ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა ფემინისტური სოციალური მუშაობის პერსპექტივიდან

სტატიის ავტორი: თამარ დავითელაშვილი


ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს და დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ პრობლემის დასაძლევად. საქართველოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალებს, რომლებსაც ძალადობის შედეგად მიადგათ ზიანი. ამ მიმართულებით სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც სამართალწარმოების კანონიერების უზრუნველყოფასა და მსხვერპლების უსაფრთხო სივრცეში გადაყვანას, ასევე, მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევასა და გაძლიერებას (Un Women, GEOSTAT, 2017). აღნიშნული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაში კოორდინირებულად არის ჩართული როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ძალისხმევით. მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოციალური მუშაკები მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად (საქართველოს სახალხო დამცველი, 2020). წინამდებარე სტატიაში სწორედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ფემინისტური სოციალური მუშაობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვნებაზე ვისაუბრებ, რომელიც ძირითადად ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნას ემყარება.


სოციალური მუშაობა თავის მხრივ ემსახურება თანასწორობის პრინციპის დაცვასა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, სოციალური მუშაობა თავისი იდეოლოგიით კოჰაბიტაციაშია სხვადასხვა მორალურ მსოფლმხედველობასთან, მათ შორის ფემინიზმთან. გამომდინარე იქიდან, რომ ფემინიზმი თავისი არსით ინდივიდუალური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება, იგი თანხვედრაშია სოციალური მუშაობის ბაზისურ იდეოლოგიასთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მუშაობა ფემინისტური პროფესიაა. ეს ორი იმდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ თითქმის არ არსებობს განსხვავება პიროვნებებს შორის, რომლებიც თავს აიდენტიფიცირებენ ან არ აიდენტიფიცირებენ ფემინისტად. სოციალური მუშაობა თავისთავად ხდის პროფესიონალს ფემინისტური მოტივების მატარებელს.


მას შემდეგ, რაც ქალთა უფლებების დაცვის საკითხი განხილვის საგანი გახდა, ქალთა მოძრაობების აქტივობებმა ფემინიზმის რამდენიმე ტალღა ჩამოაყალიბა და ისტორიას შემოუნახა. თუკი პირველი ტალღის ფემინისტებისთვის ე.წ. სუფრაჟისტებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მოპოვება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური ცვლიბები იყო, მეორე ტალღის ფემინიზმი უკვე რეპროდუქციულ უფლებებს, კერძო და საჯარო სექტორში თანაბარი დასაქმების შესაძლებლობასა და სხვა უფრო ძირეულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემათა მოგვარებას შეეხებოდა (A. Briatte, 2020). მათ შორის ქალები, პროფესიით სოციალური მუშაკები, მრავალი წლის წინ გაერთიანდნენ ქალთა პრობლემების აღმოსაფხვრელად და მათ ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც გულისხმობს არამხოლოდ ქალთა დაცვასა და გაძლიერებას, არამედ აქტიურ მუშაობას მამაკაცებთან ეფექტიანი შედეგების მისაღწევად. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის აქტუალობას ადასტურებს არაერთი კვლევა, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველ მესამე ქალს (30%) განუცდია ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა ოჯახის წევრის ან/და პარტნიორის მხრიდან, ზოგიერთ რეგიონში კი მათი რაოდენობა 38% შეადგენს (world health Organization, 2021). მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ინტენსიურად მუშაობენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან სხვადასხვა სექტორში – სადღეღამისო თავშესაფრებში, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოებში, მართლმსაჯულების სისტემაში, ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ა.შ., ხშირად მათი როლი სრულყოფილად არ არის აღქმული სოციალური მუშაობის სექტორის მიღმა.


საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2006 წელს მიიღო კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა იზოლირებასა და შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნული კანონის მუხლი N8-ში სოციალური მუშაკის როლი განხილულია (წარმოდგენილია) სხვადასხვა ასპექტში – ოჯახური დავების მიზეზების შესწავლა/ანალიზი; მსხვერპლთა მხარდაჭერა და თანადგომა; მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენა; დამცავ ორდერთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობის მიღება, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობაში დახმარება და ასევე, შეფასების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მსხვერპლი ბავშვის განცალკევება (პარლამენტი, 2017). თუმცა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სოციალური მუშაკის როლი ხშირად დავიწყებულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმეში არასრულწლოვანი არ ფიგურირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში ძალადობა კომპლექსური საკითხია, მუშაობისას საჭიროებს ჰოლისტური მიდგომის გამოყენებას. სოციალური მუშაკები მუშაობენ ოჯახის ყველა წევრთან, როგორც მსხვერპლ ქალებთან და ბავშვებთან, ასევე, მოძალადეებთან. შესაბამისად, მათთვის სრულყოფილი და რეალური სურათის გაანალიზება მარტივდება (Kanno & Newhill, 2009). თუმცა სოციალური მუშაკის როლი და ფუნქცია ბევრად ძირეული ეტაპიდან იწყება, მაგალითად ისეთი პრევენციული საწყისიდან, როგორიცაა ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რაც გულისხმობს ოფიციალურ სასწავლო პროგრამებსა და განათლების ყველა დონეზე ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზებას. ფემინისტი სოციალური მუშაკები ძირეულ პრობლემას სწორედ მაკრო დონეზე ებრძვიან და ფიქრობენ, რომ ქალების პირადი პრობლემები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ზემოქმედებს გარემო ფაქტორები მათ ყოველდღიურობასა და თავისუფლების შეგრძნებაზე. შესაბამისად, ფემინისტი სოციალური მუშაკები მხარს უჭერენ სოციალურ ინკლუზიას, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და თანასწორობას (C. Peek-Asa, 2011).
პრაქტიკული მუშაობის დროს სოციალური მუშაკები ხშირად უწევენ კონსულტაციას მსხვერპლ ქალებს, რათა სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თავიანთ უფლებებთან, სახელმწიფოში არსებულ სერვისებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. რელევანტური და საჭირო ინფორმაციის ცოდნა მსხვერპლისთვის ყველაზე ხელშემწყობია თავდაცვისა და თვითგადარჩენისთის. მაშინ კი, როდესაც მსხვერპლი ოჯახში ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ დგას ან ძალადობის ფაქტი უკვე სახეზეა, სოციალური მუშაკები რეაგირებენ დაუყოვნებლივ და უზრუნველყოფენ მსხვერპლის უსაფრთხო სივრცეში გადაყვანას და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავებას. სოციალური მუშაკები ირგებენ როგორც მედიატორის როლს და მსხვერპლს ამისამართებენ სხვადასხვა სერვისებში, იქნება ეს იურისტისა თუ ფსიქოლოგის კონსულტაცია, დასაქმების ხელშეწყობა, აწვდიან სხვადასხვა პროექტების შესახებ ინფორმაციას და მაქსიმალურად ცდილობენ მათ გაძლიერებას (Edubirdie, 2022). ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დედა-შვილის ურთიერთობის გაძლიერება და წახალისება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსხვერპლი მოძალადისგან განცალკევდება.


ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური მუშაკი საქმეზე იწყებს მუშაობას სრულიად განსხვავებული მიზეზით, მაგრამ საქმის შესწავლისას აღმოჩნდება, რომ სახეზეა ოჯახში ძალადობა. უკეთ გასაანალიზებლად განვიხილავ შემთხვევას, რომელზეც ვმუშაობდი აქტიურად: მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ქ. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან შემოვიდა შეტყიბინება, რომლის მიხედვითაც, მეოთხე კლასის მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღეა მუდმივად აცდენს საგაკვეთილო პროცესს. კლასის დამრიგებელმა რამდენჯერმე სცადა კომუნიკაცია მშობელთან, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ რაც სოციალურმა მუშაკმა დავიწყე საქმეზე რეაგირება, რამდენიმე მცდელობის შემდეგ შევძელი დედასთან დაკავშირება, მივაწოდე ინფორმაცია ჩემს ვინაობასთან დაკავშირებით, თუმცა მან მობილური ტელეფონი გათიშა. კომუნიკაციის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა განაცხადა, რომ არ იმყოფება ამჟამად ქ. თბილისში და ვერ შეძლებს გასაუბრებას. ჩემი მხრიდან განემარტა სატელეფონო ზარის მიზეზი და მიეცა ქალბატონს გონივრული ვადა კომუნიკაციის დასამყარებლად, რადგან ეჭვი გამიჩნდა, რომ იგი გარემო ფაქტორების გამო არიდებდა თავს ჩემთან კომუნიკაციას. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი მრავალი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდან, რასაც არაერთხელ შეეწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. მას შემდეგ რაც მსხვერპლმა ძალ-ღონე მოიკრიბა და შვილებთან ერთად მეუღლისგან თავის დაღწევა სცადა, თავი მშობლების ოჯახს შეაფარა რაიონში, რომელიც მისი ერთადერთი წასასვლელი იყო. აღმოჩნდა, რომ მსხვერპლის ძმა არ ითვალისწინებდა მის ამჟამინდელ მდგომარეობას, თვლიდა, რომ დაოჯახებულმა ქალმა ყველაფერი უნდა მოითმინოს ოჯახის გადასარჩენად და თვლიდა, რომ მსხვერპლი თავად აძლევდა საბაბს მეუღლეს. ძმა არანაკლები წნეხის ქვეშ ამყოფებდა ქალბატონს, უკრძალავდა სახლის დატოვებას და ყველანაირი სახის კომუნიკაციას ოჯახის წევრების გარდა, ხშირად მობილურ ტელეფონსაც კი ართმევდა. მსხვერპლთან რამდენიმე მოკლე გასაუბრების შემდეგ, შევძელი დამერწმუნებინა, რომ მიემართა პოლიციისთვის, რის შემდეგაც დავეხმარებოდი 24 საათიანი სადღეღამისო თავშესაფარში გადაყვანითა და სხვა სასარგებლო ბენეფიტებით. აღნიშნული ქეისი აღმოჩნდა წარმატებული, რადგან მსხვერპლმა დაინახა სოციალური მუშაკის კეთილგანწყობა, დახმარების სურვილი და რაც მთავარია ძალა, რომ შეეძლო მისი დახმარება. სოციალური მუშაკის უმთავრესი როლი პირველივე კომუნიკაციის დროს რაპორტის დამყარება და საჭირო ინფორმაციის ლაკონურად მიწოდება იყო, რამაც განაპირობა მსხვერპლის თანამშრომლობა. პირველი უმთავრესი ნაბიჯის შემდეგ კი დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროგრამა ბავშვებთან ერთად, მათ ისარგებლეს ყველა სერვისით, რასაც კი სახელმწიფო სთავაზობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ასევე, სოციალური მუშაკის რეკომენდაციითა და იურისტის დახმარებით გაიმარჯვეს სასამართლო დავებში. რა თქმა უნდა, ყოველი წარმატებით დასრულებული ქეისი სოციალური მუშაკისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის, როგორც ქალისთვის მსხვერპლი ქალის დახმარება და მხარდაჭერა ორმაგად ამაღელვებელი და საამაყოა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯებია გადადგმული, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა უკეთესი რეფორმების შესამუშავებლად, სადაც მიზანშეწონილია სოციალური მუშაკების როლის მეტად მკვეთრად წარმოჩენა და მათი რესურსის აქტიური გამოყენება. საზოგადოებაში კი ფემინიზმის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური თანასწორობის მომხრე და გენდერულ სტერეოტიპებთან მებრძოლი იდეოლოგიის დამკვიდრება, ხელს შეუწყობს ძალადობის ფაქტების პრევენციას.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “ფემინიზმი და სოციალური მუშაობა” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.


გამოყებული ლიტერატურა:

  1. ევროკავშირი, & ორგანიზაცია, გ. ქ. (2017). ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში. თბილისი: UN Women.
  2. პარლამენტი, ს. (2017 წლის 4 მაისი). საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. მოპოვებული www.matsne.gov.ge: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26422?publication=18#! -დან
  3. საქართველოს სახალხო დამცველი. (2020). საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. თბილისი: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. მოპოვებული https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf -დან
  4. Organization, W. H. (2012). Understanding and addressing violence against women. WHO/RHR.
  5. Organization, W. H. (2021, March 9). world health organization’s newsroom/Violence against women. Retrieved from https://www.who.int/: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/violence-against-women
  6. Family And Domestic Violence: Social Workers’ Theories. (2022, Jun 29). Edubirdie. Retrieved May 2, 2023, from https://edubirdie.com/examples/family-and-domestic-violence-social-workers-theories/
  7. Peek-Asa, C., Wallis, A., Harland, K., Beyer, K., Dickey, P., & Saftlas, A. (2011). Rural Disparity in Domestic Violence Prevalence and Access to Resources. Journal of Women’s Health (15409996), 20(11), 1743–1749. https://doi-org.steenproxy.sfasu.edu/10.1089/jwh.2011.2891
  8. Kanno, H. and C.E. Newhill (2009) ‘Social Workers and Battered Women: The Need to Study Client Vio-lence in the Domestic Violence Field’, Journal of Aggression, Maltreatment & Trauma
  9. A. Briatte, O. D. (2020). Feminisms and Feminist Movements in Europe.

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *