კოლექტიური დავა სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან”

გვსურს გაცნობოთ, რა ეტაპზე იმყოფება ჩვენი კოლექტიური დავა სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – პრობაციის სააგენტო).

⚖️ როგორც მოგეხსენებათ, პროფესიულ კავშირ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობდა კოლექტიური შრომითი დავა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან მხარეებს შორის ვერ შედგა შეთანხმება და მედიაციისთვის კანონით განსაზღვრული 21 კალენდარული დღე უშედეგოდ გავიდა.❗შესაბამისად, პროფესიული კავშირის წევრებს წარმოეშვათ გაფიცვის უფლება.

📍 თუმცა, კანონის თანახმად, იმისთვის რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში გაფიცვა დაიწყოს, აუცილებელია მინიმალური მომსახურების მოცულობის წინასწარ განსაზღვრა.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი სისტემის დაწესებულებები კი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება.

📩პროფესიულმა კავშირმა შესთავაზა სააგენტოს წარმოედგინა თავისი პოზიცია მინიმალურ მომსახურების მოცულობასთან დაკავშირებით, რაც სააგენტოს მიერ უპასუხოდ დარჩა. აღნიშნულის გამო კი იძულებულნი გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა.

🏛️ მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო და ორი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, ბოლო სხდომაზე მოსამართლემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აღნიშნული საქმის სასამართლოსადმი უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი, რის შესახებაც გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო.

📄 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით (№01-78/ნ), განსაზღვრულია, რომ მინიმალური მომსახურება და მასთან დაკავშირებული საკითხები – მათ შორის, რა რაოდენობის თანამშრომელი უნდა უზრუნველყოფდეს ამ მომსახურებას – უნდა შეთანხმდეს პროფესიულ კავშირსა და დამსაქმებელს შორის გაფიცვამდე. ეს შეთანხმება უნდა შედგეს იმ ეტაპზე, სანამ პროფესიული კავშირი მინისტრს წერილობით აცნობებს გაფიცვის დაწყების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

❗ მოცემულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, შესაბამისად სასამართლოა ერთადერთი ორგანო, რომელმაც აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს, რის გამოც ჩვენთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხი.

📍 რაც შეეხება სააგენტოს პოზიციას — მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პირველივე სხდომაზე ორივე მხარეს დაავალა საკუთარი პოზიციის წარმოდგენა მინიმალური მომსახურების შესახებ, სააგენტომ, როგორც დამსაქმებელმა, ამ დრომდე არ/ვერ წარმოადგინა თავისი პოზიცია მინიმალური მომსახურების შესახებ,. სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, მათ არ იციან თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სოციალური მუშაკების მიერ შესასრულებელ მინიმალურ მომსახურებად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, ორგანიზაციის მხრიდან სოციალური მუშაკების მნიშვნელობისა და მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს გაუთვითცნობიერებაზე.

⚠️ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სააგენტოს წარმომადგენლებმა სოციალური მუშაკების მიერ გაფიცვის ორგანიზება „მავნებლობად“ შეაფასეს — თითქოს თანამშრომლების მიერ საკუთარი შრომითი პირობების დასაცავად გადადგმული კანონიერი ნაბიჯი მავნებლურია. თუმცა მათივე ლოგიკით „მავნებლობას“ არ წარმოადგენს კადრების სიმცირის ფონზე 4 სოციალური მუშაკისა და 1 პროფესიული ზედამხედველის სამსახურიდან გათავისუფლება, მათი საქმეების სხვა სოციალურ მუშაკებზე გადანაწილება, ერთი სოციალური მუშაკისთვის საშუალოდ 100-ზე მეტი მიმდინარე საქმის დაკისრება და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევა.

⏳ აღნიშნული კოლექტიური დავა დეკემბრის ბოლოს კონკრეტული საჭიროებების გამო დავიწყეთ, უკვე 6 თვეა ვიმყოფებით წინასაგაფიცვო პროცესში და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შევძლებთ გაფიცვის უფლებით სარგებლობას.

ვთვლით, რომ ეს პრაქტიკა დასაქმებულთა ერთობის, სოლიდარობისა და ბრძოლის სურვილის მინელებას ემსახურება და ამ ეტაპზე ზღუდავს კანონით განსაზღვრული გაფიცვის უფლებით სარგებლობას.

✊ მიუხედავად ამისა, ჩვენი პროფესიული კავშირი ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და წევრთა მხარდაჭერას დასაქმების ადგილებზე. ვაცნობიერებთ, რომ პრობაციის სააგენტოს თანამშრომელთა კოლექტიური დავა, არა მხოლოდ მასში მონაწილეთათვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ქმნის უმნიშვნელოვანეს პრეცენდენდენტს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი სამსახურისთვის .