მშრომელთა მოძრაობების თანაკვეთების მიმოხილვა, სოციალური მუშაკების, როგორც მშრომელების პერსპექტივის აღწერა და მათი როლის მიმოხილვა პროფკავშირული საქმიანობისა და შრომითი უფლებების ადვოკატირების პროცესში.

ავტორი: მარიამ ბანძავა

ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“

სოციალური მუშაობა და შრომითი უფლებები

სოციალური მუშაობის განმარტება,  სამიზნე ჯგუფები და ძირითადი ღირებულებები

სოციალური მუშაობა იმ პროფესიათა რიგს მიეკუთვნება, რომელთა მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ბრძოლაა.

 სოციალური მუშაობის განმარტება 2014 წლის IFSW (სოციალური მუშაკების საერთაშორისო ფედერაცია) გენერალურ შეხვედრასა და IASSW (სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია) ასამბლეაზე შემდეგნაირად დამტკიცდა: „სოციალური მუშაობა არის პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესია და აკადემიური დისციპლინა, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებებს და განვითარებას, სოციალურ ერთიანობას, ადამიანების გაძლიერებასა და გათავისუფლებას” (International federation of Social Workers).

სოციალური მუშაობა უმეტესად ემსახურება მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, დაუცველი, უმწეო, ღარიბი და დისკრიმინირებული ადამიანების დაცვას, თუმცა, სოციალური მუშაკი მხოლოდ ამ ჯგუფებთან არ მუშაობს. ეთნიკური წარმომავლობა თუ შემოსავალი არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რამაც შეიძლება ადამიანი მოწყვლადი ან დაუცველი გახადოს. ადამიანის ასაკი, გენდერული იდენტობა, განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მრავალი სხვა ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას მის ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე. სოციალური მუშაკის დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება დასჭირდეს („პროფესიული გადაწვის პრევენცია სოციალურ სამუშაოში“ ბანძავა მ. ხუციშვილი ქ. ხვთისიაშვილი ს., 2023).

      შესაბამისად, სოციალური მუშაკების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და მოძალადეები; სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები და ინდივიდები; უსახლკარონი; უმუშევრები; კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და მათი ოჯახები; მარტოხელა მშობლები; ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები; ობლები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულის მქონე პირები; ემიგრანტები, დევნილები; არადომინანტური ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები,  ლგბტქ თემის წევრები,  ხანდაზმულები; მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანები და სხვა. სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალი, რომლებთანაც სოციალური მუშაკები მუშაობენ, იცვლება იმ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, რაც ქვეყანაშია.

მნიშვნელოვანია იმის განმარტებაც, რომ სოციალური მუშაობა არ შემოიფარგლება  მხოლოდ ცალკეულ ადამიანებთან მუშაობით. იგი მოიცავს სამ დონეს: მიკრო, მეზო და მაკრო დონეს. მიკრო დონეზე სოციალური მუშაკი მუშაობს ინდივიდთან მისი პირადი თუ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. მეზო პრაქტიკის სოციალური სამუშაო გულისხმობს მუშაობას სისტემათა ურთიერთქმედების დონეზე, როდესაც სოციალური მუშაკი ახდენს ინდივიდის დაკავშირებას მისთვის აუცილებელ რესურსებთან. მაკრო პრაქტიკის სოციალური სამუშაო მოწოდებულია შეიმუშაოს ეფექტური სოციალური პოლიტიკა მოწყვლადი ინდივიდებისა და ჯგუფების სასარგებლოდ („სოციალური სამუშაო თემებთან და ორგანიზაციებთან“, მახარაძე თ.).

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური მუშაკის საქმიანობა მაკრო დონე­ზე, მოიცავს ასევე კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა/განხორციელე­ბის პროცესში აქტიურ ჩართულობას,  რაც ემსახურება ქვეყანაში არსებული სერვისების გაუმჯობესებას ან ახალი სერ­ვისების დანერგვას, საერთო ჯამში კი, სოციალური მუშაკები ჩართულნი არიან ქვეყნის სოცია­ლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში („პროფესიული გადაწვის პრევენცია სოციალურ სამუშაოში“ ბანძავა მ. ხუციშვილი ქ. ხვთისიაშვილი ს., 2023).

სოციალური მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიის ძირითადი ღირებულებებისა და ეთიკური ნორმების დაცვა. ისინი იღწვიან სოციალური სამართლიანობისთვისა და თანასწორობისთვის, რაც გულისხმობს რესურსების სამართლიანი განაწილების ხელშეწყობას საზოგადოებაში. სოციალური მუშაკები თითოეულ ინდივიდს მზრუნველობითა და პატივისცემით ეპყრობიან, ისინი აცნობიერებენ ადამიანთა შორის არსებულ განსხვავებებს და იღებენ კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას. ისინი ხელს უწყობენ ადამიანთა შორის სოლიდარობას, ურთიერთმხარდაჭერასა და ზრუნვას (“Social Work History”,  National association of Social Workers).

სოციალური მუშაობისა და მშრომელთა მოძრაობის გადაკვეთის წერტილები- ისტორიული პერსპექტივა

სოციალური მუშაობა თავისი არსითა და პრაქტიკული გამოვლინებით დაკავშირებულია პაციფისტურ მოძრაობებთან, ქალთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლასთან, ეკოლოგიასთან და სხვა აქტივისტურ საქმიანობასთან. ამ საქმიანობებს შორისაა შრომითი უფლებები და მშრომელთა მხარდამჭერი  საქმიანობა. თუ გადავხედავთ საერთაშორისო გამოცდილებას, ვნახავთ, რომ მშრომელთა აქტივიზმი და სოციალური მუშაობის შექმნისა და განვითარების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად დიდ ბრიტანეთში სწრაფად დაიწყო გაფართოება სამრეწველო საზოგადოებამ, რაც პირველ რიგში გულისხმობდა ქალების, ბავშვების, მუშებისა და ემიგრანტების სამუშაო ძალებში დიდი რაოდენობით ჩართულობას.  18-საათიანმა სამუშაო გრაფიკმა, დასვენების დღეების არარსებობამ, ქალთა და ბავშვთა იძულებითმა შრომამ, მძიმე სამუშაო პირობებმა და დაბალმა ანაზღაურებამ ბიძგი მისცა ქარხნის მუშების გაერთიანებას ერთი იდეის ირგვლივ –  დაეცვათ საკუთარი შრომითი უფლებები. მათ შექმნეს პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც თავდაპირველად იდევნებოდნენ ხელისუფლების მხრიდან, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. პროფკავშირები, საბოლოოდ, ლეგალურად 1872 წელს აღიარეს, მიზეზი კი ის იყო, რომ ორგანიზაციების დაფუძნება ხელს შეუწყობდა, როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს (“Labor Union: Definition, History, and Examples”, Michael J Boyle, 2024 ).

პროფკავშირული საქმიანობა თანდათან სულ უფრო მეტად ვითარდებოდა და მიზნად ისახავდა ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრას, მშრომელთათვის უსაფრთხო შრომითი პირობების შექმნას, ხელფასების გაზრდას, როგორც პროფკავშირული მუშაკებისთვის, ასევე არამიზნობრივი მუშაკებისთვის,  საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებას, სამუშაო კვირის საათობრივი დატვირთვის შემცირებას, ბავშვებისათვის საჯარო განათლების უზრუნველყოფას და სხვა სახის სასარგებლო ცვლილებებს მუშათა კლასის ოჯახებისთვის (“A Brief History of Unions” ,  UnionPlus).

მშრომელთა მოძრაობების პარალელურად ფეხს იკიდებდა და ძლიერდებოდა საქველ­მოქმედო მოძრაობები და ე.წ. „დასახლების სახლები“. სწორედ ეს მოძრაობები გახდა სოციალური მუშაობის განვითარების საფუძველი. ორივე მათგა­ნი, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისა და ჯგუფების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად (“Social Work History”,  National association of Social Workers).

პირველი საცხოვრისი დიდ ბრიტანეთში 1884 წელს დაარსდა, 1889 წელს კი ჯეინ ადამსმა და ელენ გე­ით სტარმა უკვე ამერიკაში, ჩიკაგოში დააფუძნეს საცხოვრისი, რომელიც კულტურულად მრავალფეროვან უბანში მდებარეობდა. ის  მასპინძლობდა ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. აქ შეხვდე­ბოდით სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს, მაგალითად, როგორიცაა საგანმანათლებლო კურსები, საერთო სამზარეულო, სააბაზანო და  პირველადი ჯანდაცვა (“The Evolution of Social Work: Historical Milestones”,  Simmons University).

მშრომელთა მოძრაობები თავდაპირველად საკმაოდ კრიტიკულად უყურებდნენ საქველმოქმედო მოძრაობების საქმიანობას. მათ დამოკიდებულებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ საქველმოქმედო მოძრაობები ცდილობდნენ საზოგადოებაში მოეპოვებინათ დაფინანსების წყაროები და მათი ძირითადი სამიზნეები ხშირად იყვნენ სხვადსხვა ბიზნეს ორგანიზაციები თუ დიდი დაწესებულებები.  მშრომელთა თქმით, სწორედ მსგავსი დაწესებულებები იყენებდნენ არასამართლიანად მშრომელთა რესურსებს, არღვევდნენ მათ შრომით უფლებებს და აიძულებდნენ, ემუშავათ არახელსაყრელ პირობებში. გარდა ამისა, მშრომელები ამბოდნენ, რომ სწორედ ასეთი ორგანიზაციები და სისტემები უწყობდნენ ხელს „გაღატაკებასა და მშრომელთა უიმედობას, გამოწვეულს მძიმე სამუშაოთი“. კრიტიკის ობიექტები ხშირად იყვნენ საქველმოქმედო მოძრაობების ლიდერებიც, რადგან მათი უმეტესობა პრივილეგირებული, მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო. მშრომელები ამბოდნენ, რომ  ეს ადამიანები ორიენტირებულები იყვნენ „ღარიბების ტანჯვის შემსუბუქებისკენ“. ამგვარი მიდგომა კი ხელს სულაც არ უწყობდა მშრომელების გაძლიერებას და მათ, უფრო მეტად, დახმარების მიმღებებად აღიქვამდა (“The Relationship Between Social Work and Labor Unions: A History of Strife and Cooperation”, Norma Kolko Phillips, New York University,1988).

“სანამ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, თქვენ ითხოვთ ქველმოქმედებას”-განაცხადა 1890 წელს  გამართულ კონფერენციაზე მშრომელთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და იკითხა, თუ რატომ არ ინტერესდებოდნენ საქველმოქმედო მოძრაობების ლიდერები, ამ უსამართლო სისტემაში თუ რატომ ამჯობინებდნენ ადამიანები სიღატაკეში ქველმოქმედების მიღებას – მუშაობას?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მშრომელთა მოძრაობებს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ, გაფიცვა იყო. მშრომელებს ბრძოლის უმთავრეს მექანიზმად გაფიცვა მიაჩნდათ, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის კი, გაფიცულები და მათი ოჯახები არ განიხილებოდნენ, როგორც ქველმოქმედების „ღირსეული მიმღებები“. ითვლებოდა, რომ მათ არ ჰქონდათ „არც თანაგრძნობის და არც დახმარების მიღების უფლება“ (ნიუ-იორკის ასოციაცია ღარიბთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, 1883 წ., გვ. 37).  მშრომელები არ ეთანხმებოდნენ საქველმოქმედო მოძრაობებში გაბატონებულ მოსაზრებას, რომ სიღარიბე ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც თაობიდან თაობას, მამიდან შვილს გადაეცემა, როგორც ერთგვარი მემკვიდრეობა. მათი აზრით, სიღარიბე იმ უთანასწორო და უსამართლო სისტემის შედეგი იყო, რომელიც ბუნებრივ რესურსებსაც კი შეზღუდულად ანაწილებდა და მუდმივ ექსპლუატაციაში ამყოფებდა მშრომელ ადამიანებს.

               ეკონომიკურმა და სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობის ცვლილებამ ხელი შეუწყო მუშათა გაერთიანებებსა და დასახლების მოძრაობებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.  მოძრაობები ვითარდებოდა და იცვლებოდა, მათ შორის, თანამშრომლობის  სახეებიც. XIX - XX საუკუნეებში ამ მოძრაობებმა იდეოლოგიურადაც დაიწყეს გაერთიანება, რაშიც უდიდესი როლი მიუძღვის ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს: ჯეინ ადამსსა და ლილიან უოლდის. ჯეინ ადამსი (ინგლ. Jane Adams; დ. 6 სექტემბერი1860 – გ. 21 მაისი1935), ცნობილია როგორც სოციალური მუშაობის „დედა“ — ამერიკული კოლონიზაციის აქტივისტი/რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო ხმის უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი. სწორედ ჯეინმა შეუწყო ხელი ქალთა ეროვნული პროფკავშირის ლიგის დაარსებასა და განვითარებას, ამავე დროს, ის ელენ გეითს სტართან ერთად იყო ორგანიზაცია „Hull-House“-ის თანადამფუძნებელი, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა სოციალურ სერვისებს სთავაზობდა, მათ შორის სოციალური მუშაკისა და იურისტის დახმარებას, დასაქმებაში ხელშეწყობას,  ბავშვზე ზრუნვას, ტრენინგებს ხელოსნობასა და საშინაო საქმეებში (Hull House, settlement agency, Chicago, Illinois, United States).
      ჯეინთან ერთად ქალთა ეროვნული პროფკავშირის ლიგის დაარსებასა და განვითარებაში აქტიურად იყო ჩართული  ლილიან უოლდიც (1867 – 1940), ამერიკელი ექთანი და ქალთა უფლებების აქტივისტი, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექთანი“. 1895 წელს უოლდმა ნიუ-იორკში ექთანთა გაერთიანება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც ღა­რიბ ოჯახებ­ში პაციენტებს შინმოვლის სერვისს სთავაზობდნენ. ლილიანი და ჯეინ ადამსი აქტიურად ეხმარებოდნენ მუშა ქალებს ორგანიზებასა და შრომითი უფლებების დაცვაში (“Lillian D. Wald (1867 – 1940) — Nurse, Social Worker, Women’s Rights Activist and Founder of Henry Street Settlement”, Social Welfare History Project).

დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, სოციალურ მუშაობასა და მშრომელთა კავშირების შორის  უფრო და უფრო იზრდებოდა ურთიერთანამშრომლობა. სოციალური მუშაკები აქტიურად საუბრობდნენ მათი ბენეფიციარების სოციალურ პრობლემებზე, რომლებსაც იწვევდა არასაკმარისი შემოსავალი, უმუშევრობა, ისეთ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და სხვ. სოციალური მუშაკები არა მხოლოდ იზიარებდნენ მშრომელთა იდეებსა და ღირებულებებს და ერთვებოდნენ მშრომელთა უფლებრივ ბრძოლებში, მათ მხარდასაჭერად, არამედ მათ, როგორც მშრომელებმა, თავადაც დაიწყეს პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და თავიანთი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა. 1932 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის სოციალური მუშაკები, გაერთიანდნენ შრომითი უფლებების დასაცავად და შექმნეს მთავრობის თანამშრომლების ფედერაცია (The American Federation of Government Employees).

1934 წელს აშშ-ში ჩამოყალიბდა სამრეწველო ორგანიზაციების კონგრესი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული იყო პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტი სოციალურ მუშაობაში. კომიტეტი კოორდინაციას უწევდა კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომით უფლებების დაცვას (“The Relationship Between Social Work and Labor Unions: A History of Strife and Cooperation”, Norma Kolko Phillips, New York University,1988).

მშრომელთა გაძლიერებაში სოციალური მუშაკების მნიშვნელოვანი როლის კიდევ ერთი მაგალითი  იყო აშშ-ში სოციალური მუშაკების მიერ შექმნილი პროფესიული კავშირი – „Rank-and-File“ მოძრაობა, რომელიც რადიკალური მიდგომებით გამოირჩეოდა და აქტიურად იბრძოლა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის.

აღნიშნული პროცესების მიმდინარეობისას, მოძრაობების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი დადგა: სად არის კაპიტალიზმის ეპოქაში სოციალური მუშაკის  როლი? ხომ არ გამოიყენებენ სოციალურ მუშაკების რესურსს კაპიტალისტები მშრომელების წინააღმდეგ? 

 მიუხედავად ამ კითხვებისა, ფაქტია, რომ სოციალური მუშაობის ღირებულებები და შეხედულებები თანხვედრაში მოდის მშრომელთა მთავარ მიზანთან, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ სამუშაო პირობებს, განვითარების თანაბარ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს/მომსახურებებს.

 XXI საუკუნეში სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირები აშშ-ის გარდა, დიდ ბრიტანეთშიც ჩამოყალიბდა.  2011 წლის 21 ივნისს სოციალურ მუშაკთა ბრიტანეთის ასოციაციის (BASW) გადაწყვეტილებით დაარსდა პროფკავშირი- სოციალური მუშაკთა კავშირი (SWU). პროფესიული კავშირის დაარსების საჭიროება განაპირობა გარემოებამ, რომ ბრიტანეთის სოციალურ მუშაკთა  ასოციაციას არ ჰქონდა მანდატი, წარმოედგინა სოციალური მუშაკების მხარე დამსაქმებლებთან სირთულეების წარმოქმნისას და მონაწილეობა მიეღო შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილი დავების გადაჭრაში – დისციპლინური სახდელების გასაჩივრება, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა/შეჩერება და სხვ. “ვფიქრობ, რომ სოციალურ მუშაკთა გაერთიანების დაარსება არის ის, რაც დაიცავს სოციალური მუშაკების უფლებებსა და ინტერესებს. მისი შექმნა ისტორიულად ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რადგან არის იმედის სიმბოლო სოციალური მუშაკებისთვის” – პირველმა გენერალურმა მდივანმა, ჰილტონ დოუსონმა, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა პირველ სხდომაზე სოციალურ მუშაკებს (the British Association of Social Workers -BASW).

სოციალური მუშაკები, როგორც მშრომლები ჩვენ ქვეყანაში

საქართველოში სოციალური მუშაობა XX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, რაც ერთ­ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას უკავშირდებოდა – 1999 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონი “ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ  ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ”, რის აღსასრულებლადაც  ქვეყანას დასჭირდა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დამკვიდრება და შესაბამისად, სოციალური მუშაკების ყოლა.  დროთა განმავლობაში სოციალური მუშაობის მასშტაბი გაიზარდა და მანდატიც გაფართოვდა. ეტაპობრივად, სოციალურ მუშაკებს დაევალათ  ზრდასრული ადამიანების მზრუნველობა-მეურვეობის პროცესში  ჩართვაც და ამ პროცესში, ერთ-ერთი საკვანძო როლის შესრულებაც.

 დღესდღეობით, სოციალური მუშაკები საქართველოში დიდ როლს ასრულებენ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან თუ ჯგუფებთან მუშაობის პროცესში. 2018 წელს შეიქმნა კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელმაც განსაზღვრა სოციალური მუშაობის სამართლებრივი სტატუსი, ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, უფლებები და მოვალეობები (საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, 2018).

მანდატისა და ფუნქციების ზრდასთან ერთად  უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგა პროფესიული თემი: მძიმე სამუშაო პირობები, დაბალი ანაზღაურება, კადრების სიმწირე,  სერვისების ნაკლებობა, ბენეფიციართა მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არქონა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რის გამოც „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა 2019 წლის  თებერვალში კოლექტიური დავა დაიწყეს სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი და დამსაქმებელთან შეხვედრები.  8  დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურ სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა უმეტესობა  გაიფიცა. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით, როდესაც სოციალური მუშაკების, როგორც მშრომელების ხმა გაჟღერდა. აღნიშნული გაფიცვა იყო არა მხოლოდ პირველი, არამედ უპრეცედენტოც. სოციალური მუშაკების გაფიცვის მოთხოვნები ეხებოდა არა  მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესებას, არამედ რიგი მოთხოვნები მიემართებოდა სოციალური პოლიტიკის შეცვლასა და გაუმჯობესებას, მაგალითად, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ფსიქოლოგის სერვისის უზრუნველყოფას.

-”ჩვენ ვითხოვთ მოქნილ და ეფექტიან სერვისებს ადამიანების გადასარჩენად“!  -სოციალური მუშაკების თქმით, მათი მიზანი უსამართლო სისტემის მხილებაც იყო, სისტემის, რომელშიც ძალაუფლება, ფული და შესაძლებლობები არათანაბრადაა გადანაწილებული და სადაც ძლიერი – სუსტს ჩაგრავს. სოციალური მუშაკების გაფიცვა ერთგვარი გამოფხიზლებაც იყო, რადგან თუ სოციალური მუშაკი სახელმწიფოს მზრუნველ ხელს განასახიერებს, მაშინ რესურსებისა და სერვისების არარსებობის გამო, არაქმედითი სოციალური მუშაკი – სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოს ნიშანია.

აღნიშნული გაფიცვა გამორჩეული პოლიტიკური აქტია და სოციალური მუშაობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გაფიცვამ, რომელიც სოციალური მუშაკების უზარმაზარ ემოციურ და ფიზიკურ რესურს მოითხოვდა, საზოგადოებას დაანახა, როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ სოლიდარული, ემპათიური სოციუმისთვის და შრომითი უფლებებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოციალური მუშაკის როლი – მშრომელი სოციალური მუშაკი გაიფიცა საკუთარი შრომითი უფლებებისა  და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანება-მშრომელთა დამოუკიდებელი მოძრაობა

 2019 წლის გაზაფხულზე „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკების დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა და გაფიცვამ ბიძგი მისცა სოციალური მუშაკების პროფესიული კავშირის ჩამოყალიბებას. გაფიცვის დასრულების შემდგომ აქტიური, ლიდერი სოციალური მუშაკები ხედავდნენ დამოუკიდებელი, რეგისტრირებული, ორგანიზებული ჯგუფის არსებობის საჭიროებას, რომელიც გააგრძელებდა სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების დაცვას და თვალყურს მიადევნებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების განხორციელებას. შესაბამისად, 2019 წლის 10 აპრილს დაფუძნდა სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომლის მისიაა საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დაცვა სოციალური მუშაობის განვითარების გზით.  დღესდღეობით, სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი მუშაობს: სოციალური მუშაკების შრომითი უფლებებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის; საზოგადოებაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მედიაში) სოციალური მუშაობის პოპულარიზაციისა  და პროფესიის პოზიტიური აღქმის ხელშეწყობისთვის და სოციალური მუშაკებისთვის საგანმანათლებლო, ფსიქო-სოციალური, რეკრეაციული და სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირის არსებობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი წევრების სამართლებრივი უფლებების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის.  სწორედ პროფესიული კავშირი ქმნის დაცულ, უსაფრთხო და სოლიდარულ სივრცეს სოციალური მუშაკებისთვის, ხოლო დამსაქმებელებს აჩვენებს, რომ სოციალურ მუშაკს, როგორც დასაქმებულს,  იცავს და მხარდაჭერას უცხადებს ძლიერი, დამოუკიდებელი და წევრობაზე დაფუძნებული მშრომელთა მოძრაობა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის ოფისი”

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. International federation of social workers – https://www.ifsw.org/what-is-social-work/global-definition-of-social work/#:~:text=Social%20work%20is%20a%20practice%20profession%20and%20an%20academic%20discipline,to%20human%20wellbeing%20and%20development.
  2. „პროფესიული გადაწვის პრევენცია სოციალურ სამუშაოში“ –https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/dec/books/makharadze_temebi_organizaciebi_da_jgufebi.pdf
  3. National association of Social Workers –https://www.socialworkers.org/About/Ethics/Code-of-Ethics/Code-of-Ethics-English
  4. https://www.investopedia.com/terms/l/labor-union.asp
  5. https://www.unionplus.org/page/brief-history-unions
  6. Simmons University – The Evolution of Social Work: Historical Milestones | Simmons Online
  7. https://www.britannica.com/topic/Hull-House)
  8. https://socialwelfare.library.vcu.edu/people/wald-lillian/
  9. საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ – https://matsne.gov.ge/ka/document/view/4231958?publication=9
  10. https://swu-union.org.uk/about-swu/#our-history
  11. The Relationship Between Social Work and Labor Unions: A History of Strife and Cooperation  https://scholarworks.wmich.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1843&context=jssw
  12. „პროფესიული გადაწვის პრევენცია სოციალურ სამუშაოში“ – https://drive.google.com/file/d/196tPGC0MUYe7fC0hulPg_vh2YS27w7-E/view

იხილეთ ნაშრომის ელექტრონული ვერსია