დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი სოციალურად აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობა კანონით სახალხო დამცველს დაეკისრა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება კანონის ეფექტიანობას და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას, რის საფუძველზეც პარლემენტში წარადგენს შეფასებით ანგარიშს.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, არამედ საჯარო მიზანი და გამოწვევაა. საზოგადოებაში თანასწორობის უფლების უზრუნველსაყოფად არაერთი სამთავრობო სტრუქტურა და არასამთავრობო სექტორია ჩართული, თუმცა უპირველეს ყოვლისა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იწყება. ამ მხრივ კი სოციალური მუშაკების პოტენციალი და როლი საკმაოდ დიდია. წინამდებარე სტატია ეთმობა სწორედ სოციალური მუშაკების როლსა და შესაძლებლობებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აღნიშნული საკითხი სტატიაში განხილული და წარმოდგენილია პირადი გამოცდილებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავების საფუძველზე.
სტატიის მიზანია მკითხველს გააცნოს ადაპტური ენით დისკრიმინაციის მნიშვნელობა. საკითხის უკეთ აღსაქმელად წარმოდგენილია რამდენიმე სიტუაციური მაგალითი, რომელიც ნებისმიერ პირს შესაძლოა შეემთხვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, სტატიაში განხილულია სოციალური მუშაკების როლი და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. სტატიაში წარმოდგენილია სოციალური მუშაკების სხვადასხვა როლები და ფუნქციები, რომლებსაც პრაქტიკული სამუშაოების დროს იყენებენ. ასევე, ხაზგასმულია რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად კარგად იქნას დანახული სოცალური მუშაკის როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ბლოგში განხილული საკითხები საინტერესო იქნება როგორც სოციალური მუშაკებისათვის, ასევე, ნებისმირი პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია დისკრიმინაციის საკითხით ან/და ჩართულია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
ძირითადი საძიებო სიტყვები: სოციალური მუშაკი, დისკრიმინაცია, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, თანასწორობა.
რისი გაკეთება შეუძლია ინდივიდუალურ სოციალურ მუშაკს პრაქტიკული საქმიანობის დროს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში
სოციალური მუშაობა საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფას ემსახურება და სწორედ ამიტომ, სოციალური მუშაკების საქმიანობის ნაწილი იმ ადამიანებისა და ჯგუფების დახმარებაა, რომლებიც გარკვეული სოციალური უთანასწორობისა და ბარიერების წინაშე დგანან. საზოგადოებაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში სოციალური მუშაკების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და პრინციპი დისკრიმინაციის აკრძალვის ხელშეწყობაა, რაც ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად გაწერილია საქართველოს კანონში “სოციალური მუშაობის შესახებ” (მუხლი 8).
საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, რომელიც არეგულირებს თითოეული პირისათვის საზოგადოებაში თანასწორობის უფლების დაცვასა და დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
სახელმწიფოში თითოეული პირისათვის თანასწორობის უფლების დასაცავად აუცილებელი პირობა დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მისი გამოვლენა და მასთან ბრძოლაა. შესაბამისად, თანასწორობის უფლების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფოში არსებობდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნვეყოფს დისკრიმინაციის იდენტიფიცირებას, პრევენციასა და დაზარალებულის სათანადო მხარდაჭერას. ამ პროცესში სოციალურ მუშაკებს დიდი პოტენციალი აქვთ სხვა სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობით.
საკითხის არსის უკეთ აღსაქმელად, რა არის დისკრიმინაცია და რა როლი აქვთ სოციალურ მუშაკებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში?
სიტყვა დისკრიმინაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან – discriminis, რაც ნიშნავს განცალკევებას. ქმედება, რომელიც განმასხვავებელი კრიტერიუმების გამოყენებით გამოარჩევს და არასახარბიელო სიტუაციაში ამყოფებს პირს. შესაბამისად, დისკრიმინაცია არის პროცესი, როდესაც განმასხვავებელი კრიტერიუმები პიროვნებას უქმნის საზღვრებს და სოციალური გარიყულობის შეგრძნებით ამყოფებს დამამცირებელ სიტუაციაში. დისკრიმინაციის დროს ადამიანებს ვასხვავებთ იმ ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ნიშნების საფუძველზე, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. ეს შეიძლება იყოს რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა კატეგორიების მიხედვით.
დისკრიმინაცია თავისი არსით მჭიდროდ არის დაკავშირებული იდენტობასთან. თითოეული ჩვენგანი საკუთარი პიროვნების შეცნობის პროცესში თავს ვაიგივებთ სხვადასხვა ჯგუფებთან. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავადობის შეგრძნების პროცესში ინდივიდი თავისუფალია ინტეგრირდეს სხვადასხვა სოციალურ როლებთან, მისი მიკუთვნებულობა კონკრეტული ჯგუფებისადმი ზოგჯერ განხილვის საგანი ხდება და საზოგადოების გარკვეულ წევრებში წარმოშობს სიძულვილსა და ძალადობას. ამ დროს თავს იჩენს დისკრიმინაცია, რომელიც თანასწორობის პრინციპის დარღვევა და დანაშაულია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კი კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას.
