“ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განხილვა ფემინისტური სოციალური მუშაობის ჭრილში “

სტატიის ავტორი: მარიამ ბურჯანაძე

ფემინიზმის ტალღები სუფრაჟისტული მოძრაობიდან ამოიზარდა, თეორიული თვალსაზრისით გაძლიერდა, ინტერსექციურ ჩაგვრამდე გაფართოვდა  და ოთხ ტალღად გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ  თითოეულმა ფემინისტურმა მოძრაობამ სხვადასხვა სიტყვა თქვა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში – ყველა მათგანი  ამახვილებს ყურადღებას პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობის, როგორც ქალის უმთავრესი ფუნქციის, ბავშვზე ფიზიკური, ემოციური ზრუნვისა და აუნაზღაურებელი შრომის გამოწვევებზე (UN Women, 2021).

 ბავშვთა კეთილდღეობა და ქალების უფლებრივი მდგომარეობა იმდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ხშირად ერთმანეთის გარეშე მათი გააზრება  ფრაგმენტულია. ქალები, რომლებსაც პატრიარქალური საზოგადოება აკისრებს ბავშვთა ზრუნვაში მთავარ პასუხისმგებლობას – ამასთანავე არიან ქალები, ხშირად – დაბალი სამსახურებრივი პოზიციებითა და ანაზღაურებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, მარტოხელა დედები და ასევე ქალები, რომელთა სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც უხილავია სახელმწიფო პოლიტიკისთვის (ტაბიძე, 2017). ეს უკავშირდება ორმაგ ექსპლუატაციას , რომელზეც აიზენშტაინი და ფრიდმანი საუბრობენ. აღნიშნული გულისხმობს  ერთი მხრივ, ქალების რთულ სოციოეკონომიკურ მდგომარეობას, მეორე მხრივ კი, ოჯახურ გარემოში ქალებისადმი მაღალ მოლოდინებს. ამასთანავე, ქალების  მზრუნველის როლი ხშირად უკავშირდება “დედების დადანაშაულების” იდეას. პატრიარქალურ საზოგადოებებში, სადაც ბავშვზე ზრუნვის მთელი ვალდებულება გადატანილია დედებზე, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულების საკითხიც დგება მხოლოდ დედებთან მიმართებით (Jacqueline, 2013).

ბავშვთა ზრუნვის სფეროში ძირითადად ორი ფემინისტური მიდგომა არსებობს. სოციალისტური მიდგომის მთავარი პრინციპია – ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთდახმარება, ამ შეხედულებას ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა გადააქვს დედიდან – მთლიანად საზოგადოებაზე და აყენებს მას კოლექტიური ზრუნვის დღის წესრიგში – “პირადი პოლიტიკურია” მიდგომით. ხოლო ლიბერალური მიდგომა გულისხმობს ბავშვზე ზრუნვის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გაზრდასა და მათ გაძლიერებას, ეკონომიკური, სოციალური თუ ემოციური კუთხით (Ferguson, 1988).

 ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა, ქალებისა და ოჯახების გაძლიერება სოციალური მუშაობის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ კონტექსტში სოციალური მუშაობის განვითარება სწორედ ბავშვთა ზრუნვის სფეროში დაიწყო, რაც ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული (ღია საზოგადოების ფონდი, 2015). აღნიშნული რეფორმის მიზანს წარმოადგენდა ბავშვების მშობლებისგან განცალკევების თავიდან აცილება, ადეკვატური მხარდაჭერის გზით, რადგანაც ინსტიტუციური ზრუნვა უგულებელყოფს  ბავშვის უფლებას – იზრდებოდეს ოჯახში, ეს ცვლილება წარმოადგენდა  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში (ფეტვიაშვილი, 2018). მიდგომა იზიარებს გაეროს ბავშვთა კონვენციის ძირითად პრინციპებს და  აღიარებს ბავშვსა და ოჯახს შორის არსებულ უნიკალურ ურთიერთობას, ხაზს უსვამს ოჯახური კავშირების მნიშვნელობას,  ხოლო ამ ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა განისაზღვრება როგორც უკიდურესი და დროებითი ზომა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის უმთავრესს მექანიზმს წარმოადგენს სოციალური მუშაკი, რომელიც მონაწილეობს ოჯახის გაძლიერების, ბავშვთა რეფერირებისა და რეინტეგრაციის პროცესში. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას  ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2019). ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის საოჯახო პოლიტიკა, რომელიც ოთხი ძირითადი ინსტრუმენტისგან შედგება, ესენია – ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, ფულადი ტრანსფერები და საგადასახადო კრედიტები, დეკრეტული შვებულება და “ოჯახის ხელშემწყობი” სამუშაო პირობები (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 2014).

საქართველოს კონტექსტში ბავშვთა ზრუნვის სფეროში განხორციელებული  ცვლილებების მიუხედავად, კვლავ მრავალი გამოწვევა იჩენს თავს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია , ოჯახის დამხმარე და პრევენციული მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის ანგარიშის (2022) მიხედვით,  ხშირ შემთხვევაში, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან განცალკევების ძირითად საფუძველს ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტაბილური საცხოვრებლისა და შემოსავლის არქონა წარმოადგენს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ქვეყანას არ აქვს ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციისა და დროულ რეინტეგრაციაზე მიმართული ეფექტიანი მექანიზმები. უმეტესწილად, ქვეყანაში არსებული მომსახურებები მიზნად ისახავს კრიზისში მყოფი ოჯახების დახმარებას და არ აქვს გრძელვადიანი, ეფექტური შედეგი ოჯახის გაძლიერების კუთხით. ბენეფიციართა მომსახურების ზეგავლენის შეფასების ანგარიში აჩვენებს , რომ სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ძირითადად შემოიფარგლება ფულადი დახმარებებით მრავალშვილიანი  და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც დამოკიდებულია ოჯახის სარეიტინგო ქულაზე, ზღუდავს ადამიანების შესაძლებლობებს დასაქმებისა და განვითარების კუთხით. კვლევამ აჩვენა, რომ ბენეფიციართა 21% სამ წელზე მეტ ხანს არის ჩართული მომსახურებაში, შესაბამისად, მათი მდგომარეობა წლების განმავლობაში არ იცვლება (საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, 2020). ქვეყანაში კვლავაც მაღალია ქალების აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობებზე დახარჯული დროის წილი, რომელიც კაცების შესაბამის მაჩვენებელს 4.8 – ჯერ აღემატება. ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბავშვების სააღმზრდელო სერვისების ნაკლებობა, რაც ხელს უშლის ქალების დასაქმებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევას (საქართველოს სახალხო დამცველი, 2022). აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში ექვსი დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს, მომსახურების მიღება კი შესაძლებელია 88 ბენეფიციარისთვის. აღნიშნულ მომსახურებაშიც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული დაფინანსება და ინტერვენციის დროებითი ხასიათი. თავშესაფრის მომსახურება ნაკლებად ფოკუსირდება დედების ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაზე, რის გამოც მთავარი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და თავშესაფრის დატოვების შემდეგ, დედები და ბავშვები კვლავ იმავე გამოწვევებს აწყდებიან (საქართველოს სახალხო დამცველი, 2022). ბავშვთა კეთილდღეობის სფეროსთვის აქტუალური საკითხია სოციალური მუშაკების სიმცირე და მძიმე სამუშაო პირობები, რაც მოქმედებს მომსახურების ეფექტურობაზე. საქართველოში ბავშვთა სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს – გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომა, შეზღუდული რესურსები, არასათანადო ინფრასტრუქტურა, პროფესიული გადაწვის გაზრდილი რისკი და სხვა (სიხუაშვილი, 2021).

საქართველოში ფემინისტური თეორიის გავლენა კვლავაც არ არის ძლიერი სოციალური მუშაობის პრაქტიკასა და ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკაზე, რადგანაც მას აკლია მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ფემინისტური სოციალური მუშაობა უაღრესად ქმედითი მექანიზმია ქვეყანაში სოციოეკონომიკური კლიმატის შესაცვლელად. ფემინისტური სოციალური მუშაობისთვის ცენტრალურია მშობლების გაძლიერება მხარდამჭერი სერვისების მიწოდებითა და პოლიტიკის დონეზე მარტოხელა დედებისა და ბავშვთა საჭიროებების ლობირების გზით. ფემინისტი სოციალური მუშაკები ქალების ინდივიდუალურ გამოცდილებას განიხილავენ საზოგადოებაში არსებული მოლოდინებისა და  მჩაგვრელ სოციალურ სტრუქტურებთან მიმართებით, რაც საფუძვლად უდევს სოციალური მუშაკების ადვოკატობასა და სისტემური ცვლილებების ინიციირებას (Dominelli, 2002). ამასთანავე, სოციალური მუშაკები მუშაობენ საზოგადოების დონეზე პატრიარქალური შეხედულებების შეცვლისა და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ოჯახური როლების გადანაწილების, პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების, ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ (Hyde, 2022). სოციალური მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთა თვითგამორკვევა, რაც  ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში გულისხმობს ოჯახური როლების განსაზღვრას არასექსისტური შეხედულებებით, ხელმისაწვდომი ალტერნატივების შეთავაზებას ტრადიციული განწყობების გავლენის გარეშე. მაგალითად, სოციალურმა მუშაკმა შეიძლება შესთავაზოს ბავშვის მოვლაში უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღება მამას, დეკრეტული შვებულების გამოყენების ალტერნატივის განხილვა. ამგვარი მრავალმხრივი და ჯანსაღი მიდგომების შეთავაზება მნიშვნელოვანია ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად (Jacqueline, 2013).

წამყვანი მიდგომა გახლავთ ის, რომ ფემინისტი სოციალურ მუშაკები ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოქმედებისას, ასევე ფიქრობენ ქალებზე, რომელთა დედობრივი როლი ხშირად გადაჯაჭვულია მათ იდენტობასთან და ამ როლის შეუსრულებლობა ძირს უთხრის მათ თვითშეფასებას. ფემინისტური სოციალური მუშაობა ეწინააღმდეგება დისკრიმინაციულ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გარკვეულწილად ასუსტებს კერძო პატრიარქატს, თუმცა ქალებს დამოკიდებულს ხდის სახელმწიფო მომსახურებაზე – ამყარებს საზოგადოებრივ პატრიარქატს (Dominelli, 2002). სოციალური მუშაკები ხედავენ დედებს, რომლებსაც ხშირად ვერ ხედავს სისტემა და რომლებისთვისაც უაღრესად პოლიტიზებულ კონტექსტურ ველში  ხშირად არ მოიძებნება მხარდამჭერი სერვისები.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფემინისტური შეხედულებებისა და მიდგომების დანერგვა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად უმთავრესია სახელმწიფო პოლიტიკამ ბავშვთა ზრუნვის სფეროში მიიღოს სისტემური ხასიათი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს პრევენციული მომსახურებების შექმნას, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახის გაძლიერებაზე და  უზრუნველყოფს იმგვარ მხარდაჭერას ოჯახებისთვის, რომ გარემოებები, რომელთა აღმოფხვრაც დამოუკიდებლად ვერ ხერხდება, არ გახდეს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების მიზეზი. აღნიშნული სისტემური რეფორმა უნდა მოიცავდეს ოჯახების გაძლიერებას განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობით – მშობლებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობების შექმნას, მათი შრომითი უფლებების დაცვას,  სააღმზრდელო მომსახურებების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს დედისა და მამის თანაბარ ჩართულობას ბავშვზე ზრუნვის პროცესში. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს დამატებით, მრავალფეროვან  სერვისებს მარტოხელა დედებისთვის. მთავარია, სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რადგანაც სოციალური მუშაკები წარმოადგენენ უმთავრესს მექანიზმს ოჯახების გაძლიერების,  საზოგადოებაში ფემინისტური ღირებულებების  გაზიარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს სოციალური მუშაკების ჩართულობა პოლიტიკის დონეზე, რათა განვითარდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურებები , რომლებიც უკეთ მოერგება ქალებისა და ბავშვების საჭიროებებს. ფემინისტური სოციალური მუშაობის პრაქტიკის გაძლიერება ხელს შეუწყობს  სასიკეთო ცვლილებების გატარებას ბავშვთა ზრუნვის სფეროში.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “ფემინიზმი და სოციალური მუშაობა” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2019). საქართველოს კანონი ბავშვის უფლებათა კოდექსი კონსოლიდირებული ვერსია. თბილისი, საქართველო. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=3

საქართველოს სახალხო დამცველი . (2022). სპეციალური ანგარიში დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მონიტორინგის შედეგები. თბილისი, საქართველო. https://www.ombudsman.ge/res/docs/2022101315180382770.pdf

საქართველოს სახალხო დამცველი. (2022). საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. თბილისი, საქართველო. https://ombudsman.ge/res/docs/2023033120380187763.pdf

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. (2020). ბენეფიციართა მომსახურების ზეგავლენის შეფასების კითხვარის ანალიზი, ანგარიში. თბილისი, საქართველო. https://www.gasw.org/index.php/publications/researchs/677-2020-09-03-11-59-50

სიხუაშვილი, ნ. (2021). სოციალური მუშაკების ძირითადი გამოწვევები საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში(სამაგისტრო თეზისი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). თბილისი, საქართველო. https://openscience.ge/bitstream/1/2288/1/Nino Sikhuashvili Samagistro.pdf

ტაბიძე, მ. (2017). ქალები აუნაზღაურებად და ანაზღაურებად შრომაში (სამაგისტრო თეზისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). თბილისი, საქართველო.

https://openscience.ge/bitstream/1/1280/1/MA Thesis.Tabidze  genderi.pdf

ფეტვიაშვილი, ხ. (2018). ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების მიერ დანახული სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები (სამაგისტრო თეზისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). თბილისი, საქართველო. https://openscience.ge/bitstream/1/1486/1/MA-Thesis.-Petviashvili  socmuS.pdf

ღია საზოგადოების ფონდი. (2015). სოციალური მუშაობის განვითარება და გამოწვევები საქართველოში. თბილისი, საქართველო. https://osgf.ge/socialuri-mushaobis-ganvi/

Dominelli, L. (2002). Feminist Social Work Theory and Practice: PALGRAVE. https://www.gacbe.ac.in/images/E books/Feminist Social Work Theory and Practice.pdf

Enge, Jacqueline. (2013). Social Workers’ Feminist Perspectives: Implications for Practice. Retrieved from Sophia, the St. Catherine University repository website: https://sophia.stkate.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1175&context=msw_papers

Ferguson, E. B. (1988). LIBERAL AND SOCIALIST FEMINIST PERSPECTIVES ON CHILDCARE. Canadian Social Work Review / Revue Canadienne de Service Social, 5, 44–64. https://www.jstor.org/stable/41669245

Hyde A. Ch. (2022). Feminist Macro Social Work Practice. Oxford University Press. https://doi.org/10.1093/acrefore/9780199975839.013.151

UN Women. (2021). New feminist activism waves and generations. https://www.unwomen.org/sites/default/files/Headquarters/Attachments/Sections/Library/Publications/2021/Discussion-paper-New-feminist-activism-waves-and-generations-en.pdf

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.