მედიატორთა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირების ერთობლივი განცხადება

2025 წლის 12 ნოემბერს  ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში და ფაქტრობრივად, უარს ამბობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც სახელმწიფომ წლების განმვალობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის გადადგა.

როგორც ინიცირებული კანონპროექტიდან ვიგებთ, 10 წლის ასაკიდან შესაძლებელი იქნება არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ხოლო განსაზღვრულ შემთხვევაში, მათი მოთავსება ინსტიტუციურ დაწესებულებაში (არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში). ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (მუხლი 40) საწინააღმდეგოდ, ინიციატივა უალტერნატივოდ განსაზღვრავს იმ 14-18 წლის ასაკის არასრულწლოვანის ინსტიტუციურ დაწესებულებაში მოთავსებას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რისი მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).

არასრულწლოვნებთან მომუშავე პროფესიების პერსპექტივიდან, ეს ცვლილებები რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს აჩენს. 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ ეტაპობრივად ჩამოაყალიბა აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელი, რომლის სივრცეში ბავშვის მიერ ჩადენილი დელიქვენტური/კანონსაწინააღმდეგო ქცევა აღიქმებოდა არა როგორც „დანაშაული, რომელიც დასასჯელია“, არამედ როგორც დაზიანებული ურთიერთობისა და ჩატეხილი სოციალური ბმის შედეგი, რომელსაც აღდგენა სჭირდება, მხარდაჭერის და საზოგადოებაში რეაბილიტაციის გზით.

ეს არის სისტემა, რომელიც საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ აშორებდა სასჯელზე ორიენტირებულ მიდგომას და აძლიერებდა პრევენციას, სოციალური პრობლემების ადრეულ გამოვლენასა და ბავშვთა მხარდაჭერას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დღესაც არსებობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია და მუშაობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციასა და სოციალიზაციაზე.

დაგეგმილი ცვლილებით სახელმწიფო უარს ამბობს ამ პროგრესზე.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით (ე.წ. პეკინის წესები) – იმ სამართლებრივ სისტემებში, რომლებიც აღიარებენ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობის ასაკის ცნებას, ასეთი ასაკის ქვედა ზღვარი არ უნდა დადგინდეს ძლიან ადრეულ ასაკში ემოციური, გონებრივი და ინტელექტუალური მოწიფულობის ფაქტის გათვალისწინებით.

ბავშვებთან მომუშავე პროფესიების საუკეთესო პრაქტიკა ხაზგასმით ამბობს, რომ პასუხისგებლობის ასაკის დაწევა დაუშვებელია, რადგან ამ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ ემოციურ, გონებრივ და სოციალური განვითარების იმ დონეს, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამართლებს.

არასრულწლოვანის ინსტიტუციურ სისტემაში მოხვედრას (დაპატიმრება, იზოლაცია, დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა) მრავალი, კვლევებით დადასტურებული, უარყოფითი შედეგი აქვს.

ბავშვი ინსტიტუციას ხშირად აღიქვამს როგორც საფრთხის, კონტროლისა და დაბლოკილი განვითარების სივრცეს. ინსტიტუციურ სისტემაში მოხვედრა ქმნის ე.წ. „ლეიბელინგის/ეტიკეტირების ეფექტს“ – ბავშვი იწყებს საკუთარი თავის აღქმას იმ როლით, რომელსაც სისტემა აძლევს – ‘დამნაშავე’, რაც მას უბიძგებს იცხოვროს ‘დამნაშავის’ როლით. 

კვლევები აჩვენებს, რომ ინსტიტუციური სისტემები არ ამცირებენ, არამედ ხშირად ზრდიან ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის ალბათობას. მეტიც, ინსტიტუცია ქმნის ბავშვების მიერ ერთმანეთისთვის კრიმინალური ქცევის მოდელების გაზიარების სივრცეს.

კიდევ უფრო სავალალოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არასრულწლოვანს დახურულ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ უვითარდება. 2010 წელს ავჭალის სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების კვლევა აჩვენებს, რომ ინსტიტუციაში მოხვედრილი ბავშვების 71%-ს აღმოაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა და გაუჩნდა დამოკიდებულება ნივთიერებების მიმართ.

აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელი მრავალ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი განრიდებისა და მედიაციის პროგრამას უკავია, რომელიც წლებია წარმატებით ხორციელდება და მრავალ ახალგაზრდას ცხოვრების დაწყების ახალი შანსი მისცა. განრიდება-მედიაცია ბავშვებს აძლევს საშუალებას, გაიაზრონ ჩადენილი დანაშაულის არსი, შეხვდენ დაზარალებულს და გაიგონ, რა ზიანი გამოიწვია მათმა ქმედებამ და [სასჯელის გარეშე] აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებაზე. მულტიუწყებრივი და მრავალდარგობრივი გუნდი – სოციალური მუშაკი, მედიატორი, ფსიქოლოგი, პროკურორი – ერთობლივად აფასებენ ბავშვის რისკებსა და რესურსებს, ქმნიან არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გეგმას და სთავაზობენ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს. 

ცვლილებები, ფაქტობრივად, არასრულწლოვანს უკარგავს შესაძლებლობას, ჩაერთოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში, თუ მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და გააგრძელოს საზოგადოებაში თანაცხოვრება ნასამართლეობისა და დამნაშავის იარლიყის გარეშე.

🔴 სისტემური ცვლილებები, რომლებიც წინ უძღოდა ამ კანონპროექტს

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის ასეთ გაუარესებას წინ უძღვოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე კრიტიკული რგოლის – სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და ფსიქოლოგების  მასობრივი შემცირება.

2025 წლის 1 იანვრიდან – სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირველ რიგში სწორედ ეს სამი პროფესიული ჯგუფი გაათავისუფლეს, რომლებიც არასრულწლოვანთან  პირდაპირ მუშაობდნენ და რეალურად უზრუნველყოფდნენ შეფასებას, მხარდაჭერასა და პრევენციას.

ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ სისტემა პრევენციაზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე ორიენტირებული მოდელიდან გადადის უფრო რეპრესიულ მიდგომაზე.

გარდა ამისა, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მეტად მაღალია რისკი, რომ შემდგომ ეტაპებზე შემცირება შეეხოს სხვა პროფესიონალებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც უშუალოდ იყო ჩართული განრიდებისა და მედიაციის მექანიზმებში და მუშაობდა მრავალდარგობრივი მიდგომით.

ამდენად, საქართველოს მედიატორთა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირები მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს, 

  • უარი თქვას ინიცირებული კანონპროექტის მიღებაზე; 
  • მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების/განხილვისას უზრუნველყოს დარგის ექსპერტებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ჩართულობა, მათი აზრის მოსმენა და გადაწყვეტილების პროცესში ასახვა.

აღმასრულებელ ხელისუფლებას,

  • ინსტიტუციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის შექმნაში გასაწევი ფინანსური რესურსი მომართოს დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებასა და არსებული რეფერირების ცენტრის გაძლიერებაზე;
  • უზრუნველყოს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უწყვეტი გადამზადება