სოციალური მუშაკის როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

ავტორი: თამარ ზარქუა

დისკრიმინაცია არის ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, რომელიმე ნიშნის ან ჯგუფის კუთვნილების გამო.

„საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.“[1]  თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს უმაღლესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ კონსტიტუციის მე- 11 მუხლით.

მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შიდა სახელმწიფოებრივი კანონებით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით, დღეის მდგომარეობით ქვეყანა მაინც დგას ამ გამოწვევის წინაშე. ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩაერთოს ყველა უწყების წარმომადგენელი. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის როლი, რომელსაც ხშირად, მოწყვლად და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან უწევს მუშაობა.

სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი სწორედ, რომ თანასწორობის პრინციპს ეყრდნობა და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ „პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“[2]

წინამდებარე სტატიაში მიმოხილული იქნება  სოციალური მუშაკის როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე, მიმოხილული იქნება ქვეყანაში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები  და მათთვის მიმართვის გზები.

სტატიაზე მუშაობის პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიდან თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში, უშუალოდ სოციალური მუშაკის მიმართვის საფუძველზე რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რა ფაქტს შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეები (საქმის მოკლე ფაბულა, პერსონალური მონაცემების დაცვით). ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან უშუალოდ სოციალური მუშაკის მომართვის საფუძველზე რამდენ საქმეზე დაიწყო საქმის წარმოება და დადგინდა თუ არა ზემოაღნიშნულ საქმეებზე დისკრიმინაცია.

სტატიაზე მუშაობის ფარგლებში, მიმართულ იქნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსთვის; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ მიმართავენ სოციალური მუშაკები საგამოძიებო ორგანოს და ბოლო სამი წლის განმავლობაში უშუალოდ სოციალურ მუშაკს ან/და სამსახურს თუ მიუმართავს საგამოძიებო ორგანოსთვის და თუ მიუწოდებია ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, ასევე რა რეაგირება ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს – დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება და რა შედეგი დადგა სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის გამოყენების შემდგომ.

გარდა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზისა, ნაშრომზე მუშაობის დროს  ჩატარდა თვისობრივი ინტერვიუ სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე 10 სოციალურ მუშაკთან, რომლებმაც ისაუბრეს მათ პირად გამოცდილებებზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაანალიზდა აღნიშნული ინტერვიუების შედეგები, ნაშრომის დასკვნით ნაწილში კი შეჯამებულია კვლევის დროს შესწავლილი და გაანალიზებული საკითხები.

1.          დისკრიმინაციის დეფინიცია 

ყველა ადამიანი თანასწორია. დისკრიმინაცია კი თანასწორობის საპირისპიროა. როდესაც ვინმეს განსხვავებულად ექცევიან ყოველგვარი ობიექტური და გონივრული დასაბუთების გარეშე, ეს არის დისკრიმინაცია.[3]

დისკრიმინაციის აკრძალვა გარანტირებულია ქვეყნის უმაღლესი კანონით საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“

საქართველოში 2014 წელს ამოქმედდა კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,“ ამ კანონის ამოქმედების მიზანი იყო შექმნილიყო ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც დისკრიმინაციის მსხვერპლს დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას მისცემდა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუხლის დისპოზიციაში საუბარია მხოლოდ რამდენიმე ნიშანზე, თუმცა არ შეძლება მივიჩნიოთ, რომ მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ნიშნებით განსხვავებული მოპყრობა მიიჩნევა დისკრიმინაციად. „და სხვა ნიშანი“  გულისხმობს, რომ შესაძლებელია პირის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდეს სხვა ნიშნითაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მუხლის დისპოზიციაში, მაგალითად სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა.

