ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი დღეს მოისმენს.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელსაც თან ახლავს სამოქმედო გეგმა (2018-2025წწ.) აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის ამოცანათა უმეტესი ნაწილის განხორციელება განსაზღვრული იყო 2021 წლის 1 იანვრამდე, ზოგიერთის აღსრულება კი კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო. თუმცა, როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მათ სურთ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება, გარდამავალი პერიოდის, ზოგიერთი მიმართულებით, გაგრძელებასთან დაკავშირებით. (2021 წლის იანვრის ნაცვლად, 2021 წლის 1 ივნისამდე)
მოგეხსენებათ, სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის დაცვას. და ხშირად სწორედ სოციალური მუშაობის ეფექტურ ფუქნციონირებაზეა დამოკიდებული მოქალაქეთა კეთილდეობის დონე და მათი უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, საციცოცხლოდ მნიშვენლოვანია მოხდეს კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების დათქმულ ვადაში აღსრულება, განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გაზრდილი უმუშევრობა, უსახლკარობა, და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ყოველივე ამას კი თან ერთვის თავად სოციალური მუშაკების შრომითი პირობების უგულებელყოფა დამსაქმებლების მხრიდან, რაც გამოიხატება ტრანსპორტირების არარსებობაში. სოციალურ მუშაკებს საგანგებო ეპიდემიის დროსაც კი საკუთარი ხარჯებით უწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.
ასევე, ხაზგასასმელია, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2018 წლიდან 2021 წლის 1 იანვრამდე განსახორციელებელ ამოცანათა უმეტესი ნაწილი მოიცავს კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას, რომელიც ხორციელდება დონორების დახმარებით და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებითი რესურსის გამოყოფას არ საჭიროებს, თუმცა როგორც ჩანს 2 წლის განმავლობაში შესაბამისი უწყებების მხრიდან არც ამ ვალდებულებებზე მუშაობა იქნა დაწყებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აღნიშნული კანონის და ზოგადად, სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის ნაკლებპრიორიტეტულობას ჩვენს ქვეყანაში. და აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, რომ კანონის სრულად აღსრულება 2025 წელსაც კი ვერ მოხდება.
მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრული ამოცანათა დროული აღსრულება, რათა თითოეული მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ იქნას დაცული, რაც ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია პანდემიის პერიოდში.
No Responses