მაგალითების საფუძველზე დისკრიმინაცია ასე გამოიყურება, დისკრიმინაციაა თუ:
- გასართობ სივრცეში არ შეგიშვეს იმის გამო, რომ ფერადკანიანი ხარ;
- რელიგიური მიკუთვნებულობის გამო არ გაქვს ლოცვის საშუალება;
- დასაქმების ადგილზე ერთსა და იმავე პოზიციაზე მამაკაცს უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ქალს;
- სახლის მეპატრონე არ გთანხმდება სახლის დაქირავებაზე ეროვნების გამო;
- დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, სამსახურში კონტრაქტი არ გაგიგრძელეს;
- ერთადერთი მიზეზი რის გამოც სამსახურში არ აგიყვანეს, სექსუალური ორიეტნაციაა და ა.შ.
დღესდღეობით, მზარდი კულტურული და სოციალური ჰეტეროგენურობის გამო, საზოგადოების ჩაგვრისა და გარიყულობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა სოციალური პრობლემებისა და ბარიერების აღმოსაფხვრელად, საქმიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მიმართ სენსიტიურობის აუცილებლობაა. სწორედ ამიტომ, სოციალურ მუშაკებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და პრაქტიკული საქმიანობისას ისინი მაქსიმალურად უნდა დაფიქრდნენ საკუთარ კულტურულ და სოციალურ შეხედულებებზე.
პირველ რიგში, პრაქტიკული მუშაობისას მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის კულტურული კომპეტენცია. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია ყველა კულტურისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებების ცოდნა, თუმცა სოციალურ მუშაკს აქვს მზაობა და უნარი, ბენეფიციარის პერსპექტივიდან შეისწავლოს სიტუაცია და ობიექტურად გამოიყენოს მოგროვებული ინფორმაცია საქმეზე შემდგომი რეაგირების მიზნით. შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობისას მნიშვნელოვანია რელევანტური და სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებით საუბარი ბენეფიციართან, ვინაიდან სტიგმატიზებული ტერმინების გამოყენებამ ან/და კულტურულ კონტექსტში ქმედებათა გაცნობიერების ნაკლებობამ შეიძლება გააძლიეროს დისკრიმინაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით პროგრესული ნაბიჯებია გადადგმული უფლებების თანასწორობისა და შესაძლებლობების ბალანსის აღსადგენად, სახელმწიფოები კვლავ ცდილობენ ეფექტური პოლიტიკის გატარებას დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იწყება. ამ მხრივ სოციალური მუშაკების პოტენციალი და როლი საკმაოდ დიდია. მათ აქვთ რესურსი და ცოდნა სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ბავშვებთან ჩაატარონ არაფორმალური სახის შეხვედრები და ტრენინგები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დაამზადონ საინფორმაციო ბროშურები, მონაწილეობა მიიღონ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ კამპანიებში, მსვლელობებში და ა.შ.
თანასწორობის უფლების უზრუნველსაყოფად და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, აუცილებელია სახელმწიფოში არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დანაშაულის იდენტიფიცირებასა და მსხვერპლთა დაცვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელშიც სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, არის კვლევაზე დაყრდნობით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკების როლის წარმოჩენასა და მათ აქტიურ ჩართულობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. გარდა ამისა, სოციალურ მუშაკებს შეუძლიათ შეიმუშაონ პრობლემის აღმოსაფხვრელად მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული სტრატეგიები, ანტი-დისკრიმინაციული პრაქტიკის ინსტრუმენტები და რაც მთავარია, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში სოციალურ მრავალფეროვნებას.
ამასთანავე, სოციალური მუშაკები დიდ რესურსსა და ძალისხმევას ხარჯავენ როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლი პირის ადვოკატირების პროცესში, ასევე, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ რეგულაციებთან, სერვისებთან და რესურსებთან დაკავშირებით. ხშირად პირს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია, გააანალიზოს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია. ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ, სოციალური მუშაკების ჩართულობით ხდება ფაქტის გამოვლენა და იდენტიფიცირება.
სოციალური მუშაკების როლი განუყოფელია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესისგან. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ თანასწორობის უფლების ხელშეწყობას. თუმცა ამ პროცესში სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობისა და სახელმწიფო რეგულაციების ეფექტიანი გამოყენების პარალელურად, მნიშვნელოვანია სხვა პროფესიის ადამიანებმა, საჯარო მოხელეებმა აქტიურად ითანამშრომლონ სოციალურ მუშაკებთან ბენეფიციართა ინტერესებისა და უსაფრთოების გათვალისწინებით, რათა ეფექტურად და სრულყოფილად მოხდეს დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვა და გაძლიერება. სოციალური მუშაკების როლის მნიშვნელოვნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დღითი დღე იზრდება, რაც ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ბიბლიოგრაფია
center, s. w. (2018). The Social Work Social Justice Policies In The United States. ბმული
Hosken, N. (2013). Social Work Supervision and Discrimination. Deakin University.
M. TCHOLAKOVAa, V. S. (2014). Anti-discriminatory representations in social work. Prague: IAC-SSaH.
map, s. w. (2021, 09 16). Practicing Anti-Racism in Social Work: A Guide. ბმული
პარლამენტი, ს. (2014 წლის 05 07). დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ბმული
პარლამენტი, ს. (2018 წლის 29 06). სოციალური მუშაობის შესახებ. ბმული
სტატიის ავტორი: თამუნა გულისაშვილი
სტატია მომზადებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით”. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის შეხედულებებს.
No Responses