დისკრიმინაციის აკრძალვა გარანტირებულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებითა თუ აქტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელსაც საქართველო მიუერთდა 1994 წელს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განასხვავებენ დისკრიმინაციის ორ სახეს: პირდაპირ და არაპირდაპირ (ირიბი) დისკრიმინაციას.[4]

პირდაპირი დისკრიმინაციაა ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა და მნიშვნელოვნად განსხვავებული სიტუაციაში მყოფიპირების მიმართ თანასწორი მოპყრობა.   შესაბამისად პირდაპირი დისკრიმინაციის დროს  ერთ პირს სხვასთან შედარებით არასახარბიელოდ ექცევიან ანალოგიურ სიტუაციაში და ამას კონკრეტული საფუძველი აქვს, ეს კონკრეტული საფუძველი კი ხვდება „დაცულ საფუძვლებს“ შორის.[5]

არაპირდაპირი დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გარკვეული პრაქტიკა, მოქმედი ნორმა, მოთხოვნა ან პირობა ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე. არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს განსხვავებულია არა მოპყრობა, არამედ თვით ამ მოპყრობის ეფექტი, რომელსაც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები.  არაპირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა, რომელიც გავლენას ახდენს „დაცული საფუძვლით“ განსაზღვრულ რომელიმე ჯგუფზე გამორჩეულად უარყოფითი ფორმით ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.[6]

1.2.              დისკრიმინაცია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით „დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველი.[7]  ასევე, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ  დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.[8]

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც დისკრიმინაცია სცდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს და გადადის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ან უფრო მძიმე, სისხლის სამართალში.

2017 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა სექსუალური შევიწროების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის თანახმად „სექსუალური შევიწროებას წარმოადგენს − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.“ საჯარო სივრცეში ჩადენილ სექსუალურ შევიწროვებაზე რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს.

როდესაც დისკრიმინაციულ მოპყრობას მოაქვს მძიმე შედეგი მსხვერპლისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს ბრალდებულის პირდაპირ სისხლის სამართლის წესით დასჯას. დისკრიმინაციული დანაშაულები, რომელსაც ცალკე თავი აქვს სისხლის სამართლის კოდექსში მიძღვნილი ერთი შეხედვით ძალიან ჰყავს  სამოქალაქო სამართლებრივ ქმედებებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზიანი მძიმეა, კანონმდებელმა ამგვარი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯა გადაწყვიტა. მაგალითად: ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა[9], რასობრივი დისკრიმინაცია[10], შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა[11], რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა,[12] დევნა,[13] ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოქოდება,[14] ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება.[15]

ამასთან, შესაძლებელია, სხვა დანაშაულებიც ჩადენილი იყოს დისკრიმინაციის ნიშნით, მაგალითად ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანებაც კი.

1.3.             ქვეყანაში არსებული ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები

დისკრიმინაციასთან ბრძოლისას დაზარალებულმა და მისმა მხარდამჭერმა ყველა სახის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი უნდა გამოიყენოს ჯერ ადგილობრივ დონეზე, სასურველი შედეგის არ დადგომის შემთხვევაში კი, საერთაშორისო დონეზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, სადაც დისკრიმინაციის მსხვერპლს შეუძლია მიმართვა, საქართველოს სახალხო დამცველია. სახალხო დამცველის მიმართვისას პირს არ სჭირდება რაიმე სპეციალური, იურიდიული ცოდნა, რაც ხელმისაწვდომს ხდის მექანიზმის გამოყენებას.

დისკრიმინაციის მსხვერპლს ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით და მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. [16]

თუ ჩადენილია სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში დაზარალებულმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო თუ სახეზეა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება საგამოძიებო ორგანოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.

მოქმედი კანონმდებლობის ცვლილების შედეგად გარკვეულ დისკრიმინაციულ დანაშაულებს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,[17] მაგალითად: „რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა,[18]“ „დევნა.“[19]

გარდა ზემოთაღნიშნული ორგანოებისა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ რომელიც არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება და რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება[20]

შემდეგი მექანიზმია „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,“  რომელის ერთ-ერთი ფუნქცია  გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაა.[21]

შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდგომ დისკრიმინაციის მსხვერპლს აქვს უფლება მიმართოს ისეთ საერთაშორისო მექანიზმებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო), გაეროს კომიტეტებს და სხვა.

2.   სოციალური მუშაკის როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

2.1.      სოციალურ მუშაკებთან ჩატარებული თვისობრივი ინტერვიუს შედეგები

დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის (სიძულვილის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) ნიშნით ჩადენილი დანაშაულები დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.“[22] ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო თუ სახელმწიფო უწყების ყველა რგოლი იყოს ჩართული.

სოციალურ მუშაკებს დიდი როლი აკისრიათ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხშირად ბენეფიციარებმა არც კი იციან, რომ მათ მიმართ ჩადენილია დისკრიმინაციული მოპყრობა ან/და დისკრიმინაციული დანაშაული. პირველადი შეფასების დროს სწორედ, რომ სოციალური მუშაკი აფასებს პირის პრობლემებს და შემდგომში განსაზღვრავს საჭიროებებს.

 „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად „სოციალური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას, სოციალური მუშაკი არა მხოლოდ თავად არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებას.“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 ივნისის N715 ბრძანებით დამტკიცდა სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომლის თანახმად  „სოციალური მუშაობა ეფუძნება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, რისთვისაც სოციალური მუშაკი იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს. სოციალური მუშაკი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებას ახდენს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატირებას.“[23]  ზემოაღნიშნული წესი სოციალურ მუშაკს აკისრებს ვალდებულებას ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოახდინოს რეაგირება და გასწიოს ადვოკატირება, თუმცა ამისთვის აუცილებელია სოციალური მუშაკები ინსტენსიურად გადამზადდნენ ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ასევე მათ ჰქონდეთ საჭირო რესურსები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალურ მუშაკს არ მოუწიოს ადვოკატის როლის მორგება და არ გასცდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს, ამისთვის, კი აუცილებელია მულტიგუნდში იყოს მინიმუმ ერთი იურისტი მაინც, რომელიც სოციალურ მუშაკთან ერთად მიმართავს სათანადო ორგანოებს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩატარდა ინტერვიუ 10 სოციალურ მუშაკთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ესენია: „თანასწორობის მოძრაობა,“ „ვიზგი,“ „თემიდა“ და „საფარი.“ ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა, რომ 10 სოციალური მუშაკიდან თითოეულს ერთხელ მაინც ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოსთვის და მათი განცხადების ან/და საგამოძიებო ორგანოში ბენეფიციარის ვიზიტისას მათი თანხლების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს დაუწყია სიძულვილის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება. სოციალურ მუშაკებს საგამოძიებო ორგანოსთან ურთიერთობის სხვადასხვა გამოცდილებები ჰქონდათ. ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მ.ბ, განაცხადა, რომ ზრუნვის სააგენტოში მუშაობის პერიოდში მიმართა საგამოძიებო ორგანოს წერილობით და აცნობა ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი. განცხადების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში მის სამუშაო ადგილზე გამოცხადდა საქმეში სავარაუდო ბრალდებულად მხილებული პირი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, როგორც სოციალურმა მუშაკმა განმარტა, საგამოძიებო ორგანომ სავარაუდო ბრალდებულ პირს მიაწოდა ინფორმაცია სოციალური მუშაკის ვინაობის შესახებ და ასევე განუმარტა, რომ სწორედ სოციალური მუშაკის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ზემოაღნიშნული ფაქტი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ზერელე მიდგომას ადასტურებს, რადგან, ამ დროს განმცხადებელი პირი აღმოჩნდა საფრთხეში და საგამოძიებო ორგანომ გათქვა მონაცემები, რომელთა გამჟღავნებაც იმ ეტაპისთვის არ იყო საჭირო და აუცილებელი. (მხოლოდ ბრალდების წაყენების შემდეგ არის ვალდებული საგამოძიებო ორგანო ბრალდებულს გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად.[24])

ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა ს.ბ. განაცხადა, რომ 2018 წელს მიმართა საგამოძიებო უწყებას და მიაწოდა არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო ტრეფიკინგის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს, რომელიც იმყოფებოდა შრომით ექსპულატაციაში. მიუხედავად სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, საგამოძიებო უწყება მას ეუბნებოდა, რომ საქმეზე არ იყო სათანადო მტკიცებულებები და ვერავის მისცემდნენ პასუხისგებაში. სოციალური მუშაკის განცხადებით მას მოუწია თავისი ძალებით ეტვირთა საგამოძიებო ორგანოს როლი და მოეგროვებინა მტკიცებულებები, კერძოდ ს.ბ. თითქმის ყოველდღე ცხადდებოდა იმ ტერიტორიაზე სადაც ბავშვის  მიმართ ქუჩაში ეწეოდნენ შრომით ექსპლუატაციას, რეკავდა 112-ში, საპატრულო პოლიციისგან ითხოვდა რეაგირების ოქმების შევსებას. ასევე დასკვნებს და სხვადასხვა დოკუმენტებს აგროვებდა დღის ცენტრიდან, შემდგომ კი შემდგომში საპატრულო პოლიციის ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს  აგზავნიდა საგამოძიებო ორგანოში, თუმცა საგამოძიებო ორგანოს ზემოაღნიშნულ საქმეზე რაიმე სახის შედეგი არ დაუდია. ს.ბ.-ს განმარტებით, მან, თავისი ძალებით იურისტის გარეშე შეისწავლა მოქმედი კანონმდებლობა და პროცედურები, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვის ოჯახიდან განცალკევება, რაც დაკმაყოფილდა.  ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სოციალური მუშაკის აქტიურ ჩართულობას დიდი როლი აქვს დისკრიმინაციის და ზოგადად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინტერვიუს პროცესში ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა ბ.გ-მ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან სენსიტიური დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის ან და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში, ასევე წარსულ გამოცდილებასთან შედარებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები უფრო მეტად გულმოდგინებით ასრულებენ საქმეს, როცა საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც სოციალური მუშაკის თანხლება გაღიზიანებას იწვევდა საგამოძიებო ორგანოსთვის.

შედარებით რთული მდგომარეობაა, როდესაც სოციალურ მუშაკებს უწევთ სახალხო დამცველის აპარატთან ურთიერთობა. გამოკითხული სოციალური მუშაკების  უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატთან მათი კომუნიკაცია რთულია, რადგან, თუნდაც ცხელ ხაზზე დარეკვის დროს კომუნიკაციის დამყარების მცდელობისას, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრებიან ისეთი ენით, რომ იურიდიული განათლების გარეშე მათთან ეფექტური კომუნიკაცია შეუძლებელია.

ინტერვიუს შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ სრულწლოვანი ადამიანის შემთხვევაში სოციალური მუშაკები მთლიანად დამოკიდებულები არიან მის ნებაზე, სურს თუ არა სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობა, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართავენ შესაბამის ორგანოს.

როგორც ინტერვიუს შედეგებმა აჩვენა ყველაზე ხშირად სოციალური მუშაკები საგამოძიებო ორგანოს მიმართავენ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის, სქესობრივი ძალადობისა და ქალთა მიმართ (გენდერის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის საკითხებზე.

ასევე ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა, რომ როდესაც სოციალური მუშაკის დასაქმების ადგილზე მუშაობდა მულტიგუნდი და სოციალურ მუშაკთან ერთად საქმეზე ჩართული იყო იურისტი, საქმეების უმრავლესობა სასურველი შედეგით სრულდებოდა, სხვა შემთხვევაში, მათ თავად უწევდათ მოქმედ კანონმდებლობაში გარკვევა, პროცედურების შესწავლა და ადვოკატის როლის შეთავსება, რაც იწვევდა, სოციალური მუშაკების პროფესიულ გადაწვასაც და დროითი რესურსის გადაჭარბებასაც.

2.2.      საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკა

სტატიაზე მუშაობის პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კერძოდ მოთხოვილი იქნა, რომ საგამოძიებო უწყებას მოეწოდებინა სტატისტიკა, თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენ საქმეზე მიმართა სოციალურმა მუშაკმა ან/და სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება უშაუალოდ სოციალური მუშაკის განცხადების საფუძველზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 9 23 03426707 წერილის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს აღნიშნული ფორმით სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას.

გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან იმის თაობაზე თუ მიმართავენ სოციალური მუშაკები სახალხო დამცველს დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებზე და ბოლო სამი წლის მანძილზე, უშუალოდ სოციალური მუშაკის ან სააგენტოს მომართვის საფუძველზე, რამდენ საქმეზე იქნა საქმის წარმოება დაწყებული და დადგინდა თუ არა დისკრიმინაციის ფაქტი – სახალხო დამცველის მიერ გადმოგზავნილი პასუხის თანახმად სახალხო დამცველი მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს, შესაბამისად შეუძლებელია ზემოაღნიშნული ინფორმაციის  მოწოდება.

გამოთხოვილი იქნა საჯარო ინფორმაცია სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე თუ თუ  მიმართავენ სოციალური მუშაკები საგამოძიებო უწყებას და აწვდიან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ (მათ შორის ხომ არ აირს ქალთა მიმართ ძალადობა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაული) და ბოლო სამი წლის განმავლობაში, რამდენ საქმეზე იქნა მიმართული და დადგა თუ არა აღნიშნულ საქმეებზე შედეგი ასევე მოთხოვნილ იქნა საქმეების მოკლე ფაბულა პერსონალური ინფორმაციის დაცვით. სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 დეკემბრის N2/119880 წერილის თანახმად, „ სააგენტოში შექმნილია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. შესაბამისად, სოციალური მუშაკები, შესაძლო დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდგომ მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რაც გულისხმობს ამგვარი ინფორმაციის დაუყოვნებლივ სათანადო უწყებისთვის მიწოდებას.  ცხადია, მსგავს შემთხვევებში შესაძლო დანაშაულის სახეები არაერთგვაროვანია და მათ შორის ყოფილა როგორც, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული.“ წერილის თანახმად, სააგენტოს მიერ აღნიშნული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სტატისტიკის წარმოება არ ხდება.

ანალოგიური ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან, მათი NMES 7 23 0001737009 წერილის თანახმად 2021 წლიდან 2023 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სოციალური მუშაკის მხრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში რამდენიმე ფაქტის შეტყობინება განხორციელდა.

2023 წლის 4 დეკემბერს გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოდან იმის თაობაზე თუ თუ  მიმართავენ სოციალური მუშაკები საგამოძიებო უწყებას და აწვდიან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ (მათ შორის ხომ არ არის ქალთა მიმართ ძალადობა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაული) და ბოლო სამი წლის განმავლობაში, რამდენ საქმეზე იქნა მიმართული და დადგა თუ არა აღნიშნულ საქმეებზე შედეგი ასევე მოთხოვნილ იქნა საქმეების მოკლე ფაბულა პერსონალური ინფორმაციის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად ადგენს ვადებს, თუ როდის უნდა გასცეს ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა არ მოხდინა მოთხოვნილი ინფორმაციის გადმოცემა. როგორც კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე ვადის გასვლის შემდგომაც.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მუშაკები დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში მიმართავენ საგამოძიებო ორგანოს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად არიან ჩართულები საქმის მიმდინარეობის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სოციალურ მუშაკებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, თუმცა, ამ როლის განსახორციელებლად საჭიროა სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები.

კვლევის შედეგებიდან  გამოიკვეთა, რომ სოციალურ მუშაკებს უფრო მეტად საგამოძიებო ორგანოებთან უადვილდებათ ურთიერთობა, ვიდრე სახალხო დამცველის აპარატთან, შესაბამისად, საჭიროა ზემოაღნიშნულ უწყებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, რადგან დისკრიმინაციის შემთხვევებზე (თუ სახეზე არ არის სისხლის სამართლის დანაშაული) სწორედ რომ სახალხო დამცველი ახდენს რეაგირებას.

ამასთან, ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში იურისტის მხარდაჭერის გარეშე, სოციალურ მუშაკებს უწევდათ იურისტის პროცესიის შეთავსება, რაც იწვევდა მათი დროითი რესურსის არამიზნობრივად მოხმარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია შესრულდეს შემდეგი რეკომენდაციები:

  1.  პირველ რიგში აუცილებელია სოციალური მუშაკების გადამზადება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება თუ როგორ დაადგინონ დისკრიმინაცია და შემდგომში რომელ დაწესებულებას ან/და ორგანოს მიმართონ დისკრიმინაციული ფაქტის აღმოსაფხვრელად;
  2. აუცილებელია, რომ  სოციალურ მუშაკთან ერთად საქმეზე მუშაობდეს იურისტი, რათა სოციალურ მუშაკს არ მოუწიოს დამატებით, სხვა პროფესიის შეთავსება და ამით არ მოხდეს მისი პროფესიული გადაწვა;
  3. სასურველია სოციალურ მუშაკს ჰყავდეს ძლიერი მულტიგუნდი: მინიმუმ ერთი ფსიქოლოგის და  იურისტის კადრი, რათა სტრატეგიულად სწორად წარიმართოს საქმე;
  4. დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ სოციალური მუშაკების უსაფრთხოების საკითხიც, რადგან სოციალური მუშაკების უმრავლესობას უშუალოდ მსხვერპლებთან, ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ადგილას უწევს მუშაობა, რაც საფრთხის შემცველია მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
  5. აუცილებელია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებმა, სადაც დასაქმებულები არიან სოციალური მუშაკები, ასევე სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, გააძლიეროს თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატთან;
  6. გაიმართოს პერიოდული შეხვედრები სოციალურ მუშაკებსა და იმ ორგანოებს შორის, რომელთან ურთიერთობაც სამუშაო პროცესის განხორციელებისას, ხშირად უწევთ სოციალურ მუშაკებს.

აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებით შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევების აღმოფხვრა, რომლებიც არსებობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე.


[1] „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი

[2] „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი

[3] „Speak Peace, Hate speech is not opinion, Council of Europe, 2020, p. 7.

[4] „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი

[5] ევროპის კავშირის ძირითად უფლებათა სააგენტო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო- ევროპის საბჭო, „სახელმძღვანელო დისკრიმინაციის ევროპული სამართლის შესახებ,“ 2013წ; გვ 26.

[6] ევროპის კავშირის ძირითად უფლებათა სააგენტო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო- ევროპის საბჭო, „სახელმძღვანელო დისკრიმინაციის ევროპული სამართლის შესახებ,“ 2013წ; გვ 33.

[7] „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი

[8] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მუხლი – 3632

[9] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი;

[10] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლი;

[11] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე სეკუნდა მუხლი;

[12] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი;

[13] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი;

[14] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი;

[15] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე სეკუნდა მუხლი;

[16] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

[17] „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

[18] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი;

[19] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი;

[20] https://www.qartia.ge/qartia

[21] გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარტლამენტო საბჭოს დებულება. (18.06.2019 №1/223/19), მუხლი 2.

[22] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.“

[23] ქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 ივნისის N715 ბრძანება სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4.

[24] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლი.

სტატია მომზადებულია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ დაფინანსებული პროექტის “მოწყვლადიჯგუფებისდისკრიმინაციისგანდაცვისხელშეწყობასოციალურიმუშაკებისგაძლიერებისადაჩართულობისგზით“ ფარგლებში. შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პოზიციას.

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.