დღემდე ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სოციალურ მუშაკს აკისრია. შესაბამისად, გაიზარდა სოციალური მუშაკის საჭიროება, გაფართოვდა საქმიანობის სფეროები, დაემატა უფლება-მოვალეობები  და დღეს, სოციალური მუშაკი მუშაობს დაახლოებით 32 მიმართულებით, არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ქალებთან, ხანდაზმულებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან, ოჯახურ დავებთან, სოციალურად დაუცველებთან და შეიძლება ითქვას ყველა იმ ადამიანთან, ვინც რაიმე სახით სოციალური მუშაკის დახმარებას საჭიროებს.

თუმცა, აღსანიშნავია რომ გაზრდილი მიმართულებებისა და საქმიანობის პარალელურად არ ხდებოდა საქმეთა მოცულობის შესაბამისი რაოდენობის კადრებით უზრუნველყოფა.  რამაც გამოიწვია ის, რომ 2018 წლის მონაცემებით მარტო ისანი-სამგორის სერვის ცენტრის ერთი სოციალური მუშაკი თვეში 132 შემთხვევაზე მუშაობდა. თვეში 132 შემთხვევა გულისხმობს 132 მოქალაქეს, 132 ოჯახის წევრს, 132 განხორციელებულ ვიზიტს და 132 კონსულტაციას – ასეთი დატვირთვის ფონზე, რაღა თქმა უნდა, თავისთავად გამორიცხულია ხარისხიანად და ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა. მაშინ როდესაც, სოციალური სამუშაოს საქმიანობისთვის გადამწყვეტი როლი აქვს სწორად გადანაწილებულ სამუშაო საათებსა და დატვირთვას. [2]

თვითონ პროფესია თავისი შინაარსით და საქმიანობებით მრავალ სტრესთანაა დაკავშირებული, და როგორც საერთაშორისო კვლევები ამბობენ,[3] აღნიშნული სტრესიდან 56% სწორედაც, რომ პერსონალის ნაკლებობას და გადატვირთულ საქმეთა მოცულობას უკავშირდება.  ეს უარყოფით გავლენას ახდენს სოციალური მუშაკების შესაძლებლობაზე უზრუნველყონ მუდმივად სათანადო ზრუნვა და დახმარება, ყოველი დღის ბოლოს კი მოახდინონ არსებული დოკუმენტებისა და გეგმების შევსება, რაც ძალიან დიდ დროით და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული და ამძაფრებს შფოთვასა და პროფესიული გადაწვის რისკებს.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 13 ივნისს მიიღო კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც ერთადერთი სამართლებრივი დოკუმენტია პროფესიის შესახებ და ნამდვილად მისასალმებელია, რომ ბოლოსდაბოლოს ქვეყანამ აღიარა სოციალური მუშაობა, როგორც საჭირო და აუცილებელი პროფესია. თუმცა, როგორც ყველა კანონის შემთხვევაში აქაც გვაქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. აღნიშნული კანონის მიხედვით „სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, დადგენილია მიმდინარე საქმეთა (შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა. შემთხვევების რაოდენობა 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. დამატებით მიღებული საქმეებით გათვალისწინებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ოდენობას ამ ოდენობის ერთი მესამედით.“[4] რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი საჭიროდ ჩათვლის შემთხვევათა რაოდენობა შესაძლებელია გაიზრდოს ერთი მესამედით ანუ 15 შემთხვევით, რაც საბოლოო ჯამში 65 საქმეს გულისხმობს. და რაც მთავარია, კანონის მიხედვით არ არის გათვალისწინებული რეალურად რა იგულისხმება ამ 50 „საქმეში“ და მოუწევთ თუ არა სოციალურ მუშaკებს დამატებით სხვა ტექნიკური საქმიანობების განხორციელებაც.

სოციალური მუშაკის სამუშაოს დატვირთულობა იზომება შემთხვევების რაოდენობით და ამ შემთხვევებთან დაკავშირებული განხორციელებული საქმიანობებით. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკაფიოდ იყოს განსაზღვრული რა იგულისხმება „საქმეში“ (case), ეს იქნება მიმდინარე თუ ახალი შემთხვევები. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული „საქმეთა“ სწორი აღქმა და გაგება პირდაპირ უწყობს ხელს სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების გარკვევას.  შეუძლებელია სოციალური მუშაკი პასუხისმგებელი იყოს ისეთ ტექნიკურ საქმიანობებზე, როგორიცაა მაგალითად მოქალაქეთა მონაცემების ბაზაში ასახვა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მუშაკები გაფიცვის დროსაც აქტიურად საუბრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო განსაზღვრება თუ ზუსტად რამდენ შემთხვევაზე უნდა იმუშაოს სოციალურმა მუშაკმა. მაგრამ, არსებული კვლევები და ლიტერატურა იძლევა რეკომენდაციებს საქმეთა ზღვრული რაოდენობების გამოანგარიშებისათვის. რომელთა მიხედვითაც:

  • სოციალური მუშაკების საქმეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 11-15 შემთხვევაზე მეტი; [5]
  • საქმეების მაქსიმალური რაოდენობის გადაცემისას აუცილებლად უნდა მოხდეს შემთხვევათა სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინება;
  • განსხვავებულად უნდა განისაზღვროს სხვადასხვა სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკთა საქმეთა რაოდენობა;

საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვისას აღნიშნული იყო, რომ ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა ბევრი ქვეყნებისთვის წარმოადგენდა 8-დან 18 შემთხვევას, სფეროების მიუხედავად. [6]

ამერიკის ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის  (Child Welfare League of America – CWLA) რეკომენდაციებით ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოღვაწე სოციალური მუშაკების საქმეთა რაოდენობა კი ასეა წარმოდგენილი:

CWLA Recommended Caseload Standards
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც ახდენს ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და შეფასებასარ უნდა აღემატებოდეს 12 აქტიურ შემთხვევას თვეში
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც მუშაობს ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და ოჯახების გაძლიერებებზეარ უნდა აღემატებოდეს 17 მიმდინარე შემთხვევას (ოჯახს)      
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც ერთდროულად მუშაობს როგორც ბავშვზე ძალადობის შეფასებაზე, ასევე გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე  არ უნდა აღემატებოდეს 10 ახალ შემთხვევას (ოჯახს) არ უნდა აღემატებოდეს 4 მიმდინარე შემთხვევას
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც მუშაობს უშუალოდ ოჯახის გამაძლიერებელ სერვისებზე2-6 ოჯახი
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც მუშაობს მშვილებლებთან, მათ შეფასებასა და კონსულტირებაზე20-25 ოჯახი
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც მუშაობს გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვებთან და ახდენს მათ მომზადებას შვილად აყვანის პროცედურებისთვის.10-12 ბავშვი
სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა, რომელიც მუშაობს ასაკით დიდი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან, რომელთაც აქვთ გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი12-15 ბავშვი
მინდობით ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა12-15 ბავშვი, მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია აღნიშნულ სერვისში ჩართულ არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ საჭიროებებზე.

[7]

და რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში? ჩვენს ქვეყანაში ერთი სოციალური მუშაკი ერთდროულად მუშობს ზემოთჩამოთვლილ ყველა მიმართულებაზე, რომელთაც ემატება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ოჯახური დავები, მეურვეობა/მზრუნველობა და სხვა მხარდამჭერი სერვისები. მაშინ როდესაც, საერთაშორისოდ არის აღიარებული, რომ თავად ბავშვთა კეთილდღეობის სფერო არის იმდენად რთული, საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი და საფრთხილო სფერო, რა დროსაც სოციალური მუშაკი მთლიანად უნდა იყოს ორიენტრებული იმ კონკრეტულ მიმართულებაზე რომელზედაც ანგარიშვალდებულია, რომ დამატებითი სფეროები, თავისთავად გამორიცხავს სათანადო და ხარისხიან მუშაობას. ყოველივე ამას ფიზიკურად არ ეყოფა ადამიანური რესურსი და კომპეტენცია.

საქმეთა სწორ გადანაწილებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დახარულ ინსტიტუციებში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, ვინაიდან შემთხვევების დიდი მოცულობის გამო ნაკლები დრო რჩებათ ბენეფიციარებისთვის და იძულებულნი ხდებიან რეაქციულად განახორციელონ საქმიანობა სამომავლო გეგმების შედგენისა და პრევენციის განხორციელების ნაცვლად. რის გამოც სოციალური მუშაკისთვის ნორმა ხდება მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში ინტერვენცია და ბენეფიციარი ვერ ახდენს დროულად ინსტიტუციის დატოვებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ფუნქციონირებას. ამიტომაც, საერთაშორისო გამოცდილებით თავშესაფარში მომუშავე სოციალური მუშაკის საქმეთა რაოდენობა არ აღემატება 8 შემთხვევას. ვინაიდან, ამ დროს სტრესის დონე  და საქმის შესრულების სირთულე კიდევ უფრო მაღალია. პირველი იმიტომ, რომ მთელი დღეების განმავლობაში ხარ დახურულ სივრცეში, ყოველდღიური შემხებლობის გამო რთულია სათანადო ურთიერთობერბის ჩამოყალიბება ბენეფიციართან და რაც მთავარია, გიწევს უამრავი დოკუმენტაციის წარმოება. [8]

კიდევ ერთ პრობლემას ქვეყანაში წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებების ინფორმაციის ნაკლებობა. ზოგადად, ზრუნვის სფეროთან, სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები უმეტესად შეუსწავლელი რჩება და ნაკლები კვლევები ტარდება.

მთლიანი შესწავლილი მონაცემი სოციალური მუშაკების დატვირთულობასთან დაკავშირებით, გვაქვს 2019 წლის 22 მარტის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობას, სადაც საუბარია სოციალური მუშაკების არასაკმარის რაოდენობასა და საქმეთა დიდ მოცულობაზე, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტროზე/პრობლემაზე აღნიშნული მიმართულებით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სოციალური მუშაკების უფლება-მოვალეობები არაპროპორციულია მათ რაოდენობასთან შედარებით. სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება თვეში რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას.“

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 100 ათას მოსახლეს ემსახურება მხოლოდ 7 სოციალური მუშაკი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში, მაგალითად სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას და არ ჯდება არცერთ სტანდარტში. რაც დამეთანხმებით აისახება კიდეც მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზეც.

ქვეყანასოციალური მუშაკის რაოდენობა 100,000 მოსახლეზე
ევროკავშირი1851
სლოვენია772
მოლდოვა32
საქართველო7

წყარო: ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში

ამას ემატება მომართვიანობის გაზრდაც. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ 2017 წელთან შედარებით, მხოლოდ არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევები 2019 წელს 204% არის გაზრდილი, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია. აღნიშნულის ფონზე კი, სოციალური მომსახურების სააგენტომ ე.წ რეორგანიზაციის ფარგლებში დაუსაბუთებლად 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა და კიდევ უფრო მეტად შეამცირა სათანადოდ მომსახურების შესაძლებლობა.

ავტორი: სოფიკო ხვთისიაშვილი

ზემოთწარმოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.


[3] https://www.charecruitment.com/blogs/social-work-caseloads-how-high-is-too-high-91152591612

[4] საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“

[5] Tony Nakhimoff, Guide To Effective Caseload Allocation, 2015

[6] http://www.socialserviceworkforce.org/system/files/resource/files/workload-and-casework-review.pdf

[7] https://www.cwla.org/wp-content/uploads/2014/05/DirectServiceWEB.pdf

[8] https://books.google.ge/books?id=CD2DBwAAQBAJ&pg=PA55&lpg=PA55&dq=Indoor+shelter+social+workers+caseload&source=bl&ots=YuC1uH6qEm&sig=ACfU3U3VOpZ_ZlqYp0EE6Tg0JvdbRzhbeg&hl=ka&sa=X&ved=2ahUKEwimzOmsyuDqAhVIDuwKHUFoBUw4ChDoATADegQICBAB#v=onepage&q&f=false

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.