კვლევა: “დეკრეტული შვებულების პრაქტიკები სოციალურ მუშაკებში”

სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალი დასაქმებულების შრომითი უფლებებისა და პირობების დაცვასა და მხარდაჭერას. არსებული პატრიარქალური სისტემის პირობებში, როცა ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, გაზრდილია უმუშევრობის მაჩვენებელი, სუსტია შრომითი კანონმდებლობა და შრომითი ბაზარი ექსპლოატაციურია,  განსაკუთრებულად მწვავეა ქალთა შრომის უფლებების დაცვის საკითხი. გარდა იმისა, რომ არაერთი სტრუქტურული და სისტემური გამოწვევა არსებობს სხვადასხვა ასაკის ქალისთვის სამუშაოს პოვნის, თანამდებობრივად დაწინაურების, შევიწროების, იმავე პოზიციაზე მომუშავე ან კვალიფიკაციის მქონე მამაკაცის ტოლფასი ანაზღაურების ქონის კუთხით, ასევე უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ქალებისთვის ისეთი ფუნდამეტური უფლებით სარგებლობა, როგორიცაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების აღების უფლება- ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება.

ფაქტია, რომ ქვეყანაში  გაბატონებული კაპიტალისტური დღის წესრიგისა და ქალთა როლისა და ფუნქციის არსებული პატრიარქალური გაგების გამო ქალები ზარალდებიან ფეხმძიმობის, ბავშვების გაჩენისა და მათი მოვლის პროცესში.  ხშირად ქალები დგებიან არჩევნის წინაშე კარიერასა და ოჯახის ყოლას შორის და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი ახერხებს ეკონომიკურად აქტიური დარჩეს, ბევრი დამსაქმებელი მას  უყურებს, როგორც ,,პრობლემას“ იმის გამო, რომ ის  მოითხოვს დეკრეტული შვებულებით სარგებლობას და ე.წ. ,,დამატებით პრივილეგიებს“. 

ერთი მხრივ, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ფეხმძიმობა და მშობიარობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, როგორც დედის, ისე ბავშის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკის დონეზე წახალისებულია შობადობა, ნაცვლად იმისა, რომ დემოგრაფიული კრიზისის ანალიზის დროს აქცენტი გაკეთდეს ქალთა და ჩვილთა ჯანმრთელობის დაცვაზე, ქალთა სიღარიბის აღმოფხვრასა და ჯანდაცვის სერვისებთან ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. სახელმწიფოც  და  საზოგადოებაც ქალებისგან მოითხოვს გააჩინონ შვილები, თან იმგვარად, რომ არ უქმნის მათ დედობისთვის ღირესულ პირობებს. 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქალებისთვის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების არსებობა, რომელიც,  ფეხმძიმობისა და დეკრეტული შვებულების მიუხედავად, უზრუნველყოფს სამსახურის შენარჩუნებას, დასაქმების ხელმისაწვდომობას. პროფესიული განვითარებასა და შემოსავალს. 

ამის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო დონეზე შემუშავებულია კონვენციები დედობის დაცვის შესახებ: 2000 წლის N183 კონვენცია და უფრო ძველი, 1919 წლის N3 და 1952 წლის N103 კონვენციები. ამ ეტაპზე საქართველოს ეს კონვენციები რატიფიცირებული არ აქვს. საქართველოში ქალის უფლებას აიღოს დეკრეტული შვებულება განისაზღვრავს შრომის კოდექსით, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ყველა დასაქმებული ქალისთვის ამ უფლების განხორციელებას;  

საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის სსაერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფუნდამენტური კონვენცია #100 „კაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება, რომლის ერთი-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი დედობის გამო სახელფასო სხვაობაა, ანუ სხვაობა დედებსა და იმ დასაქმებულებს შორის, რომლებიც დასაქმების პერიოდში შვილს არ აჩენენ. 

ქალის მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ხელმისაწდვომობას კიდევ უფრო მეტად ართულებს ფემინიზირებული სამსახურები, სადაც დეკრეტული შვებულების უფლების სარგებლობის ანალიზი სცდება ეკონომიკურ ჭრილში განხილვას და უფრო მეტად კოლექტიურ სირთულედ იქცევა ხოლმე; ასეთ პროფესიას წარმოადგენს სოციალური მუშაობაც – ქვეყანაში მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების  მხარდამჭერი  პროფესია, რომელიც მკვეთრად ფემინიზირებული და ამავე დროს, ფემინისტურიცაა;   სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების დაცვის პროცესში, სახელმწიფოს მიერ სუსტი მხარდაჭერის, კადრების მუდმივი დეფიციტის და პროფესიული გადაღლის /გადაწვის გარდა, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლებით სარგებლობის საკითხი; არსებული შრომის პოლიტიკის გამო სოციალური მუშაკები ხშირად არიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი და არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობების გარანატია; ვინაიდან, ისინი დასაქმებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, მათი შრომის საკითხები რეგულირდება შრომის კოდექსით, შესაბამისად უმეტესობა მათგანი ვერ სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით (გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც დამსაქმებელი იჩენს კეთილ ნებას და დასაქმებულს უნაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას). 

სოციალური მუშაკებისთვის, როგორც ქალი დასაქმებულებისთვის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, აუცილებელია ბავშვის გაჩენისა და აღზრდისათვის მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება; მეორე მხრივ, კი როგორც ფემინისტური ღირებულებების მქონე პროფესიისთვის, უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ დეკრეტული შვებულების მხოლოდ ქალების საჭიროებად წარმოდგენა არასწორი და საზიანოა, რადგან ეფუძნება და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპსა და შესაბამის პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ზრუნვა ოჯახში მხოლოდ ქალის საქმეა.

ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაობა თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე (სოციალური მუშაკების საქმიანობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა  ბავშვთა მიმართ ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა და სხვ.) დიდი დოზით თანაგრძნობასა და ზრუნვას მოითხოვს დასაქმებულისგან; გარდა ამისა, სოციალურ მუშაკებს უწევთ ისეთი სამუშაო შეასრულონ, სადაც საქმის დატვირთვა საგრძნობლად აჭარბებს სამუშაო დროს და უმეტესად საველე საქმიანობას მოიცავს. ამიტომ სოციალური  მუშაკებისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქონდეთ ღირსეული პირობები შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 

სწორედ ასეთი მნიშვნელოვნების გამო განვახორციელეთ კვლევა, რომლის მიზანია სოციალური მუშაკების ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების  საკითხის შესწავლა – არსებული პრაქტიკების კვლევა და მისი გავლენის ანალიზი სოციალური მუშაობის შერსულების პროცესში; 

კვლევის პროცესში გამოვლიდა, რომ არაფორმალურ მექანიზმებზე დაფუძნებული დეკრეტული შვებულების პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც შრომითი უფლებები მყარი და თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო სოციალური მუშაკების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება. ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც მათ პოსტსამშობიარო პერიოდში უწევთ ფსიქიკურად და ემოციურად რთულ სფეროში დაბრუნება.

გთავაზობთ, კვლევის დეტალურ ანგარიშს;

კვლევის ავტორია: თამთა ჭრიკიშვილი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის ოფისი”