ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების უპირატესობები სოციალური სერვისების შეთავაზების პროცესში

ავტორი: რუსუდან მელიქიძე

ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“

ადამიანის უფლებები სოციალური მუშაობის პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველი ინტერვენცია, პრაქტიკული საქმიანობა თუ შეთავაზებული სერვისი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე. თუმცა, სერვისების ნაკლებობიდან გამომდინარე, ხშირად პრაქტიკოსები  აქცენტს კლიენტის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენასა და საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე აკეთებენ, რის გამოც, ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი ნარატივი უკანა პლანზე ინაცვლებს. ეს კი, თავის მხრივ, აჩენს რისკებს პრაქტიკულ საქმიანობაში (Harms-Smith, L., Martinez-Herrero, M., & Geoghegan, 2019).

1990-იან წლებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა (human rights based approach – HRBA)  ჩამოყალიბდა. იგი მუშაობის პროცესს გეგმავს ჰოლისტური მიდგომით და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ითვალისწინებს ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რაც სცილდება მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ინდივიდს განიხილავს, როგორც უფლებების მქონეს, მიიღოს ესა თუ ის მომსახურება, რაც თავისი არსით ეწინააღმდეგება ქველმოქმედების პრინციპს (წოწკოლაური გ., 2019-2022). HRBA არის თეორიული ჩარჩო, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ნორმატიულ, ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ბავშვის უფლებათა კონვენცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და დაბერების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა. ასევე, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო უფლებრივ დოკუმენტებსა და რეგიონულ სტრატეგიებს.

უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ადამიანის უფლებათა პრინციპების (თანასწორობის, ღირსების, თვითგამორკვევის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლების) დაცვას გულისხმობს. იგი თავს უყრის ყოველგვარ პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ, სოციალურ მიზნებს და აერთიანებს ადამიანის კეთილდღეობის ყველა სტანდარტს. ეს მიდგომა ინდივიდს განიხილავს არა მხოლოდ ბენეფიციარად (მომსახურების პასიურ მიმღებად), არამედ ყველა ტიპის უფლების მქონე პირად. შესაბამისად, მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედების ასპექტის აღმოფხვრა მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე. HRBA ყურადღებას ამახვილებს, პოლიტიკის შემქმნელებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მთავარ ანგარიშვალდებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შეიძლება აკმაყოფილებდეს ინდივიდების ძირითად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, იგი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებების რეალიზებას, როგორც პროგრამის ამოსავალ წერტილს. შესაბამისად HRBA-ს ქვაკუთხედს წარმოადგენს ინდივიდის თითოეული უფლების პატივისცემა და დაცვა, რისი აღსრულების ნაწილიც უნდა იყოს მარტივად შესასრულებელი და მისაწვდომი ყველასათვის (წოწკოლაური გ., 2019-2022).

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული პროფესიაა, ხშირად მისი მენეჯერული ხასიათიდან  და „მოწყვლადი ჯგუფების დახმარების სურვილიდან“ გამომდინარე, აღრმავებს  ჩაგვრასა და უთანასწორობას კლასთა შორის. ამის კარგი მაგალითია საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული მიდგომა (basic needs approach), რომელიც  მოწყვლადი ჯგუფების მიერ დამატებითი რესურსების მიღებას გულისხმობს და ხშირად ისევ  ქველმოქმედების იდეას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზება საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების ნაწილსაც მოიაზრებს, მხოლოდ ამ საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მოვალეობების შესრულებად. HRBA  მიზნად ისახავს ძირითადი რესურსების თანაბრად გადანაწილებას, ადამიანების დახმარებას უფლებების კარგად გააზრებაში. (გოჩიაშვილი ნ., 2018).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალური მუშაობის არაერთი პერსპექტივა შესაბამისობაში მოდის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომასთან. მაგალითად, სიძლიერის პერსპექტივა, რომელიც აქცენტს აკეთებს ადამიანის ძლიერ მხარეებზე და არ ფოკუსირდება ნაკლოვანებებზე. მოცემული პრაქტიკა სოციალურ მუშაკებს მოუწოდებს, ინტერვენციის პროცესში წამყვანი როლი მიანიჭონ ბენეფიციარს და შემთხვევის მართვის მთლიანი მოდელი აგებული იყოს კლიენტისა და სოციალური მუშაკის თანამშრომლობაზე. გაძლიერების პერსპექტივა და HRBA ხაზს უსვამენ სოციალური მუშაკის, როგორც ადვოკატის როლს, თემებთან და ჯგუფებთან მუშაობის პროცესში სამიზნე ჯგუფების პოტენციალის გაძლიერებისათვის. ორივე მიდგომა აღიქვამს გამოწვევებს და ახორციელებს ინტერვენციებს კეთილდღეობის ხარისხის გასაზრდელად.  გაძლიერების თეორია არ შეესაბამება პრინციპს, რომ ინდივიდებმა საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვონ საერთაშორისო საკანონმდებლო დონეზე, რაც ცალსახად სცილდება სოციალური მუშაკის პრაქტიკის განხორციელების არეალს და მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას. უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები სოციალური მუშაობის პრაქტიკას გლობალურ პრიზმაში უყურებს, რომელიც ადამიანის საყოველთაო უფლებებს ისევე გაითვალისწინებს, როგორც სახელმწიფოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების ანგარიშვალდებულებებს (წოწკოლაური გ., 2019-2022). 

 HRBA სოციალური დაცვისა და ზრუნვის სისტემაში

უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ინდივიდის უფლებებს განიხილავს ნებისმიერი მოქმედების ამოსავალ წერტილად. სოციალური დაცვისა და ზრუნვის სისტემაში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს მომსახურების მიწოდებისას ინდივიდის ძირითადი უფლებების დაცვაზე ზრუნვას. გარდა ამისა, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ეხმარება როგორც მომსახურების მიმღებს, ისე მომსახურების მიმწოდებელს, იცოდნენ თავიანთი უფლებები და მათი რეალიზების გზები. მოცემული მიდგომა ხელს უწყობს ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების გაზრდას ბენეფიციარებთან მიმართებაში (მახარაძე თ. ტატანაშვილი ზ. კალანდაძე ქ. მექვაბიშვილი ნ, 2019-2022).

HRBA-ს მიხედვით, ნებისმიერი ტიპის სერვისი უნდა იგეგმებოდეს, ხორციელდებოდეს და ფასდებოდეს ექვსი ძირითადი სტანდარტის მიხედვით. სტანდარტები შექმნილია ავსტრალიის მთავრობის მიერ 2012 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ესენია:

  1. უფლებების განხორციელების ხელშეწყობა – არჩევანის გაკეთების, პირადი ცხოვრებისა და თვითგამორკვევის უფლების დაცვა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა; პატივისცემაზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება, რაც შესაბამისობაში იქნება ნორმატიულ ჩარჩოსთან;
  2. თანამონაწილეობა და ინკლუზია – მომსახურების მიმღები პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით მის გარშემომყოფებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან მუშაობა სერვისის მიმწოდებლების მიერ;
  3. ინდივიდუალური შედეგები – მომსახურების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ისე, რომ ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყოს ინდივიდის ძლიერ მხარეებზე;
  4. უკუკავშირი გამოყენებული უნდა იქნას სერვისის გასაუმჯობესებლად;
  5. მომსახურების ხელმისაწვდომობა – სერვისების  განხორციელება თანასწორად და პასუხისმგებლობით. ბენეფიციარის ჩარიცხვის, თუ მის მიერ მომსახურების დატოვების საკითხის გამჭვირვალობა;
  6. მომსახურების  მართვა – მენეჯერული რგოლის მუდმივი მუშაობა  მომსახურების მიმღები პირის უნარების გაუმჯობესებაზე (Australian government departament of social services, 2013)

აღნიშნული სტანდარტები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს უფლებების რეალიზების პროცესში და განსაზღვროს მომსახურების მიმწოდებლების როლები. 

ეს სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • ადამიანის ღირსების, ავტონომიის, არჩევანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას; 
    • ანტიდისკრიმინაციული მიდგომის გამოყენებას; 
    • სრულ სოციალურ ინკლუზიას; 
    • ადამიანების მრავალფეროვნების პატივისცემასა და მიმღებლობას; 
    • თანაბარ შესაძლებლობებს; 
    • გენდერულ თანასწორობას; 
    • ხელმისაწვდომობას;
    • იდენტობის პატივისცემას და განვითარების შესაძლებლობის აღიარებას; 
    • მომსახურების მიმღებსა და პროვაიდერს შორის აქტიური პარტნიორობის ხელშეწყობას (დათეშიძე ა. ტატანაშვილი ქ., 2022)

საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ჭრილში

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები კამათს დიდი ხანია აღარ იწვევს და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ქვეყნების მიერ ფუნქციონირებისათვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, მაინც გამოწვევად რჩება ეფექტური აღსრულების მექანიზმების არარსებობა. ამ მხრივ, ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებას წარმოადგენს ირლანდიაში არასამთავრობო ორგანიზაციების: Safeguarding Ireland და  The Health Information and Quality (HIQA) მიერ შექმნილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომსახურების უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სახელმძღვანელო პრინციპები, სახელწოდებით FREDA (Fairiness-სამართლიანობა, Respect-პატივისცემა, Equality-თანასწორობა, Dignity-ღირსება; Autonomy-ავტონომია) რაც მოიცავს შემდეგ სტანდარტებს:

  1. სამართლიანობა – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ყველა ადამიანს აქვს უფლება, აღიარებული იყოს პიროვნებად ნებისმიერ გარემოებაში. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი განისაზღვრება, როგორც გამჭვირვალე პროცესი, რაც საშუალებას მისცემს ინდივიდს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჰქონდეს გასაჩივრების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული,  საჭიროა გარკვეული პუნქტების შესრულება:
    1. მომსახურების     მიმღებთათვის           მოსახერხებელი         გზით   ინფორმაციის მიწოდება;
    1. მომსახურების     მიწოდებასა    და        ინტერვენციის            განხორციელებაზე ინფორმირებული თანხმობის მიღება;
    1. გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობის გაუმჯობესება მომსახურების მიმღების აქტიურად მონაწილეობის გზით; 
    1. მომსახურების     მიმღები          პირის პერსონალური            მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა; 
    1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, რისკების შეფასების ადეკვატური მექანიზმის შეთავაზება;
    1. შემზღუდავი პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში სათანადო ეთიკური, ლეგალური, პროფესიული საფუძვლის არსებობა; 
    1. მომსახურების მიმღების მხრიდან მომსახურებით უკმაყოფილების დროს გასაჩივრების შესაძლებლობა. 
  2. პატივისცემა – გულისხმობს ინდივიდის უფლებების, შეხედულებების, ღირებულებების, თვისებების, რწმენის უპირობო აღიარებას. მომსახურების მიმღებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი მოსაზრებები თუ გრძნობები ადეკვატურად იქნება აღქმული მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან.

პატივისცემის პრინციპის დამკვიდრების მიზნით მნიშვნელოვანია გატარებული იყოს შემდეგი საკითხები:

  • ძირითადი უფლებების დაცვაზე გარანტიების გაცემა, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღკვეთა; 
    • პატივისცემის წახალისება წინასწარ შედგენილი ინდიკატორების მიხედვით, რომელიც მომსახურების მიმღებებს შესაძლებლობას აძლევს გააკეთონ არჩევანი;
    • მომსახურების მიმღების ჩართვა მომსახურების განვითარებაში, რაც ბენეფიციარის სტანდარტულ პასიურ მიმღებად აღქმას სცილდება და მას მიიჩნევს ცვლილებების განმახორციელებელი საზოგადოების ღირსეულ წევრად. 
  • თანასწორობა – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თანასწორობის პრინციპი  ნებისმიერი ინდივიდისა და ჯგუფისათვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებას გულისხმობს.

ჯანდაცვის სისტემასა და სოციალური მომსახურების სფეროში თანასწორობის პრინციპის დაცვისთვის საჭიროა შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, თითოეული ბენეფიციარის სურვილის თანაბრად აღქმა, განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფებისათვის პრიორიტეტების მინიჭებით;
    • საზოგადოებრივი ინკლუზიის მხარდაჭერა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობით.
  • ღირსება – ნებისმიერი მომსახურების წარმატებულად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მომსახურების მიმღებმა თავი დაფასებულად და ღირსეულად იგრძნოს. უნდა აღკვეთოს ყოველგვარი ღირსების შემლახავი ქმედება, რაც იწვევს ინდივიდის დანაშაულის შეგრძნებას, სირცხვილს, ან ნებისმიერი ტიპის ნეგატიურ ემოციას. ღირსების პრინციპის ეფექტურად დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შემდეგი საკითხები:
    • ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების შექმნა პირადულობას, პატივისცემასა და ღირსებას შორის. 
    • ღირსება და კომუნიკაცია – უკუკავშირის მიღების მიზნით ბენეფიციარისათვის ხელსაყრელი ფორმის გამოყენება; 
    • ღირსება და პიროვნული თავისუფლების პრინციპის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც დგება იძულებითი მკურნალობის შემთხვევები. ამ დროსაც კი, მომსახურების მიმღებს უნდა ეპყრობოდნენ ღირსეულად და პატივისცემით; 
    • ღირსების დაცვის წახალისება და  პერსონალის გადამზადება კომპეტენციის ამაღლების უზრუნველყოფით; 
    • ბენეფიციართა გამოცდილების შესწავლა იმის შესახებ, თუ რამდენად ექცევიან მათ პატივისცემითა და ღირსების დაცვით.
  • ავტონომია არის ადამიანის შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს ცხოვრება. არსებული პრინციპი უდიდეს როლს თამაშობს თვითგამორკვევის პროცესში – ინდივიდი თავად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს არჩევანს. მომსახურების მიმწოდებლები ხელს უნდა უწყობდნენ მომსახურების მიმღებ პირებს, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ავტონომიურობა. 

იმისათვის, რომ სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის სისტემაში დაცული იყოს ავტონომიურობის პრინციპი, მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნას შემდეგი მიდგომები:

  • საუკეთესო ინტერესების განხორციელებისას პროპორციულობის დაცვა. მომსახურების მიმღების სურვილები უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში სიტუაციასთან და მომსახურების მიმწოდებელი და ოჯახის წევრები უნდა ქმნიდნენ მინიმალურ დაბრკოლებას, რაც არ დაარღვევს მის უფლებებს;
    • ავტონომიის შეზღუდვა პირდაპირ არღვევს ადამიანის თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველი მათგანი უნდა იყოს კარგად დასაბუთებული და ახსნილი (Health Information and Quality Authority & Safeguarding Ireland, 2019).

ასევე, აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის ევროპული პლატფორმის მიერ შეიქმნა სოციალური მომსახურების ევროპული ხარისხის (EQUASS) ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს ევროპის რეგიონში არსებული სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას  და სოციალური სექტორის გაძლიერებას. არსებული ინიციატივის ქვაკუთხედს წარმოადგენს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა. EQUASS ინიციატივა მომსახურების მიმწოდებლებს ავალებს დაიცვან, პატივი სცენ და წაახალისონ მომსახურებების მიმღებები თანაბარი შესაძლებლობის, თვითგამორკვევის, თანაბარი მონაწილეობის პირობების შექმნით და უზრუნველყონ მათი არჩევანის თავისუფლება.

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს მომსახურების გაცემის თითოეულ კომპონენტში. ასევე, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღები პირის ინფორმირებული თანხმობის მიღება. გარკვეულწილად EQUASS ინიციატივა ეყრდნობა FREDA ძირითად პრინციპებს  და შოტლანდიის ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ განვითარებულ PANEL პრინციპს (მახარაძე, ტატანაშვილი, კალანდაძე, & მექვაბიშვილი, 2019-2022).

PANEL პრინციპი (Participation – მონაწილეობა, Accountability – ანგარიშვალდებულება, Non-discrimination and equality – დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობა, Empowerment – გაძლიერება და Legality-კანონიერება) ეფუძნება HRB მიდგომას და ადამიანის უფლებებს  ყოველგვარი პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის ცენტრში აყენებს. PANEL-პრინციპი არის ერთ-ერთი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტიანად აისახოს. უფრო კონკრეტულად, პრინციპის თითოეული აბრევიატურა მოიცავს შემდეგს: 

  1. მონაწილეობა – ინტერვენციისა და მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე ბენეფიციარის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით; 
  2. ანგარიშვალდებულება – ადამიანის უფლებათა სტანდარტის ეფექტური მონიტორინგის სქემის შემუშავება და გადაცდომის დროულად აღმოფხვრის გზების ძიება;
  3. არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორობა – გულისხმობს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვას და იმ ადამიანებისათვის სათანადო პრიორიტეტების განსაზღვრას, რომლებიც შედარებით დიდ ბარიერებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში; 
  4. გაძლიერება – გულისხმობს, რომ თითოეულმა ბენეფიციარმა კარგად იცოდეს საკუთარი უფლებები და სრულად ჩაერთოს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ზეგავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე;
  5. კანონიერება – ამყარებს არსებულ მიდგომას ადგილობრივი კანონებისა და საერთაშორისო კონვენციების მეშვეობით. 

შვედეთის მთავრობამ არსებული ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით ჩაანაცვლა იმ ტიპის სერვისები, რომლებიც არ ითვალისწინებდა ინდივიდუალურ გარემოებებს და ხელს არ უწყობდა ბენეფიციარებს, მის ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. PANEL- პრინციპი აქტიურად გამოიყენება ზრუნვის სექტორში, ისტორიულად გამართლებული ბავშვზე ძალადობის შემთხვევების აღმოსაფხვრელად და დემენციასთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიასთან თანამშრომლობით (Scottish human rights commision). 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2014 წელს ევროკომისიის მიერ შემუშავდა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სტრატეგიებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს. არსებული დოკუმენტი სცილდება სოციალური მომსახურების სფეროს და ცდილობს, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ყველა პროექტსა და პროგრამაში შემოიტანოს. პრინციპები ინერგება არა მხოლოდ მომსახურების მიწოდების პერიოდში, არამედ ორგანიზაციული საქმიანობის ზოგად ნაწილშიც. 

არსებული სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით ჩანს, რომ HRBA-ს ორგანიზაციულ საქმიანობაში დასანერგად საჭიროა ხუთი ძირითადი პრინციპის განხორციელება: 

  1. ყველა უფლების გათვალისწინება – საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხილვა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; 
    1. ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობის უზრუნველყოფა –  მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. მონაწილეობის პრინციპი სცილდება მხოლოდ კონსულტაციის გაწევას და მოიცავს ამა თუ იმ პროგრამის დანერგვის პროცესში აქტიურ ჩართვას; 
    1. ანტიდისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორობა – ყველა ადამიანისათვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა ძირითად საჯარო და სახელმწიფო სერვისებზე;
    1. ანგარიშვალდებულება და კანონის აღსრულება – ადგილობრივი კანონმდებლობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, ანგარიშვალდებულების ეფექტური სისტემის შექმნა;
    1. გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ინდივიდების წვდომა ინფორმაციაზე და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა (მახარაძე თ. ტატანაშვილი ზ. კალანდაძე ქ. მექვაბიშვილი ნ, 2019-2022).

როგორც ვხედავთ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები, ადამიანის უფლებაზე დაფუძნებული თეორიის სოციალურ სისტემაში დანერგვის პროცესში, აქცენტს აკეთებს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე, რომელთა უფლებებიც შეიძლება ყველაზე ხშირად ირღვეოდეს.

2019-2022 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული მომსახურებების შეფასებას უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ჭრილში. კვლევამ გამოავლინა ექვსივე სტანდარტის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც იდგა ორგანიზაციულ, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის დონეზე (მახარაძე თ. ტატანაშვილი ზ. კალანდაძე ქ. მექვაბიშვილი ნ, 2019-2022).

გარდა ამისა, 2023 წელს სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხის მიღების მიზნით, შევაფასე ქმედუნარიანობის რეფორმა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მხარდამჭრები, მხარდაჭერის მიმღები პირები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერის სასამართლო დავებისა და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკები და იურისტები.  გაანალიზდა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის განკუთვნილი და მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფორმები. მიღებული ინფრომაცია დამუშავდა PANEL და FREDA პრინციპებზე დაყრდნობით, შემდეგი ინდიკატორების მიხედვით:

  • სამართლიანობისა და უფლებების განხორციელების პრინციპი;
  • პატივისცემისა და ღირსების პრინციპები;
  • თანასწორობის, თანამონაწილეობისა და ინკლუზიის დაცვის პრინციპი;
  • ავტონომიის პრინციპი;
  • ინდივიდუალური შედეგები და მომსახურების მართვა.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ, მომსახურების მიწოდებისას, ხუთივე ინდიკატორი სრულიად ან ნაწილობრივაა დარღვეული.

კვლევის ფარგლებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვით შეფასდა მხარდაჭერის მიმღებ პირებთან სააგენტოს მიერ გამოყენებული შემთხვევის მართვის მოდელი. გამოიკვეთა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც აბრკოლებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რელევანტურ ასახვას შემთხვევის მართვის მოდელში, ესენია: დამხმარე სერვისების ნაკლებობა; გამოყენებულ შეფასების ფორმებთან დაკავშირებული ხარვეზები; სოციალური მუშაკების უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა და სპეციალისტების არასაკმარისი ცოდნა  ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დეკადის განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება ხორციელდება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, მაგალითად, შშმ პირის სტატუსის მინიჭების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, იქმნება სხვადასხვა ტიპის სერვისები, როგორიცაა შინმოვლის მომსახურების ქვეპროგრამა, პერსონალური ასისტენტით მომსახურების პროგრამა და ა.შ. 

მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, არსებული შემთხვევის მართვის მოდელი უფრო მეტად ბენეფიციარის საჭიროებების შეფასებაზეა ორიენტირებული და არ მოიცავს იმ ტიპის ინტერვენციას, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გააუმჯობესებს.  გარდა ამისა, მხარდასაჭერი პირი აღქმულია, როგორც მომსახურების პასიური მიმღები, მისი თანამონაწილეობა კი მინიმუმამდეა დაყვანილი. აქედან გამომდინარე, მოდელი სრულფასოვნად არ ეფუძნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და აუცილებელია გატარებული იქნას რიგი ცვლილებები, ადგილობრივ დონეზე.

HRBA გამოყენებული უნდა იქნას ყველა სოციალური მუშაკის მიერ ინდივიდუალური პრაქტიკის განხორციელებისას, რათა ინტერვენცია ეფუძნებოდეს მომსახურების მიმღების უფლებებს. ასევე, ადვოკატირების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნილი სერვისების ადვოკატირება ხდებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის ოფისი”

Bibliography

Australian government departament of social services. (2013). National Standards for Disability Services.

Harms-Smith, L., Martinez-Herrero, M., & Geoghegan. (2019). Social Work and Human Rights: A Practice Guide. . BASW The professional association for social work and social workers.

Health Information and Quality Authority & Safeguarding Ireland. (2019). Draft Guidance on a Human Rights- Based Approach to Care and Support in Health and Social Care Settings.

Scottish human rights commision. (n.d.). human rights based approach: PANEL principles.

გოჩიაშვილი ნ. (2018). ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება სახელმწიფო სოციალური მუშაკების მიერ საქართველოში. . თბილისი.

დათეშიძე ა. ტატანაშვილი ქ. (2022). უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტი. თბილისი: SCRDG.

მახარაძე თ. ტატანაშვილი ზ. კალანდაძე ქ. მექვაბიშვილი ნ. (2019-2022). უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურება ხანდაზმულების და შშმ პირებისთვის. თბილისი: SCRDG.

წოწკოლაური გ. (2019-2022). უფლებები, სოციალური პოლიტიკა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სოციალური მუშაობაში. თბილისი: SCRDG-სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

იხილეთ ნაშრომის ელექტრონული ვერსიაც