ფემინისტური პერსპექტივა სოციალურ მუშაობაში: ქალები და ომი

სტატიის ავტორი: სალომე აბულაშვილი

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “ფემინიზმი და სოციალური მუშაობა” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

შესავალი
საკითხის აქტუალობა

ფემინისტური თეორიები ხსნის ქალთა გამოცდილების სტრუქტურასა და დინამიკას სოციო-პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ სექსუალობის იერარქიებში. სოციალური მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია ფემინისტური თეორიების გამოყენება პრაქტიკაში შესაბამისი მოქნილობითა და პასუხისმგებლობით. იმის გათვალისწინებით, რომ ფემინისტურ თეორიას აქვს სხვადასხვა განშტოებები, სოციალური მუშაობის პრაქტიკაში მნიშვნელოვანია მათი საფუძვლიანი ცოდნა და აღნიშნული ცოდნის რელევანტურად გამოყენება (Saulnier , 2008). ფემინისტური თეორიისა და პერსპექტივის უკეთ გააზრებისთვის მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს ფემინიზმი და ფემინისტური პერსპექტივა.
ფემინიზმი წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ მიდგომას, რომელიც მიემართება თანასწორობის საკითხს გენდერულ ჭრილში. კერძოდ, აღნიშნული მიდგომა ეფუძნება გენდერს, საკითხების გენდერულ პერსპექტივაში გამოხატვას, სქესს, სექსუალობას, რომელიც გააზრებულია სოციალური თეორიებისა და პოლიტიკური აქტივიზმის გათვალისწინებით. ისტორიული თვალსაზრისით, ფემინიზმი განვითარდა სქესთა შორის უთანასწორობის კრიტიკული განხილვების დაწყების პერიოდიდან (Social Sciences, 2021). გენდერზე დაფუძნებული ფემინისტური პერსპექტივა ითვალისწინებს ინტერსექციურობის, ფემინიზმის სოციოლოგიურ თეორიის გაანალიზებას, რომელზეც პირველად განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფემინისტმა სოციოლოგმა კიმბერლე კრენშოუმ. ინტერსექციურობა გულისხმობს, რომ გარემოში არსებული სხვადასხვა ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული კატეგორიები (რასა, სქესი, კლასი, ეთნიკური წარმომავლობა) ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და ხელს უწყობენ სისტემატურ სოციალურ უთანასწორობას. შესაბამისად, ჩაგვრის სხვადასხვა ფორმა (მაგალითად: რასიზმი, სექსიზმი) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩაგვრის ფორმები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც აყალიბებს ჩაგვრის სისტემას, რომელიც ,,უზრუნველყოფს“ დისკრიმინაციის ფორმების ,,გადაკვეთას“. აღნიშნული თეორიის გათვალისწინებით, ქალების ჩაგვრა და მარგინალიზაცია ყალიბდება არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ფაქტორების მიხედვითაც, როგორიც შეიძლება იყოს რასა და კლასი (Social Sciences, 2021).
რაც შეეხება, უშუალოდ ფემინისტურ პერსპექტივას სოციალური მუშაობის პრაქტიკაში, იგი ემყარება დაშვებას, რომ კლიენტების პრობლემები კი არ არის ქალის ფსიქიკის ნაწილი, არამედ ისინი არსებობს ჩვენს სოციალურ სტრუქტურაში, რომელიც არის პატრიარქალური და მჩაგვრელი ქალების მიმართ. ეს მიდგომა ემყარება რწმენას, რომ პატრიარქალურ კულტურაში მამაკაცებს აქვთ უპირატესობები, რაც გამორიცხავს ქალთა თანასწორობას. აქედან გამომდინარე, ამ პერსპექტივის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც შექმნის თანასწორუფლებიან გარემოსა და ხელმისაწვდომობას, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, რომლებიც იყენებენ ფემინისტურ პრინციპებს სოციალური მუშაობის პრაქტიკაში, ცდილობენ ხელი შეუწყონ თანასწორი მდგომარეობის შექმნას ქალთა გამოცდილებაში, როგორც პიროვნულ, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ფემინისტი სოციალური მუშაკები აანალიზებენ და შესაბამის რეაგირებას ახდენენ იმ საკითხზე, რომელიც ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ რთული და მძიმე პირადი გამოცდილება სქესობრივი როლის მოსალოდნელ ნორმებთან, მჩაგვრელ სოციალურ სტრუქტურებთან და ამ თვალსაზრისით განიცდიდნენ დისკრიმინაციას. ფემინისტი სოციალური მუშაკები ხშირად ციტირებენ ლოზუნგით, რომ „პირადი პოლიტიკურია“ იმ იდეის საილუსტრაციოდ, რომ ინდივიდის უნიკალურობის გააზრება, მისი გამოცდილების გაგება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ კონტექსტში ერთობლივი გაანალიზებით, რომელშიც ეს მოხდა ესა თუ ის მოვლენა (Enge , 2013).
ფემინისტური პერსპექტივა, სოციალური მუშაობის პრაქტიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვისათვის, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური დღის წესრიგის ჩრდილში მოექცეს. აღნიშნული საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან უგულებელყოფა ან პოლიტიკოსთა მხრიდან ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი ,,სწორი“ პოზიციონირებისა და საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვებისთვის აბრკოლებს თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობას. ქალებისთვის დაბრკოლებები და სირთულეები კიდევ უფრო მძაფრდება ისეთ მძიმე მდგომარეობებსა და პერიოდში, როდესაც იწყება ომი. ,,ჩვენ ვხედავთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. საზოგადოება იძულებით გადაადგილებულ პირებზე იგებს იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ საბაზისო საჭიროებების, მაგალითად, ადეკვატური საცხოვრისის მოთხოვნით ან როდესაც სხვადასხვა შენობაში შესვლასა და მათ კერძო საკუთრებად დარეგისტრირებას ცდილობენ…“ (არჯევანიძე & ჭანკვეტაძე, 2020). აღნიშნული საბაზისო საჭიროებების გარდა, ქალთა სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ხშირად განხილვის მიღმა რჩება და არც კი ხვდება იმ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომლის ფუნქციაც უნდა იყოს მოქალაქეებისთვის მიზანმიმართული დახმარებების შეთავაზება. ამასთანავე, ომის დროსა და მის შემდეგ ყურადღების მიღმაა დარჩენილი ქალთა შინ შრომა, ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებზე ზრუნვა, სექსუალობა, რომელიც გულისხმობს: ,,ინტიმურ საუბრებს პირად მიმოწერაში; ქალთა რეპროდუქციულ საკითხებს ომის დროს; დაპყრობილ ქვეყნებში ქალების გაუპატიურებასა და ორმაგ სტანდარტებს ქართველი და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მცხოვრები ქალების მიმართ (მეორე მსოფლიო ომის პერიოდი საბჭოთა საქართველოში)“ (ცქიფურიშვილი, 2020, გვ. 20).
ზემოთ აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვნად მიემართება ფემინისტურ პერსპექტივას სოციალური მუშაობის ჭრილში, რადგან პროფესიის, სოციალური მუშაობის, ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე მუშაობა, რაც თავის თავში მოიაზრებს, როგორც ადამიანთა ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფის/თემის საჭიროებებსა და პოლიტიკის დღის წესრიგში მაკრო დონეზე ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას. აღნიშნული საკითხები სოციალური მუშაკების მიზანმიმართულ მუშაობასთან ერთად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, სოციალურ პროგრამებზე, და ზოგადად, ადამიანთა საჭიროებების წინ წამოწევაზე პოლიტიკურ დღის წესრიგში. აღნიშნული ინფორმაციების გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის პრაქტიკის წარმართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფემინისტური პერსპექტივის
გადააზრება, რათა პრაქტიკაში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორ მდგომარეობაში ყოფნას, რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და კლიენტის გაძლიერებას გარემოში არსებული წინააღმდეგობრივი მდგომარეობებისა და პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით. ასევე, საყურადღებოა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის მხრიდან მომსახურების მიმღების სირთულეების გაანალიზება გენდერზე დაფუძნებული ჩაგვრის სისტემის გათვალისწინებით.


საკვანძო სიტყვები: ფემინისტური პერსპექტივა, სოციალური მუშაობა, ქალები, ომი


მეთოდოლოგია


კვლევის მიზანს წარმოადგენს ფემინისტური პერსპექტივის გაანალიზება და აღნიშნული პერსპექტივის ჭრილში სოციალური მუშაობის როლის შესწავლა ომის პერიოდში ქალთა საჭიროებებთან მიმართებით. დასახული მიზნის შესაბამისად გამოიყო შემდეგი ამოცანები:
• ფემინისტური თეორიის შესწავლა
• ფემინისტურ პერსპექტივაში სოციალური მუშაობის როლის გაანალიზება ომის პერიოდში ქალთა საჭიროებებთან მიმართებით

ნაშრომში გამოყენებულია მეორეულ მონაცემთა ანალიზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკვლევი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და აქამდე არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება. ასევე, ნაშრომში მიმოხილულია რელევანტური სახელმძღვანელოები და კვლევები, რომლებიც მიმოიხილავს ფემინისტურ პერსპექტივაში სოციალური მუშაობის როლსა და ფუნქციას თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობაში.


ლიტერატურის მიმოხილვა
ფემინისტური თეორია და სოციალური მუშაობა


ლიტერატურაში ფემინისტური თეორია განიხილავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხსა, მათ შორის ურთიერთობებსა და საზოგადოებაში არსებულ მონათესავე როლებს. ბევრი ფემინისტური ლიტერატურული თეორია გვახსენებს, რომ საზოგადოებაში მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა ხშირად არათანაბარია და ასახავს კონკრეტულ პატრიარქალურ იდეოლოგიას. ფემინისტი თეორეტიკოსები მოგვიწოდებენ, ყურადღება მივაქციოთ აზროვნების, ქცევის, ღირებულებების და ძალაუფლების ნიმუშებს ამ ურთიერთობებში (ATHENS CITY SCHOOL). ენგი(2013) და სოლნერი(2000) გამოყოფენ ფემინიზმის რამდენიმე ტიპს: კულტურული, კონსერვატიული, ,,ვუმენისტური“ (Womanism), ლიბერალური, რადიკალური, სოციალისტური, პოსტმოდერნისტული და გვთავაზობენ თითოეულის მიმოხილვას. კერძოდ:
• კულტურული ფემინიზმი ხედავს გენდერს, როგორც ადამიანთა შორის ფუნდამენტური დაყოფის მიზეზს, უფრო ფუნდამენტურს, ვიდრე კლასის, რასისა და უთანასწორობის სხვა წყაროებს;
• კონსერვატიული ფემინიზმი ირწმუნება, რომ მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული ბუნება და განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ეს იწვევს მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებულ, მაგრამ შემავსებელ როლებს. კონსერვატიული ფემინისტები ხედავენ მცირე მიზეზს, რომ მამაკაცები და ქალები ჩაერთონ თავიანთი ბუნების ,,შეუსაბამო“ ამოცანებში;
• ,,ვუმენისტური“(Womanism) ფემინიზმი აღიარებს სიღარიბეს, რასიზმს, ეთნოცენტრიზმს (სხვების შეფასება საკუთარი სტანდარტების/კულტურის მიხედვით) და სექსიზმს, როგორც ჩაგვრის ,,შემქმნელებს”. აქცენტი კეთდება ფერადკანიანი ქალების სპეციფიკური საჭიროებების ადვოკატირებაზე;
• ლიბერალური ფემინიზმი ეფუძნება ლიბერალურ ფილოსოფიას, რომელიც აღწერს საზოგადოებას, როგორც ცალკეული ინდივიდებისგან დაკომპლექტებულს, რომელთაგან თითოეული კონკურენციას უწევს რესურსების სამართლიან განაწილებას. ლიბერალი ფემინისტები აღნიშნავენ, რომ საზოგადოება არღვევს თანაბარი უფლებების
ღირებულებას ქალებთან მიმართებაში, პირველ რიგში, ქალების ჯგუფურად და არა ინდივიდუალურად განხილვით;
• რადიკალი ფემინისტები საზოგადოებას ახასიათებენ როგორც პატრიარქალურს; ის ისეა აგებული, რომ მამაკაცებს ძალაუფლების არაპროპორციული წილი აქვთ დაკავებული სქესის მიხედვით შრომის დანაწილებაზე. პატრიარქალური სტრუქტურა პრივილეგიას ანიჭებს მამაკაცებს ინდივიდუალური იდენტობის, სოციალური ურთიერთქმედებებისა და ძალაუფლების სტრუქტურული სისტემების რთული პოლიტიკური მანიპულირების გზით. ზოგიერთი რადიკალური ფემინისტი ქალების პიროვნებისა და მათი სექსუალობის საკითხს
აანაალიზებს, როგორც მამაკაცის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე ქალების;
• სოციალისტ ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ უთანასწორობა სათავეს იღებს როგორც პატრიარქატში, ასევე კლასიზმში. ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება სამუშაო ადგილის (წარმოების) მეშვეობით და ბიზნესის მფლობელები აკონტროლებენ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სოციალური მოთხოვნილებები კმაყოფილდება სახლში (რეპროდუქცია), ხოლო მამაკაცები აკონტროლებენ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარს;
• პოსტმოდერნული ფემინისტები ეძებენ მრავალ გზას მამაკაცის უპირატესობის კულტურულად გაგებული იდეოლოგიის დეკონსტრუქციისთვის. პოსტმოდერნული ფემინისტი თეორეტიკოსების ამოცანებია: (1) საზოგადოების ფემინისტური შეხედულებების არტიკულაცია; (2) გააანალიზონ, თუ როგორ მოქმედებენ ქალები
სოციალურ სამყაროზე; (3) შეისწავლონ ძალაუფლებისა და ცოდნის ურთიერთობების როლი ქალების აზროვნების ფორმირებაში სოციალურ სამყაროზე; და (4) წარმოვიდგინოთ გზები, რომლითაც შესაძლებელია სოციალური სამყაროს გარდაქმნა (The Social Work Graduate, 2022).
ზემოთ განხილული ფემინიზმის ტიპები მნიშვნელოვნად უკავშირდება სოციალურ მუშაობის ფემინისტურ პერსპექტივას და მიდგომებს, რომლებსაც შესაძლოა იყენებდნენ პრაქტიკოსი ფემინისტი სოციალური მუშაკები. როგორც აღვნიშნეთ, პროფესია გასულ საუკუნეში ხშირად იყო ,,გენდერულად ბრმა“ ქალთა საჭიროებების გაანალიზებისა და დაკმაყოფილებისათვის. ისტორიულად, საწყის ეტაპზე, სოციალურ სამუშაოს არასასიამოვნო ,,ურთიერთობა“ ჰქონდა ფემინიზმთან. გარკვეულწილად, ის ყოველთვის იყო ფემინისტური იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიის დაწყების დღიდან იგი ზრუნავდა სოციალურ სამართლიანობაზე და იმ ადამიანთა კეთილდღეობაზე და ცხოვრების პირობებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ძალაუფლებაზე, რაც უმეტესად გულისხმობდა ქალებსა და ბავშვებს. საწყის ეტაპზე, ბევრი სოციალური მუშაკი ასევე იყო ქალი – მაღალი და საშუალო კლასის ქალები. გასათვალისწინებელია, რომ ადრეული სოციალური მუშაობა, სინამდვილეში, შორს იყო ფემინისტური მისწრაფებებისგან და ღირებულებებისგან დღევანდელი საქმიანობისგან განსხვავებით. მაღალი/საშუალო ფენის სოციალური მუშაკები ვერ ხედავდნენ წინააღმდეგობას მუშათა კლასის ქალების ექსპლუატაციაში, რომლებიც უვლიდნენ თავიანთ ოჯახებსა და შვილებს, სანამ ისინი „კარგ საქმეებს“ ეწეოდნენ. მოგვიანებით, სამუშაო სისტემებში დასაქმდნენ და გაჩნდნენ ფემინისტი სოციალური მუშაკები, რომლებიც ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის, ასევე იყვნენ რადიკალური ფემინისტი სოციალური მუშაკები და სათემო მუშაკები, რომლებიც ცდილობდნენ ცვლილებების განხორციელებას არა მხოლოდ ქალებთან, არამედ მამაკაცებთან სოციალურ მუშაობაშიც. მთელ მსოფლიოში ქალები გაერთიანდნენ, რათა ებრძოლათ ქალთა უფლებებისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე ღიად და აქტიურად მუშაობისთვის, როგორიცაა გაუპატიურება, ქალთა განათლება და ოჯახში ძალადობა (The Social Work Graduate, 2022).
ზემოთ აღნიშნული საკითხებისა და ისტორიული მიმოხილვის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის პრაქტიკის წარმართვა ფემინისტური პერსპექტივის ფარგლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალებისა და ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის, განსაკუთრებით, ომის პერიოდში, როდესაც მინიმუმია ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებზე და აღნიშნულის გარდა, მაღალია ქალთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. ,,ომი ქალების ყოფაზე ორმაგად მძიმე და ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ომში ხშირია გენდერული სამხედრო ძალადობა, რომელსაც კონკრეტული ქალებისთვის უმძიმესი ზიანის მიყენების მიღმა, მისი და მთელი მისი თემის ღირსების სიმბოლური შელახვისა და მსხვერპლად წარმოჩენის მიზანი აქვს. კიდევ უფრო მძიმეა ქალების ტვირთი დევნილობაში, სადაც მათ საკუთარი ოჯახის გადარჩენისთვის შეცვლილ სოციალურ რეალობასთან ადაპტირება, შრომა და გაუარესებული საცხოვრებელი პირობების სიმძიმის ტარება უწევს… ხშირად კაცების მიერ ომში განვლილი ტრავმები, დანაკარგი და აპათია, ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ომში ქალთა უფლებების და ინტერესების დაცვა მრავალშრიან გააზრებას და დაცვას საჭიროებს“ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022). სოციალური მუშაობის პრაქტიკული საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს მნიშვნელოვანია, რომ წარმოადგენდეს, როგორც ომით დაზარალებულ პირთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, ასევე, ქალების, ბავშვების პერსპექტივის დანახვა, რათა მათი ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა და წარმოჩენა არ მოხდეს მხოლოდ ,,მსხვერპლის სტატუსით“ და განხილულ იქნას მათი გაძლიერების და დახმარების უპირატესი შესაძლებლობები. ძალადობაგანცდილი ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია მათი რეტრავმატივზაციის თავიდან აცილებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური ფუნქციონირების აღდგენაში დახმარებისთვის.


სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივა: ქალები და ომი


ფემინისტური სოციალური მუშაობა წარმოიშვა ფემინისტური სოციალური მოქმედების შედეგად ქალების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ქალებთან თავიანთ თემებში. მათი მიზანი იყო ქალთა კეთილდღეობის გაუმჯობესება, პრობლემების ღიად გამოტანა დღის წესრიგში მათი მოგვარებისთვის, რადგან არსებული სირთულეები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არსებობს დამოუკიდებლად და ჯაჭვურ კავშირშია ჩაგვრის სხვადასხვა ფორმასა და სისტემასთან. ეს ნიშნავდა, რომ პირადი პრობლემები ხელახლა განისაზღვრა, როგორც საზოგადოების საზრუნავი. დომინელი(2002) განვსაზღვრავს ფემინისტურ სოციალურ მუშაობას, როგორც სოციალური მუშაობის პრაქტიკის ფორმას, რომელიც მოითხოვს ქალთა გამოცდილებას მსოფლიოს შესახებ, როგორც მისი ანალიზის ამოსავალი წერტილი და ფოკუსირებულია კავშირებზე – ქალის პოზიციაზე საზოგადოებაში. ის პასუხობს ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, ქმნის თანასწორუფლებიან ურთიერთობებს კლიენტი-სოციალური მუშაკის ურთიერთქმედებაში და აგვარებს სტრუქტურულ უთანასწორობას. ქალთა განსაკუთრებული საჭიროებების ჰოლისტიკური დაკმაყოფილება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია ქალთა საბაზისო უფლებების დაცვისათვის (Dominelli, 2002).
სოციალური მუშაობის ფემინისტურ პერსპექტივასთან მიმართებით, ნებისმიერ დროს, მათ შორის, ომის პერიოდში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და გადარჩენა, მათი დახმარება და შესაბამისი პროფესიული მომსახურების გაწევა ერთ-ერთი მოწინავე საკითხია ქვეყნებისათვის. აღნიშნულთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ ,,ნებისმიერ კონტექსტსა და სიტუაციაში ქალები, მამაკაცები, გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარად განიცდიან დაუცველობას, უსაფრთხოების სფეროს უწყებებთან ისინი სხვადასხვაგვარად ურთიერთობენ და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზეც სხვადასხვაგვარად რეაგირებენ……[ქვეყანაში]უსაფრთხოების სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის გადამწყვეტია უსაფრთხოების გენდერული განზომილებების აღიარება, ქალების, მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების განსხვავებულ საჭიროებათა გათვალისწინება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა“ (ბასტიკი & დე ტორესი, 2010). შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალებისა და ბავშვების ჩართვა ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება, როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ პროცესებთან უშუალო კავშირშია სოციალური მუშაობის პრაქტიკა, რადგან სწორედ სოციალური მუშაკები (სხვა დამხმარე პროფესიებთან ერთად) მუშაობენ მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე ინდივიდთა საჭიროებების მოწესრიგებისა და მათი პრობლემების პოლიტიკის დონემდე აყვანისათვის.
ქალებისა და ბავშვების საჭიროებების განხილვისას, მათი უფლებების დაცვისა და რეალიზაციისთვის, სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხილვადი იყოს ყველა ქალი, როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო, რომლებიც შესაძლოა რიგი იდენტური და რიგი განსხვავებული სირთულეების წინაშე იდგნენ, რაც, რასაკვირველია დამატებით შესწავლას საჭიროებს სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში. მაგალითისთვის, შეიძლება განვიხილოთ ქალთა წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში, თუმცა გენდერულად სტატისტიკაში გაუმჯობესებული მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალს კვლავ თანაბრად აქვს წვდომა სასურველ პროფესიასა და არჩევანზე: ,,დღევანდელი სამხედროები ბევრად უფრო ინტეგრირებულია გენდერული ხაზებით, ვიდრე ოდესმე წარსულში. ქალები აღარ არიან გამორიცხული ნებისმიერი სახის საბრძოლო მისიისგან: ისინი არიან მფრინავები, მანქანების მძღოლები, მექანიკოსები, ქვეითი ოფიცრები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ს არმიას არასოდეს ჰყოლია ქალების უფრო მაღალი რაოდენობა სამხედრო სამსახურში, ისინი შეადგენენ მთლიანი ძალის მხოლოდ 16%-ს…“ (Robinson & O’Hanlon, 2020). დამატებით, ცალკე კვლევის საგანია სამხედრო სამსახურში მყოფ ქალთა უფლებების დაცვა, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება(ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა), მამაკაცებთან მიმართებით თანასწორ მდგომარეობაში ყოფნის შესაძლებლობა და გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს არსებობა. სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გენდერზე დაფუძნებული ძალადობის საკითხის განხილვაც, რადგან ომის პერიოდში და მას შემდეგაც იზრდება ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის ან/და სექსუალური შევიწროების განხორციელების რისკი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ,,ხშირად კაცების მიერ ომში განვლილი ტრავმები, დანაკარგი და აპათია, ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ომში ქალთა უფლებების და ინტერესების დაცვა მრავალშრიან გააზრებას და დაცვას საჭიროებს“ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022). ომის დროს და მის შემდეგ პერიოდში გენდერული ძალადობის გარდა დგას დამატებით კიდევ ისეთი სირთულეები, როგორიცაა გადაადგილების უსაფრთხოება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა და ბავშვთა ქორწინება. გოგონების განათლების და ცოდნის ნაკლებობა ერთ-ერთი წინაპირობაა მათი ჩაგვრისა და კონფლიქტის განცდისთვის (Mlaba, 2022), რაშიც სოციალურ მუშაობას, განსაკუთრებით ფემინისტური (ასევე არაფემინისტური) პერსპექტივიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრია. კერძოდ, სოციალურ მუშაკს ინდივიდუალურ დონეზე უნდა ჰქონდეს ცოდნაც და შესაძლებლობაც, რომ სწორი და გადაუდებელი ინფორმაცია მიაწოდოს მომსახურების მიმღებს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისათვის, დააკავშიროს შესაბამის სპეციალისტებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისთვის და ა.შ. მაკრო დონეზე კი სოციალურ მუშაკს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენოს ბავშვთა და ქალთა საკითხები, რათა სახელმწიფოს მხარდაჭერით გატარებულ იქნას პრევენციული ღონისძიებები. გასათვალისწინებელია, რომ ომის პერიოდში შეუძლებელია მოწესრიგებულად, დროულად მსგავსი ღონისძიებების გადაუდებლად გატარება, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის. სოციალური მუშაკი შუალედური რგოლია, რომელსაც შეუძლია ერთმანეთთან დაკავშიროს ინდივიდი და სახელმწიფო სისტემები/მომსახურებები, რაც სწორად უნდა იყოს აღქმული სახელმწიფოთა მხრიდან ადამიანებისთვის დროული დახმარებისა და ბენეფიტების შეთავაზებისთავის. კიდევ ერთხელ გაზგასასმელია ქალებისა და გოგონების მიმართ ომის დროს გაზრდილი რისკ-ფაქტორები:
• მაღალი რისკია გენდერული ძალადობის – ქალები და გოგონები ომის პირობებში განიცდიან სექსუალური ძალადობის, ძალადობისა და წამების უპრეცედენტო მაჩვენებელს;
• კონფლიქტი აიძულებს ქალებისა და გოგონების ,,გასაგნებას“( objectification of women and girls), რადგან ისინი ხშირად განიხილებიან, როგორც ომის იარაღები, რომლებსაც იყენებენ ძალადობის ჩამდენები კონტროლის დასამყარებლად;
• მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული ლტოლვილების ნახევარზე მეტი ქალებისა და ბავშვებისგან შედგება (Mlaba, 2022). აღნიშნული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, დასაშვებია, რომ პრევენციულად ჯანმრთელობისა და სხვა საკითხების თეორიული ცოდნა, გარკვეულ პერიოდში, მინიმიზაციამდე დავიდეს ქალებისთვის, გოგონებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ხშირად აღქმულნი არიან სექსუალურ ობიექტებად, განსაკუთრებით ისეთ უკონტროლო პერიოდში, როგორიც ომია. ომის ორმაგი სტანდარტები, რომელსაც აქტიურად იყენებს ქვეყნების ნაწილი, მათ შორის რუსეთი, სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ ომის სტანდარტს, წესებს და ამავდროულად, ანადგურებს მილიონობით ადამიანის, განსაკუთრებით ქალების, გოგონების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, რაც ხანგრძლივად აისახება ადამიანთა ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხზე. სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივიდან, ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა მოითხოვს დამატებით კვლევებს, რათა მტკიცებულებებზე დაყდნობით იქნას შესწავლილი სოციალურ მუშაკთა ,,დროული და სწორი“ როლი ქალების, ბავშვების უფლებების დაცვისთვის და
ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის.


დასკვნა


ფემინისტური თეორიის შესწავლისა და ფემინისტურ პერსპექტივაში სოციალური მუშაობის როლის გაანალიზებით, ომის პერიოდში ქალთა საჭიროებებთან და მათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად განხილვასთან მიმართებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ პროფესიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალთა/გოგონათა გაძლიერებისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, რომლის პოლიტიკური დღის წესრიგში დაყენების უფლებაც და ვალდებულებაც აქვს სოციალურ მუშაკს. აქვე, როგორც უკვე ვახსენეთ, გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური კლიმატი და ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს/ხელს უშლის სპეციალისტს ქალთა/გოგონათა უფლებების დაცვაზე მუშაობისთვის.
ჩემი აზრით, არსებული ლიტერატურის განხილვის შედეგად, სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივის გათვალისწინებით, სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის საკითხის გაანალიზება, რადგან ომის პერიოდში და მას შემდეგაც იზრდება ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის ან/და სექსუალური შევიწროების განხორციელების რისკი: ,,ხშირად კაცების მიერ ომში განვლილი ტრავმები, დანაკარგი და აპათია, ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ომში ქალთა უფლებების და ინტერესების დაცვა მრავალშრიან გააზრებას და დაცვასსაჭიროებს“ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022). ომის პერიოდში ქალები/გოგონები განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგანან, რასაც ხსნის შემდეგი მტკიცებულებები: მაღალი რისკია გენდერული ძალადობის – ქალები და გოგონები ომის პირობებში განიცდიან სექსუალური ძალადობის, ძალადობისა და წამების
უპრეცედენტო მაჩვენებელს; კონფლიქტი აიძულებს ქალებისა და გოგონების ,,გასაგნებას“( objectification of women and girls), რადგან ისინი ხშირად განიხილებიან, როგორც ომის იარაღები, რომლებსაც იყენებენ ძალადობის ჩამდენები კონტროლის დასამყარებლად; მსოფლიოს კონფლიქტებთან დაკავშირებული ლტოლვილების ნახევარზე მეტი ქალებისა და ბავშვებისგან შედგება“ (Mlaba, 2022).
აღნიშნული ინფორმაციების გათვალისწინებით, ჩემი მოსაზრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიის განვითარებასთან ერთად ფემინისტური პერსპექტივის წინ წამოწევაც, რადგან ეს მიდგომა შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ქალებთან/გოგონებთან დაკავშირებული საკითხების ჰოლისტიკურ ჭრილში დანახვისათვის. ზემოთ აღნიშნული რისკები, რომლებიც ნათელია საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების ომის გამოცდილების ფონზე, საჭიროებს დამატებით შესწავლას და სპეციალისტების მიერ გადაჭრის/პრევენციული გზების დასახვისა და განხორციელებისთვის. სოციალური მუშაობის პრაქტიკაში არასათანადოდ შეფასებული რისკები დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ფუნქციონირებას და მათ ღირსეულ ცხოვრებას.
სოციალური მუშაობის პრაქტიკაში კი რისკების სათანადო შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დიდი რესურსის გაღება, მათ შორის სახელმწიფოს ნება და ინტერესი, შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შექმნისა და ადაპტირებისათვის. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნებში ხილვადი უნდა იყოს ყველა ქალი, როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო, რომლებიც შესაძლოა რიგი იდენტური და რიგი განსხვავებული სირთულეების წინაშე იდგნენ, რაც, რასაკვირველია დამატებით შესწავლას საჭიროებს სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში. აღნიშნულის ნათელსაყოფად, ნაშრომში განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბოლო წლების განმავლობაში დადებითად შეცლილია ქალთა რაოდენობრივი წარმომადგენლობა სამხედრო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე (Robinson & O’Hanlon, 2020). გასათვალისწინებელია, რომ ეტაპობრივი სტატისტიკური ცვლილება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალს კვლავ თანაბრად აქვს წვდომა სასურველ პროფესიასა და არჩევანზე ყველა ქვეყანაში. ჩემი აზრით, განხილული კვლევების გათვალისწინებით, საინტერესოა სამხედრო სამსახურში მყოფი ქალთა უფლებების დაცვისა და საჭიროებების დაკმაყოფილების პრაქტიკის შესწავლა, რათა ნათელი გახდეს, ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მდგომარეობის შესწავლის მაგალითზე, რამდენად არის გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემო. სოციალური მუშაობის ფემინისტურ პერსპექტივასთან მიმართებით, ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ომის პერიოდში, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და გადარჩენა, მათი დახმარება და მათთვის შესაბამისი პროფესიული გადაუდებელი მომსახურების გაწევა ერთ-ერთი მოწინავე საკითხია ქვეყნებისათვის. აღნიშნულთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ ,,ნებისმიერ კონტექსტსა და სიტუაციაში ქალები, მამაკაცები, გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარად განიცდიან დაუცველობას, უსაფრთხოების სფეროს უწყებებთან ისინი სხვადასხვაგვარად ურთიერთობენ და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზეც სხვადასხვაგვარად რეაგირებენ… …[ქვეყანაში] უსაფრთხოების სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის გადამწყვეტია უსაფრთხოების გენდერული განზომილებების აღიარება, ქალების, მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების განსხვავებულ საჭიროებათა გათვალისწინება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობა“ (ბასტიკი & დე ტორესი, 2010).
აღნიშნული ინფორმაციების გათვალისწინებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია ქალებისა და ბავშვების უშუალო ჩართვა ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება, როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ პროცესებთან უშუალო კავშირშია სოციალური მუშაობის პრაქტიკა, რადგან სწორედ სოციალური მუშაკები (სხვა დამხმარე პროფესიებთან ერთად) მუშაობენ მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე ინდივიდთა საჭიროებების მოწესრიგებისა და მათი პრობლემების პოლიტიკის დონემდე აყვანისათვის.
ჩემი აზრით, არსებულ ლიტერატურაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივის ჭრილში, საჭიროა ქალთა/გოგონათა საჭიროებების სრულფასოვნად შესწავლა, განსაკუთრებით ომის პერიოდში არსებული საჭიროებების, ასევე, ქალთა მიერ გაწეული ემოციური, ფიზიკური შრომის გადააზრება და შესაბამისი დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებაში.ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ფემინისტური სოციალური მუშაობა ქალებს/გოგონებს განიხილავს ჰოლისტიკურ ჭრილში არა მხოლოდ საჭიროებების დასაკმაყოფილებელ პირებად, არამედ როგორ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად, რომელთა ჩართულობა საჭიროა მშვიდობის დამყარებისთვის მიმდინარე პროცესებში. ქალების ,,ტრადიციული როლი“ ომში წარმოდგენილია მსხვერპლის სტატუსით, სექსუალური ძალადობა კი ხშირად ომის ,,ტაქტიკად“ არის ქცეული, რის გამოც ძალადობაგანცდილი ქალები/ბავშვები ხშირად განიცდიან სტიგმატიზაციას, გარიყვას საზოგადოებისგან. რუმინელი ლიბერალი ნორიკა ნიკოლაის მოხსენების თანახმად, ქალებს უფრო აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ კონფლიქტის გადაწყვეტაში, როგორც მშვიდობის შემქმნელები და გადარჩენილები და არა მსხვერპლები:,,ქალებს არ სურთ რომ იწოდებოდნენ მსხვერპლებად, მათ სურთ იწოდებოდნენ გადარჩენილ პირებად. მათ არ უნდათ, რომ ზემოდან უყურონ და მათ სურთ, რომ იყვნენ საზოგადოების მშენებლები“ (European Parliament, 2011).
აღნიშნული ლიტერატურის განხილვის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგი სწორად უნდა იქნას განსაზღვრული და მიმართული უნდა იყოს ქალთა/ბავშვთა გაძლიერებაზე, რადგან როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ისინი ხშირად მხოლოდ მსხვერპლის და არა გადარჩენილის სტატუსით განიხილებიან. შესაბამისად, როგორც ფემინისტურმა სოციალურმა მუშაობამ, ასევე სხვა დამხმარე პროფესიებმა შესაბამისი საქმიანობა ომის პერიოდში და მას შემდეგ, მნიშვნელოვანია განახორციელონ შესაბამისი პროფესიული ეთიკის დაცვით. აღნიშნულის ხელშეწყობასა და სათანადო მგრძნობელობის კლიმატის შექმნაში დიდი როლი აქვთ თავად სახელმწიფოებს, მათში არსებულ ინსტიტუტებსა და აღნიშნულზე შესაბამის პასუხისმგებელ პირებს.


ბიბლიოგრაფია


არჯევანიძე, ნ., & ჭანკვეტაძე, ნ. (2020). https://feminism-boell.org/. Retrieved from https://feminism-boell.org/ka/2020/12/24/kalebi-omis-dros-da-omis-shemdeg
ბასტიკი, მ., & დე ტორესი, დ. (2010). https://www.dcaf.ch/. Retrieved from https://www.dcaf.ch/sites/default/files/publications/documents/GEO_Tool%2013.pdf
სოციალური სამართლიანობის ცენტრი. (2022, მარტი 8). https://socialjustice.org.ge/. Retrieved from https://socialjustice.org.ge/ka/products/solidaroba-ukrainel-kalebs
ცქიფურიშვილი, ნ. (2020). https://feminism-boell.org/. Retrieved from https://feminismboell.org/sites/default/files/2021-01/ზურგის%20დიასახლისები0.pdf ATHENS CITY SCHOOL. (n.d.). https://www.athenscsd.org/. Retrieved from https://www.athenscsd.org/userfiles/37/Classes/970/feminist_criticism.pdf?id=2194#:~:text =Like%20feminism%20itself%2C%20feminist%20literary,reflects%20a%20particular%20 patriarchal%20ideology. Dominelli, L. (2002). www.gacbe.ac.in. Retrieved from https://www.gacbe.ac.in/images/E%20books/Feminist%20Social%20Work%20Theory%20 and%20Practice.pdf Enge , J. (2013). https://sophia.stkate.edu/. Retrieved from https://sophia.stkate.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1175&context=msw_papers European Parliament. (2011, ივნისი 15). https://www.europarl.europa.eu/. Retrieved from https://www.europarl.europa.eu/news/en/headlines/society/20110610STO21209/role-ofwomen-in-war Mlaba, K. (2022, მარტი 23). https://www.globalcitizen.org/. Retrieved from https://www.globalcitizen.org/en/content/women-and-girls-impacts-warconflict/#:~:text=These%20include%20genderbased%20violence,girls%20are%20impacted%20by%20conflict. Robinson, L., & O’Hanlon, M. (2020, მაისი). https://www.brookings.edu/. Retrieved from https://www.brookings.edu/essay/women-warriors-the-ongoing-story-of-integrating-anddiversifying-the-armed-forces/ Saulnier , C. (2008, ოქტომბერი 21). www.tandfonline.com. Retrieved from https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1300/J009v23n01_02 Social Sciences. (2021, თებერვალი 20). https://socialsci.libretexts.org/. Retrieved from https://socialsci.libretexts.org/Bookshelves/Sociology/Introduction_to_Sociology/Book%3 A_Sociology(Boundless)/11%3A_Gender_Stratification_and_Inequality/11.03%3A_Sociological_Perspectives_on_Gender_Stratification/11.3D%3A_The_Feminist_Perspective#:~:text
The Social Work Graduate. (2022, ოქტომბერი 1). https://www.thesocialworkgraduate.com/.
Retrieved from https://www.thesocialworkgraduate.com/post/feminist-social-work

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *