„სოციალურმა მუშაობამ უნდა განახორციელოს გაბედული, მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც სამართლიანობის რკალს ყველას თავისუფლებისკენ მიმართავს“
MILDRED “MIT” C. Joyner
სოციალური მუშაობა ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან გამოჩნდა ადამიანთა ცხოვრებაში, როგორც მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება, ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობდა მოწყვლადობის აღმოფხვრასა და საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური მუშაობა თავდაპირველად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ზრუნავდა სიღარიბეში მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ეტაპობრივად განვითარდა, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და შეუდგა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური,ეკონომიკური, მორალური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებისაგან მხარდაჭერით ვერ სარგებლობდა, შემდგომში სოციალური სტაბილურობისათვის მისი მნიშვნელობის გააზრებამ ხელი შეუწყო მის პროფესიონალიზაციას. ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული დეკლარაციების შემოღებამ და ევროპულმა სოციალურმა ქარტიამ მნიშვნელოვანი გახადა სოციალური მუშაობის მეთოდიკების გამოყენება. სოციალური მუშაობა დასავლეთ ევროპულ სახელმწიოფებში დაეფუძნა ჰუმანისტურ ღირებულებებსა და ლიბერალურობას, რაც თავისი არსით ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას (კილაძე & ფირცხალაშვილი, 2018).
სოციალური მუშაობა საზოგადოების კეთილდღეობის, უფლებათადაცვის გამოძახილია, რაც ემყარება მაღალ ღირებულებებს და შესაბამისად, ადამიანის ღირსება, სამართლიანობა და სხვა უფლებები დიდ როლს თამაშობს. მისი ძირითადი პრინციპებიც სწორედ აღნიშნულიდან გამომდიანრეობს, ესაა სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, უფლებების პატივისცემა, მიმღებლობა. სოციალური მუშაობის განვითარებას თან სდევდა დისკრიმინაციაც, რომელიცაა უსამართლო, უთანასწორო გარემოს შექმნა რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანებისთვის, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს რასის, ეთნოსის, სქესის, სოციალური სტატუსის თუ რელიგიური მახასიათებლების გამო (კინწურაშვილი, 2015). განსაკუთრებით აქტუალური და მძაფრია დისკრიმინაციის გამოხატულება ქალთა და შავკანიან ადამიანთა მიმართ. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან საზოგადოება ქალებს გარკვეულ როლებს უწესებდა, რომლებსაც ისინი პროტესტის გარეშე უნდა მორგებოდნენ, ისინი უგულებელყოფილნი იყვნენ აქტიური საზოგადოებისგან, რაც მათ უზღუდავდა საუკეთესო შედეგებისათვის მოქმედებას და საბოლოოდ, იწვევდა ძალადობისადმი მორჩილებას, ჩაგვრასა და უფლებების შელახვას (Pokharel, 2008). სოციალური მუშაობისათვის განსაკუთრებით სენსიტიურია მოცემული საკითხი, ვინაიდან სოციალურ მუშაკთა უმრავლესობასაც ქალები წარმოადგენენ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ჯეინ ადამსი, „სოციალური მუშაობის დედა“, რომელმაც ისაუბრა ქალებთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებზე, სწორედ მისი დროიდან მოყოლებული, გენდერული დისკრიმინაცია სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი გახდა. ჯერ კიდევ 1975 წელს შეიქმნა, სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაციის საბჭოს მანდატით, ქალთა საკითხთა ეროვნული კომიტეტი, რომლის მიზანიც, ქალთა დამცირებისა და მათთვის უთანასწორო მდგომარეობის შექმნის გამო, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაარსების დღეს (NASW, 2019). სოციალური მუშაობა გულისხმობს ქალთა დისკრიმინაციასთან მუშაობას, ვინაიდან ქალები გაუმკლავდნენ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც წარმოიქმნება გენდერული ბრმა სოციალური პოლიტიკით და ამძაფრებს ქალთა უძულურებასა და უთანასწორობას. მათი ინტერვენციები ამ მხრივ მოიცავს კონსულტაციას, ჯგუფურ მუშაობას, ადვოკატირებას, ლობირებასა და აქტივიზმს ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობისათვის (Alston,2019). სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ჩაგრულ ადამიანებს და ებრძოლოს საზოგადოებაში უსამართლობას, ისინი ცდილობენ დაასრულონ დისკრიმინაცია , სიღარიბე და სხვა არსებული უსამართლობანი, სწორედ ამიტომ საყურადღებოა რასიზმთან დაკავშირებული დისკრიმინაციული საკითხებიც, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. შავკანიან ადამიანებს უჭირდათ სამუშაოს პოვნა, სოციუმში რეალიზება, თანაარსებობდნენ არათანასწორ გარემოში, სადაც ხშირად ილახებოდა მათი უფლებები. სოციალური მუშაობა, კი სწორედ ის პროფესიაა, რომელმაც უნდა გაანადგუროს რასობრივი დისკრიმინაცია და აჩვენოს საზოგადოებას თუ რას ნიშნავს იყო ანტირასისტი (Social work degree center, 2020). თვალი რომ გადავავლოთ სოციალური მუშაკების ქმედებებს ამ საკითხის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, შევამჩნევთ, რომ ადრეული პერიოდიდან რასობრივი დისკრიმინაცია გახლდათ მნიშვნელოვანი პრობლემა აღნიშნული პროფესიის არსებობისა და განვითარების ეტაპებზე. 1970-1980-იანი წლებიდან იდგამს ფესვებს ანტირასისტული მიდგომები სოციალურ მუშაობაში, რომელიც ბრიტანეთში მიმდინარე სოციალურ მოძრაობებსაც უკავშირდებოდა, ეს უკანასკნელი გულისხმობდა რასიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ბრიტანეთში სოციალური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი პროფესიული შესაძლებლობების ჩარჩოთი, რომელიც დაკავშირებულია სწორედ იმის გააზრებასთან, რომ სოციალურმა მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ ეთიკა, დაინტერესდნენ სხვადსხვა ჯგუფებით, რასობრივი დისკრიმინაციითა და სამართლიანობის კონცეფციებით (Lavalette & Penketh, 2015). ასევე დიდია სოციალური მუშაობის დამსახურება ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციის შემცირებაში. დღესდღეობით მრავალი ორგანიზაცია არსებობს, როგორც საქართველოში (მაგ: WISG, თემიდა, თანადგომა და სხვა.), ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომელთა ფარგლებშიც სოციალური მუშაკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათი უფლებების დაცვის საკითხში (გვინიაშვილი, 2019). ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სწორედ სოციალური მუშაობის ღირებულებებემა მისცა დამატებითი ბიძგი ამგვარ ორგანიზაციებს ებრძოლათ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მოეცვათ მეზო, მიკრო და მაკრო სფეროები. სოციალური მუშაობა ხომ ერთერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელსაც შეუძლია ცალკეული ადამიანის, პოლიტიკის, ოჯახისა და საზოგადოების დონეზე მოახდინოს ცვლილებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით სავალალო მდგომარეობა იყო, ლგბტ ადამიანებს არ ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინი სრულიად მარტო იყვნენ მათ პრობლემებთან, არ არსებობდა ძალა, რომელიც ღიად დაიცავდა მათ უფლებებს და შეეწინააღმდეგებოდა დისკრმინიაციას. სოციალური მუშაობა კი გახდა ის პროფესია, რომელმაც აქტიურად დაუჭირა მხარი ლგბტ თემს და შეცვალა დისკრიმინაციული გარემო. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია,რომ სოციალური მუშაკები ყოველთვის წინა ხაზზე არიან ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლაში, ისინი არიან მოკავშირეები და დამცველები ლგბტ თემის წამომადგენლებისა, მათი თანასწორობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებს უზრუნველსაყოფად. მათი ინტერვენციები კი მოიცავს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, სათემო პროგრამებს, რაც იცავს ლგბტ თემის უფლებებსა და ამკვიდრებს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას. სოციალური მუშაკები ეფექტური დახმარებისათვის იზიარებენ მათთან დაკავშირებულ რთულ, ნიუანსურ საკითხებსაც კი, მათ ესმით დისკრიმინაციული სისტემების ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთდაკავშირება, შესაბამისად მათ შეუძლიათ შესთავაზონ ყოვლისმომცველი დახმარება, რომელიც უფრო ღრმად ჩასწვდება რთულ, ინდივიდუალურ საკითხებს. აღნიშნულ პროფესიას ეფექტურობისათვის ეხმარება ინკლუზიურობისა და კულტურული კომპეტენციების გააზრებაც. ინკლუზია, ხომ სოციალური მუშაობის ცენტრშია, რაც მოიცავს, რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს საზოგადოებაში არსებული სარგებლობა და რესურსი, ინკლუზია ქმნის მსგავსების საფუძველს ინდივიდებს შორის. კულტურული კომპეტენცია კი არის უნარი გაიგოს განსხვავებები რასის, რელიგიის, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ფაქტორების, რაც საშუალებას აძლევს სოციალურ მუშაკებს, რომ პატივი სცენ სხვის ღირებულებებს (school of social work, 2019). დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის შესწავალა საგანამანათლებლო დაწესებულებებში, ვინადიან ესაა წარმატებული მცდელობა, იმისა, რომ ახალგარზდა თაობა განვითარდეს სწორი ღირებულებების კვალდაკვალ, უარი უთხრას დისკრიმინაციას და მეტიც, თავადვე იბრძოლოს მისი პრევენციისათვის. საყურადღებოა, რომ უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგელბში შეისწავლება საგნები (მაგ: კულტურული მრავალფეროვნება, ინდივიდებთან მუშაობა, ლგბტ თემი, ქალთა ძალადობა და სხვა), რომლებიც თავისთავად მოიცავს დისკრიმინაციულ საკითხებს, უსამართლობასა და უთანასწორობას, რაც აძლევს მათ მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას იმ საკითხებზე, რომლებიც ახალგარზდებს დაეხმარება სამომავლოდ მიიღონ სწორი, ჯანსაღი გადაწყვეტილებები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,2022). გარდა ამისა, პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ეძლევათ სწავლის პროცესში, კიდევ უფრო უწყობს ხელს გააცნობიერონ თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ანტიდისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებაში, როგორც სოციალურ მუშაკებს და როგორც ცალკეულ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში (school of education and social work, 2020).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღესდღეობით სოციალური მუშაობის აქტიური მოქმედებებით დისკრიმინაციული საკითხები შემცირებულია, გაუმჯობესებულია ქალთა უფლებები, რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანები გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც საშუალება აქვთ გამოხატონ მათი გენდერული იდენტობა და მეტად რეალიზდნენ სოციუმში, გარდა ამისა სოციალური მუშაობა ეხება სხვა ჯგუფებსაც (ეთნიკური უმცირესობები, ხანდაზმულები, ბავშვები და სხვა.), რომელთა მდგომარეობაც დღითიდღე ვითარდება. სოციალური მუშაობის სკოლის სივრცეში შეტანაც კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯია დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, ვინაიდან ადამიანის განვითარებისა და ადრეული სოციალიზაციის პერიოდიდანვე აღმოიფხვრას მსგავსი დამოკიდებულებები. განმანათლებლის როლიც, რომელსაც სოციალური მუშაკები აქტიურად ასრულებენ, საშუალებას აძლევს სოციუმს განვითარდეს, აიმაღლოს ცნობიერება დისკრიმინაციულ საკითხებზე და შეცვალოს არსებული რეალობა. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიის განმავლობაში რთული ვითარება სოციალური მუშაობის ღირებულებების, მისი სულისკვეთების შედეგად დადებითად შეიცვალა, დღეს უკვე ბევრი სარგებელი, რომელსაც თავისთავად ვიღებთ, სწორედ რომ სოციალური მუშაობის დამსახურებაა, რომელიც მუდამ იდგა ძალადობისა და უგულებლეყოფის წინააღმდეგ.
ბიბლიოგრაფია
გვინიაშვილი,ნ. (2019) ლგბტ მოძრაობა საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები აქტივისტის პოზიციიდან, თბილისი, საქართველო. ბმული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2022) BA სოციალური მუშაობა, თბილისი, საქართველო. ბმული
კილაძე,ს. ფირცხალაშვილი,ა. (2018) სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი, საქართველო. ბმული
კინწურაშვილი,ნ. (2015) დისკრიმინაციის ძირითადი კონცეპტები საერთაშორისო სამართალში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ბმული
Alston,M. (2019) Working with Women: Gender-sensitive Social Work Practice, Oxford University. ბმული
Levalette,M. Penketh,L. (2015) Race, racism and social work. ბმული
National association of social workers (2019) women’s issues. ბმული
National association of social workers (2020) Social Workers Must Help Dismantle Systems of Oppression and Fight Racism Within Social Work Profession. ბმული
National association of social work (2021) UNDOING RACISM THROUGH SOCIAL WORK. ბმული
Pokharel,S. (2008) Gender Discrimination: Women Perspective. ბმული
Social work degree center (2020) The Social Work Social Justice Policies In The United States. ბმული
School of social work (2019) Social Work With the LGBTQIA+ Community: Supporting the Needs of a Diverse Population. Virginia Commonwealth University. ბმული
School of education and social work (2020) 10 reasons why you should study Social Work, Birmingham City University. ბმული
სტატიის ავტორი: ანა ენდელაძე
სტატია მომზადებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით“. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის შეხედულებებს.
No Responses