სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობები რამდენიმე წელია განხილვის საგანი გახდა საქართველოშიც. ეს საკითხები დღის შუქზე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების კოლექტიურმა დავამ და გაფიცვამ გამოიტანა. რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ რთულ სამუშაო პირობებსა და დარღვეულ შრომის უფლებებზე, მით უფრო ნათელი ხდება ამ ყოველივეს გავლენა მომსახურების მიმღებ პირებზე. ეს გავლენები ცალსახად უარყოფითია. გადაღლილი და უფლებაშელახული სოციალური მუშაკი გვიან რეაგირებს, შესაძლოა შეცდეს გადაწყვეტილების მიღებისას, სათანადოდ ვერ შეაფასოს რისკი, დაავიწყდეს ან დაივიწყოს.
ყოველთვის როდესაც საუბარს ვიწყებთ, დასაქმებულის კეთილდღეობაზე, ღირსეულ შემოსავალზე, გამართულ შვეუბულების სისტემაზე, დაზღვევაზე და სხვა, თითქოს, უხერხულობის განცდას ვგრძნობთ, რადგან ჩვენ სოციალურ მუშაკებზე ვსაუბრობთ. რომ არ შეიძლება სოციალურმა მუშაკმა ისაუბროს ხელფასზე. თითოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელს სჭირდება კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა და რეკრეაცია, სოციალურ მუშაკს კი ეს არ შეიძლება სჭირდებოდეს!
მიუხედავად იმისა რომ 5 წელზე მეტია სოციალური მუშაკების შრომის პირობების გამოკვლევა, რეფლექსია დავიწყეთ, მაინც ვერ მივედით იმ წერტილამდე, რომ დასაქმებული „კეთილდღეობა” ვალიდური, დასაცავი და მოსაფრთხილებელია. ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა,ბრიტანელი სოციალური მუშაკის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთი მენტალური ჯანმრთელობის სერვისში მულტიდისციპლინური გუნდიდან სოციალური მუშაკების კადრის ამოღებას და სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციას აპროტესტებს. ის ამბობს: „კოლეგები ხშირად ვსაუბრობთ, რომ ხშირად ვავადობთ. იმუნური სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს, როცა დიდ სტრესში ხართ.“ პირად კეთილდღეობაზე, დასუსტებულ იმუნიტეტზე, სტრესსა და ავადობაზე საუბარი ჩვენ ჯერაც გვეუცხოვრება.
სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გლობალური სამწლიანი შედარება (კვლევა ) რომელიც 2024 წელს დასრულდა, ამბობს, რომ სოციალური მუშაკების შრომის პირობები გლობალურად მძიმეა. ამავე კვლევის მიხედვით, სოციალური მუშაკებს 75 პროცენტით უფრო რთული სამუშაო პირობები აქვთ სხვა შესადარებელ პროფესიებთან შედარებით. კვლევაში „პირადი კეთილდღეობა“ ხშირადაა ნახსენები. სამუშაო გარემოს კვლევასთან ერთად, იკვლევენ რამდენად მძიმედ აისახება ეს დასაქმებულის პირად კეთილდღეობის განცდაზე. კლევამ მოიცვა აფრიკის, ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და კარიბისზღვისპირეთის, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონი. მკვლევრებმა მასზე მუშაობა 2021 წელს დაიწყეს და აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა სამუშაო პირობები და დასაქმებულის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა 3 წლის განმავლობაში.
სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია, საგანგაშოდ მიიჩნევს კვლევის მონაცემებს და პროფესიულ ასოციაცებს მოუწოდებს, გამოიყენენონ ეს მონაცემები დაუყოვნებელი რეაგირებისათვის.“სამუშაო პირობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოაქვს გაუმჯობესებული მომსახურება და ამცირებს ხარჯებს. ეს ყველასთვის აზრიანია და არ არსებობს მიზეზი, რომ ამის გაკეთება დაუყოვნებლივ არ შეიძლება“ – ნათქვამია სოციალურ მუშაკთა საერთაშორიო ფედერაციის აღმასრულებელი მდივნის როლი ტრუელის განცხადებაში.
საქართველო აღნიშნულ კვლევაში არ მომხვდარა. თუმცა, ჩვენ როგორც პირველწყაროებიდან ისე ადგილობრივი კვლევებიდან ვიცით, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები მძიმეა. რაც შეეხება პირად კეთილდღეობას, დროა ამ თემაზე საუბარი ძალიან ხმამაღლა დავიწყოთ. არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ დავსვათ დასაქმებულის პირადი კეთილდღეობის ცენტრალურობის საკითხი. რადგან უკვე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო სამწლიანი გლობალური კვლევაც ამას ამბობს, რომ არ არსებობს დასაქმებულის მიერ გაცემული ხარისხიანი მომსახურება, მისი პირადი კეთილდღეობის განცდის გარეშე.
სტატია მომზადებულია “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით.