მრგვალი მაგიდა თემაზე – სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების ანგარიში

 
2021 წლის 02 თებერვალს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტიდან, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სტრატეგიული  კვლევების და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ჯამში 14 სტუმარი.

ანგარიშის მიზანი იყო „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 16 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდა მხოლოდ 3 და ნაწილობრივ შესრულდა 9. შეფასების მიხედვით, კანონის არსებობამ, ამ დრომდე, მხოლოდ პროფესიის მნიშვნელობასა და ინსტიტუციური რეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სხვა მხრივ კი, მოლოდინის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო სოციალურ მუშაკთა და ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია სამოქმედო გეგმის აღსრულებისა და პროცესის მნიშვნელობის შესახებ. პასუხისმგებელმა უწყებებმა ისაუბრეს კანონის აღსრულებისას შექმნილ სირთულეებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინგა სარჯველაძის განცხადებით, „2020 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში დაემატა 30 კადრი და გამოცხადებული იყო დამატებით კონკურსი, რომელიც ამჟამად შეჩერებულია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო“. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლმა ნინო შატბერაშვილმა კი აღნიშნა, რომ „2021 წლამდე ნამდვილად ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 50 კადრის დამატებასთან დაკავშირებით ასევე პანდემიის გამო, თუმცა უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ კონკურსს.“

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ)“უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთ  კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და
ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *