სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. საქმე შეეხებოდა ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 3 ნოემბერს გასულ სიუჟეტს „სოცმუშაკმა დედას შვილები მოპარა ქალი 6 და 9 წლის ბავშვებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს“. (იხ. ლინკი https://www.facebook.com/watch/?v=2941177146187263). გაერთიანების პოზიციაა, რომ ჟურნლისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-3 სა მე-8 პრინციპი.
განმცხადებლის თქმით, სოცმუშაკმა დედას ბავშვები გასტაცა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა ადასტურებს იმას, რომ ჟურნალისტს გამიზნულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში; ამას ემატება ისიც, რომ ჟურნალისტი ესაუბრება ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელს, რომელიც უხსნის პროცედურულად რა ხდება მაშინ, როცა ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო გარემოა შექმნილი ოჯახში და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ამგვარი სათაურით ცდილობს თემით მანიპულირებას და სოციალური მუშაკის პროფესიის დაკნინებას. შესაბამისად, გაერთიანება მიიჩნევდა რომ დარღვეულია ქარტიის 1-ლი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ეთიკის ქარტიის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ „მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა, განმარტა რომ ჟურნალისტმა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი. „ჟურნალისტი მასალის მომზადების პროცესში ესაუბრა და ჩაწერა ინტერვიუ არასრულწლოვნების მშობლებთან. ასევე, საკითხის უკეთ გამოკვლევის მიზნით, გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ისინი ჩანან სიუჟეტში, თუ როგორ საუბრობენ განსახილველი საკითხის შესახებ და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. ასევე, სატელეფონო საუბარი შედგა იმ სკოლის დირექტორთან, რომელშიც არასრულწლოვნები სწავლობენ. სიუჟეტის მომზადების პროცესში პოზიციის დაფიქსირებისა და პოზიციის დასაბუთების საშუალება მიეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებასაც”
ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, ხოლო მკითხველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით. შესაბამისად დარღვეულად მიიჩნია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ასევე უთითებდა დარღვეულ მე-8 პრინციპზე. „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”
სიუჟეტში გარკვევით ჩანდა არასრულწლოვანთა ფოტოები, რაც გაერთიანების აზრით მიუღებელია და შესაძლოა გამოეწვია არასრულწლოვნის სტიგმატიზაცია და მარგინალიზაცია. ისევე როგორც ლახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
მოპასუხის თქმით, კი ჟურნალისტს ფოტოების გამოქვეყნების უფლება ჰქონდა არასრულწლოვნის დედისგან.
თავად ქარტიამ სარეზოლუციო ნაწილი ასე განმარტა: ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, „მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან, თავად გადაწყვიტოს, რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება.“
ქარტიამ დარღვეულად მიიჩნია მე-8 პრინციპიც.
ქარტიას დარღვეულად არ მიუჩნევია მე-3 პრინციპი, რომელიც წყაროს არსებობას გულისხმობს, რადგან ჟურნალისტს ჰყავდა მინიმუმ ერთი დადასტურებული წყარო.
No Responses