სოციალური მუშაობა დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

სტატიის ავტორი: სალომე აბულაშვილი

სტატია მომზადებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით“. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის შეხედულებებს.

აბსტრაქტი

საქართველოში მოქმედი ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო-მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანთა საბაზისო უფლებების დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელ უწყებებში შესაბამისი რეაგირების განხორციელებაში. არსებული კანონმდებლობის  ფუნქციაა  განსაზღვროს იკვეთება თუ არა ადამიანთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ მრწამსს, ეთნიკურობას, სექსუალურ ორიენტაციასა ან/და გენდერულ იდენტობას ან სხვა ნიშნით ადამიანის დევნას. საყურადღებო საკითხია, რომ კანონმდებლობის არსებობა არ გამორიცხავს ადამიანთა დისკრიმინაციას და მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას, თუმცა ჩარჩო-მექანიზმების გარეშე შეუძლებელია აღნიშნულ სირთულეებთან ბრძოლა.

ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების თვალსაზრისით, სოციალური მუშაობის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანთა უფლებების დაცვაში, მათ მიმართ თანასწორი მოპყრობის სტანდარტის დანერგვა-განვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში, მაკრო დონეზე ცვლილებების ინიცირებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ უწყებებში სოციალური მუშაკები არ არიან წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პირებად პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ  ადამიანთა უფლებების დაცვაში მიკრო და მეზო დონეზე, რაც თავისთავად მოიაზრებს ანტიდისკრიმინაციულ პრაქტიკასა და სხვა რელევანტურ მიდგომებს.

სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და მოვალეობა დისკრიმინაციასთან ბრძოლა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც ხაზგასმულია სოციალური მუშაობის შესახებ ადგილობრივ კანონში. აღნიშნული კანონის მიხედვით, დაუშვებელია მომსახურების მიმღების, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი დისკრიმინაცია (საქართველოს პარლამენტი, 2018).  ამასთანავე, სოციალური მუშაობის პრაქტიკის განხორციელება მნიშვნელოვანია ეყრდნობდეს საქართველოს კანონს  ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტი, 2014), რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა ნებისმიერი ნიშნისა თუ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად. აღნიშნული ვალდებულებები ნებისმიერი პირისთვის მკვეთრადაა ხაზგასმული საქართველოს კონსიტუციის მე-11 მუხლშიც (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, 1995).

არსებული ადგილობრივი კანონმდებლობის მიუხედავად, როგორც სოციალური მუშაობის, ასევე სხვა პროფესიების პრაქტიკაში ნაკლებად არსებობს მექანიზმები, რომლითაც შესწავლილი იქნება მომსახურების გაწევა ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკის განხორციელების ჭრილში. ამასთანავე, საყურადღებო საკითხია, რომ ქვეყანაში კანონმდებლობის არსებობა არ არის თანასწორად მოპყრობის გარანტი. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებებსა თუ კერძო სექტორში პირთა მიმართ  სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ ხორციელდება, ადასტურებს სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტად გამოიკვეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, შემდეგ – სქესის/გენდერის ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის, ეროვნება/მოქალაქეობის, რელიგიისა და სხვა ნიშნების მიხედვით (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022).

ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, სტატიის მიზანია შესწავლილ იქნას საქართველოში არსებული ადგილობრივი სამართლებრივი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო-მექანიზმები, კანონის პრაქტიკაში აღსრულება და სოციალური მუშაობის როლი ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკის ჭრილში. გარდა იმისა, რომ სოციალური მუშაობის მიკრო და მეზო პრაქტიკა აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს პირთა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაკრო დონის პრაქტიკასა და ცვლილებების განხორციელებას ესაჭიროება სფეროში დამატებითი რესურსი და სახელმწიფო ნება სოციალურ მუშაკთა პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩართვისა და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებისთვის.

ამრიგად, სოციალური მუშაობის პრაქტიკა მუდმივად უნდა იყოს ბმაში ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმებთან, როგორც მიკრო და მეზო, ასევე მაკრო დონეზე, რათა პროფესიამ აქტიურად შეძლოს თავისი როლის შესრულება პირთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში.

საკვანძო სიტყვები: ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, სოციალური მუშაობის პრაქტიკა, დისკრიმინაცია

შესავალი

საკითხის აქტუალობა

დღეს, საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა,   სახელმწიფოს ფუნქცია და როლი პირთა სოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. აღნიშნულთან მიმართებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა რელევანტურ პროფესიებთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი უკავია სოციალურ მუშაობას.

საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ (საქართველოს პარლამენტი, 2018) განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ პროფესია ეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: ,,პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“ (საქართველოს პარლამენტი, 2018). შესაბამისად, აღნიშნული პროფესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რელევანტური მომსახურების გაწევა დისკრიმინაციის გარეშე და ღირსეული გარემოს შექმნა მომსახურების მიმღებთათვის, არამედ, სოციალური მუშაკის მიერ დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება ადამიანის დისკრიმინაციისგან დაცვისთვის სხვა გარემოში, სადაც მისი მოწყვლადობა შესაძლოა იზრდებოდეს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული პროფესია ემსახურება არა მხოლოდ კომპეტენტური და ღირსეული მხარდაჭერის ინდივიდუალურად გაწევას პირისთვის, არამედ მისი უფლებების დაცვის ადვოკატირებას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და პრაქტიკა გადაჯაჭვულია სოციალური მუშაობის პროფესიასთან, რადგან სწორედ სოციალური მუშაკია ცვლილებების ინიცირების ერთ-ერთი აგენტი, როგორც მიკრო და მეზო, ასევე, მაკრო დონეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ბარიერები და ხარვეზები მაკრო პრაქტიკაში სოციალური მუშაკების მიერ ცვლილებების ინიცირებისათვის, საჭიროა აღნიშნული საკითხის შესწავლა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მზაობის შექმნა ადამიანთა ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობისთვის.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაანალიზება და სოციალური მუშაობის როლის შესწავლა დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. დასახული მიზნის შესაბამისად გამოიყო შემდეგი ამოცანები:

  • ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესწავლა
  • სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის როლის გაანალიზება დისკრიმინაციასთან ბრძოლაში

ნაშრომში გამოყენებული იქნება მეორეულ მონაცემთა ანალიზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკვლევი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და აქამდე არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება. ასევე, მიმოხილული იქნება რელევანტური სახელმძღვანელოები და კვლევები, რომლებიც მიმოიხილავს  სოციალური მუშაობის როლსა და ფუნქციას დისკრიმინაციასთან ბრძოლაში და ისეთი ოფიციალური დოკუმენტები, როგორიცაა კანონი და მისი ცალკეული მუხლები.

ლიტერატურის მიმოხილვა

ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვისას მნიშვნელოვანია ისეთი დოკუმენტებისა და მათი ცალკეული მუხლების გაანალიზება, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი თანასწორობის უფლების შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, 1995) საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (საქართველოს პარლამენტი, 2014),  საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ (მუხლი 8: თანასწორობის პრინციპი) (საქართველოს პარლამენტი, 2018). ამასთანავე, საყურადღებოა, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო-მექანიზმების მიუხედავად, დისკრიმინაცია იკვეთება სხვადასხვა სექტორში განსხვავებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ. აღნიშნულს ადასტურებს ,,საქართველოს სახალხო დამცველის“ 2021 წლის სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022), რომელშიც გამოკვეთილი და გაანალიზებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორებიცაა: ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპთან, მათ შორის პირბადის ტარების ვალდებულების გავლენა მცირეწლოვნებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ქალთა, ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობის საკითხები, დისკრიმინაცია სოციალური დაცვის სისტემაში, შრომით ურთიერთობებში, მათ შორის დისკრიმინაციის წახალისების საკითხი სქესის, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და სხვ. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საყურადღებოა, თუ რამდენად დროულად მიმდინარეობს რეაგირება დისკრიმინაციის ფაქტებზე  სახელმწიფო უწყებების მხრიდან. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან საჯარო სივრცეში ჩადენილ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე სამინისტროს რეაგირებას, შეფასდა: ,,სათანადო რეაგირების არარსებობა უწყების მიმართ მოქალაქეთა ნდობაზე უარყოფითად აისახება. გამოძიების ეფექტიანობასა და ნდობას კიდევ უფრო ამცირებს გაჭიანურებული შესწავლის პროცესები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, უწყებამ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს თითოეული სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმის გარემოებების გამოსაკვლევად და სამართალდამრღვევი პირის მიმართ სათანადო ღონისძიებების გასატარებლად“ (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022, გვ. 15).

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს თანასწორობის უფლების შესახებ, აღნიშნულის ქვეპუნქტების მიხედვით:

,,1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“ (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, 1995).

საყურადღებოა თითოეული პუნქტი, რომელსაც მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი და ასევე, მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის გაანალიზება და შეფასება პრაქტიკაში არსებულ მდგომარეობებთან მიმართებით. მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა, ზემოთ განხილული სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022), გამოიკვეთა რომ ადგილი აქვს როგორც კანონმდებლობის დარღვევას, ასევე გამოძიებისა და აღსრულების მექანიზმებში სირთულეებს.  მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ის საკითხი, რომ დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი პირის მიმართ, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა სწორედ არსებულ დარღვევებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სისტემის გაუმჯობესება-განვითარება, რასაც სჭირდება  რელევანტურ ადამიანთა რესურსი და სახელმწიფო ნება მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად.

იმის გათვალისწინებით, რომ ანტიდისკრიმინაციული გარემოსა და ქცევის ფორმირება ერთ-ერთი მოწინავე საკითხი უნდა იყოს ქვეყანაში, ადგილობრივ კანონმდებლობაში 2014 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტი, 2014). კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით: ,,კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად“ (საქართველოს პარლამენტი, 2014), რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას- დისკრიმინაციისგან დაცვას.

ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ (საქართველოს პარლამენტი, 2018), რომელიც თავის მხრივ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ პროფესია ეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: ,,პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნული პროფესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბენეფიციართა მომსახურების გაწევა დისკრიმინაციის გარეშე და ღირსეული გარემოს შექმნა მათთვის, არამედ, სოციალური მუშაკის მიერ დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება ადამიანის დისკრიმინაციისგან დაცვისთვის სხვა გარემოში, სადაც მისი მოწყვლადობა შესაძლოა იზრდებოდეს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული პროფესია უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ღირსეული მხარდაჭერის გაწევას პირისთვის, არამედ მისი უფლებების დაცვის ადვოკატირებას მომსახურების მიმღებთან ერთად. 

სოციალურ მუშაობასთან მიმართებით ხაზგასასმელი საკითხია მუშაობის სპეციფიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს კანონში ცვლილების ინიცირებაზე მუშაობასაც, როდესაც არსებული კანონმდებლობა არღვევს/ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მიმღების უფლებას და აყენებს მას უთანასწორო მდგომარეობაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ მიკრო და მეზო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიის როლი ინდივიდთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ამავე მიზნით საჭიროებას წარმოადგენს სოციალური მუშაკების ყოფნა მოწინავე პოზიციებზე მაკრო დონეზე ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებისთვის. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ მაკრო დონის პრაქტიკასა და ცვლილებების განხორციელებას ესაჭიროება სფეროში დამატებითი რესურსი და სახელმწიფო ნება სოციალურ მუშაკთა პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩართვისა და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღებისთვის და აღნიშნულისთვის არ კმარა მხოლოდ მიკრო და მეზო დონეებზე მუშაობის შესაძლებლობა. საერთაშორისო სოციალური სამუშაოს მიხედვით: ,,სოციალურ მუშაკთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, ადვოკატობა არის ამ პროფესიის წარმომადგენელთა პროფესიული ვალდებულება. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განმარტებით კი: სოციალური სამუშაოს ძირითად მისიას წარმოადგენს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ფენების კეთილდღეობაზე ზრუნვა“ (შატბერაშვილი, 2011, გვ. 260). აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას ადგილობრივ კონტექსტში, რათა სრულყოფილად იქნას შესწავლილი ის ხარვეზები და ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სოციალური მუშაკების მხრიდან ადვოკატირების განხორციელებას მაკრო დონეზე. ასევე, მნიშვნელოვანია, დამატებითი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნას დამსაქმებლების მხრიდან შექმნილი პირობები და გარემოებები, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდეს ან ხელს უშლიდეს პროფესიული საქმიანობის სწორად განხორციელებასა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობდა მომსახურების მიმღებთა სერვისის გაუმჯობესებას.

ამრიგად, საყურადღებოა, არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ადგილობრივი  კანონმდებლობა, არამედ მასთან ერთად არსებული რეაგირებისა და აღსრულების მექანიზმების ეფექტურობის შესწავლა, რათა, მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი თითოეული ადამიანის დაცვა, როგორც დისკრიმინაციისგან, ასევე სხვა ნებისმიერი გარემოებისგან, რაც მის უფლებებს არღვევს. სახელმწიფოს პრიორიტეტულ ინტერესებში, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია დომინირებდეს ადამიანთა ნდობის ფაქტორი უწყებების მიმართ, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხაზგასმულია სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალურ ანგარიშშიც: ,,სათანადო რეაგირების არარსებობა უწყების მიმართ მოქალაქეთა ნდობაზე უარყოფითად აისახება. გამოძიების ეფექტიანობასა და ნდობას კიდევ უფრო ამცირებს გაჭიანურებული შესწავლის პროცესები…“ (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022, გვ. 15).

სოციალური მუშაობის როლი დისკრიმინაციასთან ბრძოლაში

სოციალური მუშაობა ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან და ბაზისურ პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების, ღირსების, კეთილდღეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სპეციალისტს აქვს ვალდებულება იხელმძღვანელოს ეთიკის პრინციპებითა და ისეთი საბაზისო ღირებულებებით, როგორიცაა არაგანსჯითი მიდგომა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საკუთარი პროფესიული კომპეტენციის გაცნობიერება და მომსახურების მიმღებისათვის რელევანტური მხარდაჭერის გაწევა (საძაგლიშვილი & შეყრილაძე, 2020). შესაბამისად, აღნიშნული პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ დისკრიმინაციასთან ბრძოლაა, რათა შესაძლებელი იყოს ადამიანთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომსახურების მიმღებთა საბაზისო უფლებების დაცვა. ,,სოციალურ სამუშაოში აქცენტი კეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, დისკრიმინაცია და სოციალური უსამართლობის სხვა გამოვლინებები. სოციალური მუშაკები თავიანთი საქმიანობით ცდილობენ გამოიწვიონ საზოგადოების რეაგირება ადამიანთა გარკვეული ნაწილის ჩაგვრაზე და ასევე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების არსებობისა და მნიშვნელობის შესახებ“ (საძაგლიშვილი & შეყრილაძე, 2020, გვ. 236-237).

როგორც სხვა სფეროებში, ასეე სოციალურ მუშაობაში მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს თუ რა ნიშნით ხორციელდება პირის დისკრიმინაცია, რათა სპეციალისტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი რეაგირება და ამავე დროს,  საჭიროების შემთხვევაში, ჩართოს დამატებითი სპეციალისტების შემთხვევის მართვის პროცესში. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის დისკრიმინაციული მოპყრობის შემდეგ ნიშნებს: რასა, კანის ფერი, სქესი, წარმოშობა, ეთნიკური კუთვნილება, ენა, რელიგია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, სოციალური კუთვნილება, ქონებრივი, ან წოდებრივი მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი“ (კილაძე & ფირცხალაშვილი, 2018, გვ. 62). საყურადღებოა, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი არ არის შემოფარგლული მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით და არსებობს დაშვება, რომ დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს სხვა ნებისმიერი ნიშნით, მაგალითად: სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნებით. ,,[საქართველოს] კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-11 მუხლის რედაქცია სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და დადგენილია, რომ დასაშვებია დისკრიმინაცია მოხდეს არა მხოლოდ არსებული ნიშნების, არამედ სხვა ნიშნის მიხედვითაც“ (კილაძე & ფირცხალაშვილი, 2018, გვ. 67).  

დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ,,პირდაპირ დისკრიმინაციად ითვლება ისეთი მოპყრობა, ან პირობების შექმნა, რომელიც პირს უფლებებით სარგებლობისას კანონით რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, ასეთად ითვლება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი, ან ქმედება პირს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს“ (კილაძე & ფირცხალაშვილი, 2018, გვ. 60).

სოციალური მუშაკი ვერ იქნება ნეიტრალური პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ სპეციალისტს ევალება განახორციელოს რელევანტური ღონისძიებები მომსახურების მიმღებთა უფლებების დასაცავად მათი მოწყვლადობისა და არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პოლიტიკის დღის წესრიგში ცვლილებების ინიცირებისთვის, რაც მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას, რესურსსა და პირობებს. ,,…სოციალური მუშაკი არ არის ნეიტრალური აგენტი, არც პრაქტიკაში და არც ქმედებაში. ამიტომ, მაკკორმიკის (1970) აზრით, ადვოკატობა წარუმატებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის თავდაუზოგავი შრომაა და სოციალური მუშაკი ვერ იქნება ნეიტრალური“ (შატბერაშვილი, 2011, გვ. 28). დამატებითი კვლევის საგანია სოციალური მუშაკების ადგილობრივი პრაქტიკა, ნეიტრალურობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროფესიისთვის შესაბამისი შესაძლებლობის მიცემის სახელმწიფო ნება,  როგორც სამუშაო პირობების,  ასევე საჭირო რესურსების შექმნა-განვითარების თვალსაზრისით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალურ მუშაკებს აქვთ პასუხისმგებლობა დაუპირისპირდნენ დისკრიმინაციას, ხელი შეუწყონ სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობას. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად სპეციალისტებს  უნდა ესმოდეთ, თუ რა ფორმებით არსებობს დისკრიმინაცია და რა მავნე ზეგავლენა აქვს მას, როგორც მარგინალიზებული პირების ფსიქო-სოციალურ ფუნქციონირებასა და კეთილდღეობაზე, ასევე იმ პირებზე, რომელთაც აქვთ პრივილეგიები, რესურსები და ძალაუფლება (DeLoach McCutcheon, 2014). აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში იდგას არა მხოლოდ დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და მის აღმოფხვრაზე მუშაობა, არამედ მომსახურების მიმღებთა ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკებისა და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელი სხვა მკვლევრების მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა ,,დისკრიმინაციის გრძელვადიანი, საზიანო გავლენა ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე, მის ჯანმრთელობასა და ქცევაზე“. კვლევების მიხედვით დასტურდება, თუ რაოდენ მძიმე შედეგები  მოყვება ვითარებებს, როცა არაა აღმოფხვრილი დისკრიმინაცია. აღნიშნულის მაგალითია დედების მძიმე ჯანმრთელობა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა ფერადკანიან ქალებში. გარდა იმისა, რომ მიკრო დონეზე მეტად ცნობილია დისკრიმინაციის შედეგები, ნაკლებად გასაგებია მაკრო დონის სტრატეგიები, რომლებიც აღმოფხვრიან დისკრიმინაციას. პოლიტიკაში იდენტიფიცირებულია, რომ კანონდარღვევაა ადამიანის დისკრიმინაცია კანის ფერის, რასის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნის მიხედვით, თუმცა მისი აღმოფხვრის იდენტიფიცირება და განხორციელება რთულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურმა მუშაკებმა უნდა გააგრძელონ დისკრიმინაციის აღმოფხვრის სტრატეგიების კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა შეიქმნას სამართლიანი საზოგადოება ყველასთვის (DeLoach McCutcheon, 2014).

სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა და ზოგიერთ საკითხზე, ადგილობრივი კვლევევის არარსებობა მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის პროფესიული პრაქტიკის განვითარებისთვის. აღნიშნული სირთულე ეხება როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე, სხვა ქვეყნებსაც, რაც გლობალურ პრობლემადაც შეიძლება იქნას განხილული. მაგალითისთვის, შეიძლება განვიხილოთ დიდ ბრიტანეთში იმ ტიპის კვლევების არარსებობა, რომლებიც კონკრეტულად იკვლევენ სოციალური მუშაკების მიერ ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის პრინციპების გამოყენებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კონტექსტში. კვლევების ნაკლებობა პრობლემურია, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმღები ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან ადამიანების უფლებების დარღვევათა კონტექსტში, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე გლობალურად. ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ადამიანთა სტიგმამ და დისკრიმინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური უფლებების რღვევა, მათ შორის საბაზისო ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემები, დისკრიმინაცია განათლების, დასაქმებისა და საცხოვრებლის კუთხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ადამიანები გარიყულნი არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ცხოვრობენ სიღარიბეში და აქვთ გამოჯანმრთელების ცუდი შედეგები (Meadows & Moran, 2021).

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული კვლევის (Meadows & Moran, 2021) მიგნებების მიხედვით, იდენტიფიცირდა ვარაუდები,  რომ მნიშვნელოვანია ინვესტიციების ჩადება ადამიანის უფლებათა სპეციფიკურ ტრენინგებში, ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობაში, ინტეგრირებული გარემოს შექმნაში, სადაც სოციალური მუშაკების მიმართ  ნდობა იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. საჭიროა გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა დაცვის გზები, რომელიც აღქმული და იდენტიფიცირებული იქნება სოციალური მუშაკების მიერ, მათ შორის უფრო მეტად ტრანსფორმირებული და განვითარებული უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკა.

არსებული მსოფლიო და ადგილობრივი პრაქტიკა მოწმობს, რომ საჭიროა დამატებითი რესურსები, სახელმწიფო ნება და მოთხოვნა გაუმჯობესდეს ადამიანთა კეთილდღეობის დონე რელევანტურ სახელმწიფო უწყებათა, კერძო და არასამთავრობო სექტორის, შესაბამისი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რაშიც დიდი როლი უკავია სოციალური მუშაკის რგოლს, როგორც ცვლილებების ერთ-ერთ აგენტს. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს პირდაპირი თუ ირიბი დისკირმინაციის მსხვერპლი, არსებობენ ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც სხვებთან შედარებით მეტად მოწყვლადები არიან დისკრიმინაციის წინაშე. როგორც უკვე აღინიშნა, საჭიროა როგორც დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და შემთხვევის მართვა აღნიშნული მიმართულებით, ასევე დისკრიმინაციაგანცდილი ადამიანის ფსიქო-ემოციურ-სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით.

დასკვნა

ადგილობრივი კანონმდებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის როლის გაანალიზების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ისეთი პრაქტიკის დანერგვა-განხორციელება, რომელიც იზრუნებს დისკრიმინაციის იდენტიფიცირებაზე, დისკრიმინაციაგანცდილი ადამიანის უფლებების დაცვაზე, მათ შორის ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების ჭრილში და ამავდროულად, უზრუნველყოფს ყველა ამ საფეხურის გავლას მომსახურების მიმღებთან ერთად ინდივიდუალური მიდგომით. აღნიშნულის გარდა, საერთაშორისო გამოცდილებით გამოიკვეთა, რომ მიკრო დონეზე მეტად ცნობილია დისკრიმინაციის შედეგები, ნაკლებად გასაგებია მაკრო დონის სტრატეგიები, რომლებიც აღმოფხვრიან დისკრიმინაციას. პოლიტიკაში იდენტიფიცირებულია, რომ კანონდარღვევაა ადამიანის დისკრიმინაცია კანის ფერის, რასის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნის მიხედვით, თუმცა მისი აღმოფხვრის იდენტიფიცირება და განხორციელება რთულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურმა მუშაკებმა უნდა გააგრძელონ დისკრიმინაციის აღმოფხვრის სტრატეგიების კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა შეიქმნას სამართლიანი საზოგადოება ყველასთვის (DeLoach McCutcheon, 2014).  სამართლიანი საზოგადოების მოცემულობის მიღწევისთვის კი საჭირო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა პოლიტიკის ყველა დონეზე, არამედ სახელმწიფო მზაობაც, რესურსები და ნება ადამიანთა კეთილდღეობის დონის ამაღლებისათვის.

სოციალური მუშაობისა და სოციალური მუშაკის როლის განხილვისას აღვნიშნეთ, რომ ,,…სოციალური მუშაკი არ არის ნეიტრალური აგენტი, არც პრაქტიკაში და არც ქმედებაში. ამიტომ, მაკკორმიკის (1970) აზრით, ადვოკატობა წარუმატებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის თავდაუზოგავი შრომაა და სოციალური მუშაკი ვერ იქნება ნეიტრალური“ (შატბერაშვილი, 2011, გვ. 28). შესაბამისად, სოციალური მუშაობის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა უფლებების დასაცავად,  რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას, ჩაგვრას, სოციალურ, ეკონომიკურ უთანასწრობას. მომსახურების მიმღებისათვის სერვისის გაწევისას სპეციალისტი ვალდებულია იხელმძღვანელოს პროფესიული ეთიკის სტანდარტებითა და შესაბამისი ღირებულებებით, რაც მათ უნდა უქმნიდეს ღირსეულ და უსაფრთხო გარემოს. აღნიშნულის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულება აქვთ სოციალური მუშაკების დამსაქმებელ სახელმწიფო უწყებებსა თუ არასამთავრობო სექტორსაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც შესაბამისი კონფიდენციალური ფიზიკური სივრცე, ასევე მომსახურებაში ჩართულ თანამშრომელთა კომპეტენციაზე ზრუნვა. სოციალურ მუშაკებს სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ მოვალეობებთან ერთად, აქვთ ადვოკატირებისა და ცვლილებების ინიციატორის ფუნქციაც, რათა შესაძლებელი  იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ადამიანთა საჭიროებების დაყენება და მათ გადაჭრაზე მუშაობა. ,,სოციალურ მუშაკთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, ადვოკატობა არის ამ პროფესიის წარმომადგენელთა პროფესიული ვალდებულება. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განმარტებით კი: სოციალური სამუშაოს ძირითად მისიას წარმოადგენს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ფენების კეთილდღეობაზე ზრუნვა“ (შატბერაშვილი, 2011, გვ. 260).

რაც შეეხება, ადგილობრივ კანონმდებლობასა და მის პრაქტიკაში აღსრულებას, მიმოვიხილეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი თანასწორობის უფლების შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, 1995) საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (საქართველოს პარლამენტი, 2014),  საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ (მუხლი 8: თანასწორობის პრინციპი) (საქართველოს პარლამენტი, 2018). ასევე, გავაანალიზეთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ სივრცეში შესაძლოა განიცადოს დისკრიმინაცია, რადგან კანონი არ არის მხოლოდ უფლებების დაცვის გარანტი. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სწორედ ქვეყანაში არსებული აღსრულების მექანიზმები და ადამიანთა ნდობის ფაქტორი აღმასრულებელი ორგანოებისა თუ უწყებების მიმართ.  ასევე, ხაზგასასმელია სახალხო დამცველის აპარატის როლი დისკრიმინაციასთან ბრძოლაში და მისი რეკომენდაციები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით (საქართველოს სახალხო დამცველი , 2022), გამოიკვეთა რომ ადგილი აქვს როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევას, ასევე გამოძიებისა და აღსრულების მექანიზმებში სირთულეებს.  მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებობს რელევანტური ჩანაწერები, რომლებიც მიმართულია ადამიანის დისკრიმინაციისგან დაცვისკენ. აღნიშნულთან ერთად საჭიროა იმ გამოწვევებზე აქტიური მუშაობა, რომელიც თან ახლავს სხვადასხვა სექტორში პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვისათვის.

ამრიგად, განხილული საკითხების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  სოციალური მუშაობის პრაქტიკა მუდმივად უნდა იყოს ბმაში ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმებთან, როგორც მიკრო და მეზო, ასევე მაკრო დონეზე, რათა პროფესიამ აქტიურად შეძლოს თავისი როლის შესრულება პირთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში. აღნიშნულში კი მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც თავად პროფესიას, ასევე სახელმწიფო მზაობასა და ნებას  ადამიანთა უფლებების დაცვისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

კილაძე, ს., & ფირცხალაშვილი, ა. (2018). ბმული

საქართველოს პარლამენტი. (2014, მაისი 7). ბმული

საქართველოს პარლამენტი. (2018, ივნისი 29). ბმული

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. (1995, სექტემბერი 24). ბმული

საქართველოს სახალხო დამცველი . (2022, თებერვალი 24). ბმული

საძაგლიშვილი, შ., & შეყრილაძე, ი. (2020). ბმული

შატბერაშვილი, ნ. (2011). https://csogeorgia.org/. ბმული

შატბერაშვილი, ნ. (2011). www.tsu.ge. ბმული

DeLoach McCutcheon, K. (2014, ნოემბერი 3). ბმული

Meadows, K., & Moran, N. (2021, ივნისი 24). ბმული

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *